Sunday, November 11, 2012

ფორმულა 1 „კოკა-კოლას“ მოლოდინშია

Coke would tackle F1 with energy drink - Ecclestone
11 ნოემბერი
ბერნი ეკლსტოუნი ამბობს, რომ თუ „კოკა-კოლა“ ფორმულა ერთში მოსვლას გადაწყვეტს, მისთვის უმჯობესი იქნება, თუ ამას არა საკუთარი ბრენდით, არამედ მის ჯგუფში შემავალი, ენერგეტიკული სასმელის მწარმოებელი რომელიმე ბრენდით გააკეთებს. ასე უფრო მიზანმიმართულ კონკურენციას გაუწევს „რედ ბულს“.
ამ სეზონის მსვლელობისას, პრესაში არაერთხელ გაჩნდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ჩვენს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახელი, როგორიცაა „კოკა-კოლა“, ფ1-ით დაინტერესდა. უფრო მეტიც, ბევრი რეპორტიორი დარწმუნებით აცხადებდა, რომ „კოკა-კოლა“ „მაკლარენთან“ პარტნიორობითაა დაინტერესებული და მალე ბრიტანული გუნდის ტიტულოვანი სპონსორის რანგში, სატელეკომუნიკაციო გიგანტ „ვოდაფონს“ ჩაანაცვლებს.

„კოკა-კოლას“ შესახებ გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე, ეკლსტოუნმა შემდეგი პასუხი გასცა: „კოკა-კოლას“ პრეზიდენტი ჩემი ძალიან ახლო მეგობარია, მაგრამ მარკეტინგის შეფი ყოველთვის იმეორებს ხოლმე, რომ ფორმულა ერთი მათთვის კარგი არაა. მაგრამ თუ ისინი მაინც გადაწყვეტენ დაწყებას, ჩემი აზრით უმჯობესი იქნება, თუ ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელ რომელიმე ბრენდს წარმოაჩენენ და არა „კოკას“.
რაც შეეხება ასეთ ბრენდებს, „კოკა-კოლას“ ოჯახში რამდენიმე კომპანია შედის, რომლებიც ენერგეტიკული სასმელების წარმოებაზეა სპეციალიზებული. მათ შორის კი ყველაზე გამორჩეული „რელენტლესია“ (დაუღალავი). თუმცა, ბერნი „კოკა-კოლას“ აფრთხილებს: „თავიდანვე „რედ ბულს“ ნუ გაეჯიბრებით“!

No comments:

Post a Comment