Tuesday, November 6, 2012

ფეტელს გაუმართლა


Rivals say Sebastian Vettel was lucky in Abu Dhabi Grand Prix
6 ნოემბერი
სებასტიან ფეტელის მეტოქეები თვლიან, რომ მსოფლიო ჩემპიონს ძლიერ გაუმართლა, რომ სტარტის პიტლაინიდან აღების მიუხედავად, ფინიშთან მაინც მესამე მივიდა. „რედ ბულის“ პილოტმა რბოლის მსვლელობისას გასწრების რამდენიმე შესანიშნავი მანევრი შეასრულა, თუმცა იღბლის გარეშე, კვარცხლბეკზე მისი ასვლა მაინც შეუძლებელი იქნებოდა.

„მაკლარენის“ შეფ მარტინ უიტმარშის თქმით, ფეტელს წინსვლაში იმ ფაქტმაც შეუწყო ხელი, რომ რბოლისას, უსაფრთხოების მანქანა ტრასაზე ორჯერ გამოვიდა. მისი თქმით, გერმანელი მრბოლის წარმატებული გამოსვლა, მარტო მისმა და მისი მანქანის შესანიშნავმა მუშაობამ არ განაპირობა.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვას, ხომ არ გაუკვირდა, რომ ფეტელმა მისი გუნდის დამარცხება შეძლო, უიტმარშმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, მაგრამ ვფიქრობ, მას გაუმართლა, რომ ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა ორჯერ გამოვიდა. ამან ყველაფერი აურია და ამით ყველაზე უკეთ სებასტიანმა ისარგებლა. რამდენიმე სწრაფ მანქანას პიტსტოპებით გაასწრო, ზოგიც რბოლას გამოეთიშა. ვფიქრობ, უსაფრთხოების მანქანის ორჯერ გამოსვლას არავინ ელოდა. ფაქტია, ისინი მას დაეხმარნენ და მანაც ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ჩემი აზრით, ამ რბოლაში მას ძალიან გაუმართლა“.
„ფერარის“ შეფი სტეფანო დომენიკალი თვლის, რომ ფეტელს ჯერ არ გაუმართლა, შემდეგ კი იღბალი მისკენ შეტრიალდა. არ გაუმართლა, როდესაც პელოტონის ბოლოში დააყენეს (სტარტი პიტლეინიდან აიღო, რადგან რბოლამდ „რედ ბულმა“ მანქანის პარამეტრები შეცვალა):
„მან შესანიშნავი რბოლა ჩაატარა და როგორც ყოველთვის, ზღვარზე აწვებოდა. მას ჰქონდა მომენტები, როდესაც არ უმართლებდა, ან უმართლებდა. გააჩნია, ყოველივეს რა კუთხით შეხედავთ. ეს თამაშის ნაწილია. ერთხელ, უსაფრთხოების მანქანა ხელსაყრელ მომენტში გამოვიდა. ეს ისაა, რომელსაც ვერასდროს გააკონტროლებ. მან შეძლო და მას შემდეგ, რაც სტარტი ბოლოდან აიღო, ფინიშს მესამეზე მიაღწია. ასე რომ, შესანიშნავი რბოლა ჩაატარა“.
ამასთან, დომენიკალის თქმით, რომ აბუ დაბის რბოლა იმაზე მეტყველებს, რომ ამ სეზონში ჯერ კიდევ ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. შეგახსენებთ, რომ ფეტელი 10 ქულას უგებს მის უახლოეს მდევარ ფერნანდო ალონსოს.
„ათი ქულა ბევრია, მაგრამ შეიძლება უცებ გაბათილდეს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა მოხდება რბოლაში. არაერთხელ ვნახეთ, რომ რბოლები მოულოდნელობებითაა სავსე. ბოლო მომენტშიც კი შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რომ ყველაფერი შეცვალოს. ეს ჩვენზე არაა დამოკიდებული და თუ შანსი მოგვეცა, ის აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ“.

No comments:

Post a Comment