Tuesday, November 6, 2012

„ლოტუსი“: მიუშვი კიმი ნებაზე და მოიგებს

Lotus believes letting Raikkonen focus on racing key to his success
5 ნოემბერი
„ლოტუსში“ დარწმუნებულები არიან, რომ ფორმულა ერთში დაბრუნებული კიმი რაიკონენის წარმატების გამოცანა, მისთვის თავისუფლების მაღალი ხარისხის მინიჭებაშია. მთავარია, მას ისეთი ატმოსფერო შეუქმნა, რომ მხოლოდ რბოლებზე იფიქროს და წარმტებას აუცილებლად მიაღწევს, - დარწმუნებულია „ლოტუსის“ შეფი ერიკ ბუიე.

რაიკონენმა „ლოტუსთან“ კონტრაქტი აბუ დაბის ეტაპის წინ გააფორმა, რის შემდეგაც არაბულ დიდ პრიზს დაეუფლა. ეს მისი პირველი გამარჯვებაა 2009 წლის ბელგიის დიდ პრიზზე ტრიუმფის შემდეგ. ბუიე თვლის, რომ ფინელი მრბოლის ფ1-ში წარმატებულად დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ისაა, რომ მას მოქმედების თავისუფლება მიანიჭეს.
ჟურნალ „ავტოსპორტის“ კითხვაზე, ხომ არ არის რაიკონენის წარმატების მიზეზი „ლოტუსის“ და პილოტის თავისუფალი დამოკიდებულება, ბუიე პასუხობს: „ეს მას უნდა ჰკითხოთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასეა. ეს ისაა, რასაც მასთან ურთიერთობის დაწყებიდან ვცდილობდი. კიმის პირველად ჩემს ოფისში შევხვდი და ჩვენ ორი საათი ვისაუბრეთ. მაშინვე მივხვდი, რომ ამ ადამიანის სტიქია, რბოლა და გამარჯვებაა. ასევე უნდა იცოდე, რომ მისი განრიგი მუდმივი არაა და ის რეგულარულად შეიძლება იცვლებოდეს“.
ბუიე დარწმუნებულია, რომ მისი საჯინიბოს მომავალი კიდევ უფრო უკეთესი იქნება, ვიდრე ამ სეზონში იყო. „მთავარი ისაა, რომ ჩვენი ურთიერთობა დალაგდა. ჩვენ ერთმანეთთან ურთიერთობის გამოცდილება მივიღეთ. ერთი მხრივ, ჩვენ ეს სეზონი ორი ახალი მრბოლით დავიწყეთ, რაც სირთულეებთანაა ხოლმე დაკავშირებული. მთავარი სირთულე კი ურთიერთობაა. მეორე მხრივ, დროთა განმავლობაში, ახალი ურთიერთობა კალაპოტში დგება. ამ სეზონის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავრწმუნდით, რომ აღმავლობას ჩავარდნა შეიძლება მოჰყვეს. და როდესაც სტაბილურობას მიაღწევ, ყველაფერი თავის ადგილზე დგება. ამჟამად, კიმი კვალიფიკაციასა და რბოლაში ერთნაირად სწრაფია და ესაა წარმატების მთავარი გასაღები“, - დასძენს ბუიე.

No comments:

Post a Comment