Monday, July 6, 2009

კრაისლერი PT კრუიზერის წარმოებას გააგრძელებს

Chrysler PT Cruiser

6 ივლისი

უკვე ცხრა წელია, რაც ”კრაისლერი” რეტრო-სტილის უნივერსალ ”PT კრუიზერს” აწარმოებს. თავიდან ეს უცნაური გარეგნობის ავტომობილი ავტომოყვარულებმა სწრაფად შეიყვარეს და ეს მის პოპულარობაზეც აისახა, მაგრამ დროთა განმავლობაში ავტომობილი მოძველდა და მისი გაყიდვებიც შემცირდა. მერე კი, ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელობამ ”PT კრუიზერის” განახლება ზედმეტ ფუფუნებად მიიჩნია და ავტომობილს ვერდიქტად წარმოების შეწყვეტა გამოუტანა.

”კრაისლერის” ტოლუკას (მექსიკა) ქარხანას ”PT კრუიზერის” წარმოება ამ ზაფხულს უნდა შეეწყვიტა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ამერიკული კომპანია გაკოტრდა და ის იტალიურმა ”ფიატმა” გამოისყიდა, გეგმები რადიკალურად შეიცვალა. კომპანიის ახალმა აღმასღულებელმა სერჯო მარკიონემ, ვისაც იმავდროულად, ტურინულ კომპანიაშიც იგივე თანამდებობა უკავია, ”PT კრუიზერის” წარმოების მინიმუმ ერთი წლით გახანგრძლივება გადაწყვიტა.

წარმოების პირველ წლებში, ”PT კრუიზერი” იმდენად პოპულარული იყო, რომ ”კრაისლერი” მის წარმოებას ვერ აუდიოდა, დილრები კი, როცა იცოდნენ, რომ ამ ავტომობილზე მზარდი მოთხოვნილების დაკმაყოფილება შეუძლებელი იყო, მის ფასს ხელოვნურად ზრდიდნენ.

რეტრო ავტომობილის გაყიდვების პიკი 2001 წელს დაფიქსირდა, როდესაც 144 717 ცალი ”PT კრუიზერი” გაიყიდა. შარშან გაყიდვები 50 910-მდე შემცირდა, წელს კი ჯერჯერობით მხოლოდ 8 591 ცალია გაყიდული. ცხრა წლის განმავლობაში, ”PT კრუიზერს” მოდიფიკაცია (მინიმალური) მხოლოდ ერთხელ, 2006 წელს ჩაუტარდა.

ესოდენ ძველი ავტომობილის ბაზარზე დატოვებას ბევრი გაუმართლებელ ნაბიჯად მიიჩნევს, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ამ ეტაპზე, ”PT კრუიზერის” რეკლამირებისთვის ცენტიც აღარ იხარჯება და რაც უფრო მნიშვნელოვანია, წარმობისთვის მისი მომზადების ხარჯები მთლიანად დაფარულია. ამდენად, ავტომობილის საწარმოო თვითღირებულება მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მისი ნებისმიერი რაოდენობით გაყიდვას კომპანიისთვის მოგების მეტი არაფერი მოაქვს.

და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მარკიონე ”PT კრუიზერის” თავგამოდებული ფანი ყოფილა. მაშ იქნებ, მან მეორე თაობის მოდელის გამოშვებაც გადაწყვიტოს...

”ფოლკსვაგენს” მოდელ Up!-ის წარმოება 900 ევრო დაუჯდება

Volkswagen Up!

6 ივლისი

როგორც ჩანს, ”ფოლკსვაგენმა” ყველაზე უკეთ იცის, როგორ გაუმკლავდეს კრიზისს. იმ დროს, როდესაც მისი კონკურენტები, ხარჯების შესამცირებლად, ქარხნებს აჩერებენ და ხურავენ, თანამშრომლებს სამუშაოდან ითხოვენ და შემცირებული მოთხოვნის გამო, წარმოების მოცულობასაც კვეცენ, ”ფოლკსვაგენი” სულ სხვა გზას ირჩევს - თავის ახალ ავტომობილს, რომელიც კონცეპტუალურობისას, საზოგადოებას Up!-ის (სურათზე) სახელით გააცნო, ინდოეთში გამოუშვებს.

იქ თითოეული ავტომობილის დამზადება დაახლოებით 900 ევრო დაჯდება, ევროპაში კი ისინი დაახლოებით 9 000 ევროდ გაიყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახალხო ავტომობილების მწარმოებელი, ამ ციცქნას მეშვეობით, უზარმაზარ მოგებას მიიღებს.

მთელ ამ ვარაუდებს ინგლისური გამოცემა ”აუტოქარი” გვთავაზობს, რომელიც დასძენს, რომ ”ფოლკსვაგენი” წლიურად 1.4 მილიონი Up!-ის წარმოებას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ავტომობილს ინდოეთის გარდა, სხვა ქვეყანაშიც, კერძოდ კი სლოვაკეთშიც (ბრატისლავაში) გამოუშვებენ.

სლოვაკური საწარმო ამ ეტაპზე ”ფოლკსვაგენ ტუარეგისა” და ”აუდი Q7-ის” წარმოებითაა დაკავებული, თუმცა ამ ორ მსხვილგაბარიტიან უგზოობის მოდელზე მოთხოვნა ძლიერაა შემცირებული, რის გამოც, ქარხნის სიმძლავრე მინიმალურადაა ათვისებული. ამდენად, იქ სხვა მოდელის წარმოებაც შესაძლებელია. უფრო მეტიც, აპრილში კომპანიის ხელმძღვანელობამ გამოაცხადა, რომ ევროპის ტერიტორიაზე Up!-ის წარმოებისთვის ყველაზე ხელსაყრელი ადგილი სლოვაკური ქარხანაა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ ამ ქარხანაში წარმოებული Up!-ის თვითღირებულება ინდურისაზე გაცილებით მეტი იქნება.

”ფორდის” ყოფილი პრეზიდენტი რობერტ მაკნამარა 93 წლისა გარდაიცვალა

6 ივლისი

გუშინ, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა ”ფორდის” ყოფილი პრეზიდენტი და აშშ-ის ყოფილი თავდაცვის მდივანი რობერტ მაკნამარა. შარშანდელს შემდეგ, რაც დაეცა და ხერხემლის მალა გაებზარა, მაკნამარა გადაადგილებას გაჭირვებით ახერხევდა. მეუღლის თქმით, მას არ უავადმყოფია და სიბერით, ძილში გარდაიცვალა.

მაკნამარას განათლება ბერკლისა და ჰარვარდში ჰქონდა მიღებული. ”ფორდში” მუშაობის დაწყებამდე, მეორე მსოფლიო ომის დროს, აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალებში იმსახურა, 1946 წელს კი ჰენრი ფორდ მეორემ ის ათ ნიჭიერ ახალგაზრდა ინჟინერთან (თავად მაკნამარა ეკონომისტი, მათემატიკოსი და ფილოსოფოსი იყო) ერთად, თავის კომპანიაში მიიწვია. იმავე წელს, კომპანიამ კრიზისი დაძლია და მომგებიან ბიზნესზე გადავიდა.

1955 წელს მაკნამარა ”ფორდ დივიჟნის” გენერალური მენეჯერი გახდა. ამ პოსტზე მუშაობისას, მისი ინიციატივით, ორადგილიანი, არაპოპულარული მოდელი ”თანდერბირდი” ოთხადგილიანად გადაკეთდა და მაშინვე უამრავი მყიდველი მიიზიდა. ერთ წელიწადში იმაზე მეტი ოთხადგილიანი ”თანდერი” გაიყიდა, ვიდრე წინა წლებში, ერთად აღებული. ორი წლის შემდეგ, მაკნამარა ”ფორდის” ჯგუფის აღმასრულებელი და კომპანიის ვიცე პრეზიდენტი გახდა. სწორედ იმ წელს, ”ცისფერმა ოვალმა”, ბოლო 22 წელიწადში პირველად, გაყიდვებში უკან ”შევროლე” ჩამოიტოვა.

1960 წლის ნოემბერში, მაკნამარა ”ფორდ მოტორის” პრეზიდენტი გახდა, თუმცა ამ პოსტზე სულ ერთი თვე იმუშავა, რადგან მალე პრეზიდენტმა კენედიმ თავისი კაბინეტის თავდაცვის მდივნად მიიწვია. ამ პოსტზე კი მან 8 წელი იმუშავა და ის მაშინაც ეკავა, როდესაც თეთრი სახლის მასპინძელი ლინდონ ჯონსონი იყო.

მაკნამარას მიაჩნდა, რომ საავტომობილო ბიზნესში, უშუალოდ პროდუქციაზე მნიშვნელოვანი საბაზრო კვლევები იყო. ამგვარი ფილოსოფიის ერთ-ერთი პირველი განხორციელება ოთხადგილიანი ”თანდერბირდი” გახდა.

2003 წლის ინტერვიუში, მაკნამარამ განაცხადა, რომ მას ასევე სურდა, რომ ავტოინდუსტრიის ისტორიაში უსაფრთხოების სტანდარტების დამამკვიდრებლის სახელითაც შესულიყო. მძღოლებისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა მან ჯერ კიდევ 1956 წელს გამოავლინა, რის შემდეგაც, ანალოგიური ასპექტის გათვალისწინება სხვა კომპანიებმაც დაიწყეს.

ფეტელი საშინაო რბოლისთვის განეწყო

Formula 1

6 ივლისი

”რედ ბულის” გერმანელ სებასტიან ფეტელს სჯერა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გერმანული ეტაპისთვის კიდევ უფრო გაუმჯობესებული ბოლიდი და შინაური ტრასის უპირატესობა, მას ზედიზედ მეორე გამარჯვებას მოაპოვებინებს. მიუხედავად იმისა, რომ სილვერსტოუნზე ”რედ ბული” უკონკურენტო იყო, ნურბურგრინგზე ჩემპიონატის ლიდერ ”ბრაუნ GP-სა” და მისი ბრიტანელი პილოტის, ჯენსონ ბატონისგან მაინც მედგარი წინააღმდეგობაა მოსალოდნელი. მითუმეტეს, ნურბურგრინგის რთული მოსახვევები უკეთ სწორედ ”ბრაუნის” ბოლიდებს შეეფერება.

თუმცა, ბრიტანეთში მოპოვებული გამარჯვებით დაკმაყოფილებას არც ”რედ ბული” აპირებს, რომლის საინჟინრო შტაბმაც გერმანული ეტაპისთვის რამდენიმე, თუნდაც უმნიშვნელო სიახლე მოამზადა.

კითხვაზე, ხომ არ ანიჭებს მას უპირატესობას ის ფაქტი, რომ შინაურ ტრასაზე მოუწევს გამოსვლა, ფეტელი პასუხობს: ”დიახ, ამას მე საფეხბურთო შეხვედრას შევადარებდი, რომელსაც შინ ატარებ. საერთოდ, რბოლებში ყოველთვის 100 პროცენტით ვიხარჯებით, მაგრამ როცა შინ გამოსვლა გიწევს, მაშინ კიდევ უფრო მოტივირებული ხარ, რადგან შინ თავს კომფორტულად გრძნობ. კერპენში, ნურბურგრინგიდან საკმაოდ ახლოს ვიზრდებოდი, კარტინგის რბოლებზე აქ გამოვდიოდი და ამიტომ, ამ რეგიონში ბევრი მეგობარი მყავს. რა თქმა უნდა, რბოლის დროს იმაზე სულაც არ ვფიქრობ, რომ შინ გამოვდივარ. მაგრამ მის წინაც და შემდეგაც, განსაკუთრებული განწყობა მაქვს, რადგან აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ”, - ყვება ფეტელი, ვინც პატარაობისას, მიხაელ შუმახერის მიერ გახსნილ კარტის სკოლაში დადიოდა და ერთ-ერთი პირველი ჯილდოც სწორედ მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონისგან მიიღო.

ფეტელი აღნიშნავს, რომ მისი გუნდი მანქანას ყოველი რბოლისთვის დიდი მონდომბით ამზადებს და ყოველი ეტაპისთვის მის კონსტრუქციაში სიახლე შეაქვს. თუმცა ხელჩამოშვებულები არც ”ბრაუნის” ინჟინრები არიან, რომლებიც გერმანიისთვის რამდენიმე სიახლეს ამზადებენ. რაც მთავარია, ნურბურგრინგის საშუალო სიჩქარის მოსახვევები მათ მანქანას უფრო შეეფერება, ვიდრე ”რედ ბულისას”. დაკიდევ, დიდი მნიშვნელობა ამინდსაც ექნება. ”ბრაუნში” თბილი ამინდი სურთ, მაგრამ სინოპტიკოსები კვირისთვის წვიმას ვარაუდობენ, ეს კი ფეტელის წისქვილზე ასხამს წყალს.

ორივე გუნდი თანხმდება იმაზე, რომ გერმანიის დიდ პრიზზე ორივე გუნდის პოტენციალი უკეთ გამოიკვეთება და ამის შემდეგ უფრ ადვილი იქნება მათს საჩემპიონო შანსებზე მსჯელობა.

მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსი

BMW Isetta

6 ივლისი

66 წლის ნიუ ბოსტონელმა (შტატი მიჩიგანი) ჩაკ მილერმა 1957 წელს გამოშვებული ”ბეემვე იზეტას” ვარგისი ნაწილების მოძიებას და ავტომობილის რემონტს 13 წელი შეალია და თავისი გარჯა იმით დაასრულა, რომ მსოფლიოში ყველაზე პატარა ტაქსი შექმნა. ამერიკული გამოცემა ”ქარ ენდ დრაივერი” გვამცნობს, რომ მართალია, ჩაკმა თავისი ნალოლიავები ავტომობილი ყვითელი ტაქსის ფორმაში გამოაწყო და მისთვის ტაქსის ლიცენზიაც აიღო, მაგრამ ამ ავტომობილით მუშაობას სულაც არ აპირებს.

თუმცა, სიტუაცია ალბათ მას შემდეგ შეიცვლება, რაც მილერი თავის ციცქნა ავტომობილს (სურათზე მასთან ერთადაა), რომელსაც ავტოინდუსტრიის ისტორიკოსები ”ბეემვეს” გადარჩენას მიაწერენ, გასაყიდად გამოიტანს. მას ”იზეტას” გაყიდვა გადაწყვეტილი კი აქვს, მაგრამ ჯერ არც იცის, რა ფასი უნდა დაადოს. ისე კი, თავის დროზე, მასში 1 500 დოლარი კი გადაუხდია.

”ამ მანქანას ჩემი ნაცნობი ჰყიდდა. მან სპეციალურად, ფასიანი შვებულება აიღო და საქმეს შეუდგა. ფასიც უკვე შერჩეული ჰქონდა - 1 500 დოლარი. თითქოს, ძვირი იყო, მაგრამ გავიგეთ, რომ ვიღაცას ასეთივე ავტომობილი 41 000 დოლარად გაუყიდავს. პირველად რომ ეს მანქანა ვნახე, ვიფიქრე, ასეთი უშნო რამ არასდროს შემხვედრია-მეთქი”, - იხსენებს მილერი.

სტანდარტული ”იზეტა 300”, რომლის ბაზაზეც მილერმა თავისი ტაქსი შექმნა, მოკრძალებული მახასიათებლებით გამოირჩევა. მისი ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 13 ცხენის ძალას აღწევს (5 200 ბრ/წთ-ზე), მაბრუნი მომენტი სულ რაღაც 18.4 ნიუტონმეტრია (4 600 ბრ/წთ-ზე), ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე კი 85 კმ/სთ-ია.

მილერისთვის ”იზეტა 300” ერთადერთი ავტომობილი როდია, რომელიც მან თავის ჭკუაზე მოიყვანა. პირველად 1950 წელს გამოშვებული ”ფორდის” კუპე გადააკეთა. მაშინ მხოლოდ 16 წლის იყო, თავისი პირველი ავტომობილი კი 35 დოლარად შეიძინა. იმ მანქანის გადაკეთებას ორი წელი მოანდომა. სამაგიეროდ, პატარა ბიჭი პოპულარულ ჟურნალ ”როდინგ ენდ რესტაილინგის” ფურცლებზე მოხვდა.

ჟურნალის მიერ მიქცეული ყურადღება მილერისთვის სტიმულის მიმცემი აღმოჩნდა და მან უმაღლესი სკოლის დასრულების შემდეგ, სპეციალური ფირმა (სტაილინ კასტომს) დააარსა და სახელი ძველი ავტომობილების გადაკეთებით გაითქვა. დღეს მილერი პენსიონერია, მაგრამ მცირე პროექტებზე კვლავ მუშაობს და შოუ ”ავტორამასთანაც” თანამშრომლობს ხოლმე.

”ჯენერალ მოტორსი” მკვდარია, გაუმარჯოს ”ჯენერალ მოტორს კომპანის”

General Motors Company

6 ივლისი

დღეს ძველი ”ჯენერალ მოტორსის” არსებობა ოფიციალურად დასრულდა, ახლისა კი - დაიწყო. აშშ-ის გაკოტრების საქმეთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაკოტრებულ ”ჯენერალ მოტორსს” ახალი ”ჯენერალ მოტორსისთვის” აქტივების მიყიდვის უფლება მიეცა.

ახალი ”ჯენერალ მოტორსის” სრული სახელწოდებაა ”ჯენერალ მოტორს კომპანი”. ის გაკოტრების კანონის მე-11 მუხლით აღარ იმუშავებს. სამაგიეროდ, ძველ კომპანიას სახელი ეცვლება და ”მოტორს ლიკვიდეიშნ კომპანი” ერქმევა და ის დარჩენილი, წამგებიანი აქტივების გაყიდვას ეცდება. თუ ეს ვერ შეძლო, არსებობას მათთან ერთად, ლიკვიდაციით დაასრულებს.

ახალი ”ჯენერალ მოტორსი” წინამორბედზე გაცილებით პატარა, სამაგიეროდ, ფინანსურად უფრო ძლიერი კომპანია იქნება. ის ახლო მომავალში, თავისი საინვესტიციო რესურსის დიდ ნაწილს მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებაზე მიმართავს.

”ჯანმრთელი ადგილობრივი ავტოინდუსტრია გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად რჩება. ჩვენ ვაცნობიერებთ აშშ-ის, კანადის და ონტარიოს მთავრობათა, ასევე გადასახადის გადამხდელთა მიერ ახალი ”ჯენერალ მოტორსისთვის” გამოცხადებულ ნდობას და იმ ძალისხმევას, რაც ჩვენი ბიზნესისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემების გადასაწყვეტად გაკეთდა. ახლა ჩვენი ჯერია, რომ ეს ბიზნესი ფეხზე დავაყენოთ და კომპანია დაუყოვნებლივ წარმატებულ საქმიანობაზე გადავიყვანოთ”, - ამბობს ”ჯენერალ მოტორს კომპანის” მთავარი აღმასრულებელი ფრიც ჰენდერსონი.

შეგახსენებთ, რომ ახალი ”ჯენერალ მოტორსის” აქციების 60.8 პროცენტი აშშ-ის მთავრობის ხელში გადავა, კანადის მთავრობას 12 პროცენტი ერგება, ავტოპროფკავშირების გაერთიანება 17.5 პროცენტს მიიღებს, ძველი კომპანიის კრედიტორებს კი 10 პროცენტი დარჩებათ, თუმცა მომავალში, ამ წილის 25 პროცენტამდე გაზრდის საშუალება მიეცემათ.

მონტოია ჩემპიონებს უთანაგრძნობს

Formula 1

6 ივლისი

ფორმულა ერთის ყოფილი პილოტი, კოლუმბიელი ხუან პაბლო მონტოია ამბობს, რომ კარგად ესმის, რა ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონები - ესპანელი ფერნანდო ალონსო და ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, რომელთაც კარიერაში საკმაოდ მძიმე პერიოდი აქვთ.

”მე მესმის, რას განიცდიან ახლა ისინი. ალონსოს და ჰამილტონს ვეტყვი - მოგესალმებით ჩვენს კლუბში. თქვენ უკვე იცით, რას განიცდის პილოტი, რომელსაც თავის გამოჩენის საშუალებას გარემოება არ აძლევს. ის მდგომარეობა, რომელშიც ისინი ახლა იმყოფებიან, ჩემთვის ნაცნობია. ეს ძალიან სამწუხაროა. ეს ყველაფერი მე უკვე გამოცდილი მაქვს”, - ამბობს მონტოია, ვინც 1998 წელს ფორმულა 3000-ის ჩემპიონი გახდა, შემდეგ კარიერა ოკეანის გაღმა, კარტ-ის სერიაში გააგრძელა და იქ პირველივე სეზონში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული. კიდევ ერთი სეზონის შემდეგ, მან ლეგენდარული ინდი 500-ც (ესეც დებიუტისთანავე) მოიგო, რის შემდეგაც ფორმულა 1-ში, ”უილიამსში” მიიწვიეს. სხვათა შორის, მონტოია კარტ-ის სერიის სულ მეორე პილოტია, ვინც ჩემპიონის ტიტულს პირველსავე სეზონში დაეუფლა. პირველმა ეს ბრიტანელმა ნაიჯელ მენსელმა 1993 წელს შეძლო.

ფორმულა ერთში, ”უილიამსსა” და ”მაკლარენში” თითქმის ექვსი სეზონი გაატარა და 7 ეტაპის მოგება შეძლო. 2003 წელს მან მონაკოს დიდი პრიზი მოიგო. ფორმულა ერთის პილოტის კარიერა კი 2006 წელს, შუა სეზონში, აშშ-ის დიდი პრიზის შემდეგ დაასრულა და ამერიკაში დაბრუნდა, სადაც ნასქარ-ის სერიაში დღემდე გამოდის.

დღეს მონტოია (სურათზე) ამბობს, რომ ფ1-ში გატარებული ხუთნახევარი სეზონის შემდეგ, ის საბოლოოდ გაწბილებული დარჩა: ”თავიდან ოპტიმისტი ხარ, გამარჯვებისთვის იბრძვი, როცა მიზანს აღწევ, გიხარია, რომ ფორმულა ერთის დიდი ოჯახის წევრი ხარ. დაეთანხმებით, მე ძალიან სწრაფი ვიყავი, რამდენჯერმე პოული მოვიპოვე და რბოლებიც მოვიგე და მაშინ ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ შემდეგ გულგატეხილობის პერიოდიც დამიდგა. მივხვდი, რომ თუ მოგება გინდა, აუცილებლად კონკურენტუნარიან გუნდში უნდა გამოდიოდე. თუ ასეთ გუნდში არ ხარ, არაფრის იმედი არ უნდა გქონდეს. სეზონის განმავლობაში სიტუაციის მნიშვნელოვნად შეცვლა თითქმის შეუძლებელია. იგებს ის, ვინც კარგ მანქანაზე ზის, სხვები კი სტატისტები, დანამატები არიან”, - ამბობს მონტოია, ვისაც ფორმულა 1-ის დატოვებაში იმ გარემოებამ შეუწყო ხელი, რომ 2006 წლის სეზონის დასაწყისში, ”მაკლარენმა” კონტრაქტი მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ალონსოსთან გააფორმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ კოლუმბიელს მეორე პილოტის როლი გარანტირებული ჰქონდა, ამასთან შეგუება კი მას არ შეეძლო. ამასთან, ”ფერარიშიც” ორივე ადგილი დაკავებული იყო, სხვა გუნდებში კი საჩემპიონო შანსები თითქმის არ არსებობდა.

რაც შეეხებათ ალონსოს და ჰამილტონს, არაკონკურენტუნარიანი მანქანების გამო, პირველი ქულების აღებას ძლივს ახერხებს, მეორემ კი ბოლო ოთხი ეტაპი უქულოდ დაასრულა...

”კიას” და ”კორ სტანდარტ ბანკის” ერთობლივი აქცია

6 ივლისი

თითქმის ერთი წელიწადია, საქართველოს საავტომობილო ბაზარი სტაგნაციას განიცდის. ჯერ ომმა, შემდეგ კი ფინანსურმა კრიზისმა, ბანკებს კრედიტების გაცემის შეზღუდვა აიძულა, რაც პირდაპირ აისახა საავტომობილო დილერების საქმიანობაზე, რომელთა ბიზნესის მთავარი მამოძრავებელი წყარო სწორედ ავტოკრედიტები იყო.

დღეს ავტოდილერები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როდესაც ბანკები კვლავ დაიწყებენ იოლი კრედიტების გაცემას, რაც ახალი ავტომობილების პოტენციურ მყიდველს კვლავ ავტოსალონებში დააბრუნებს. რა თქმა უნდა, სანამ ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ფენის შემოსავლები ომამდელ დონეს გაუტოლდება, საქმეს კრედიტებიც ბოლომდე ვერ უშველის, მაგრამ ბანკების აქტიურობა მაინც მყიდველის მოზიდვის, გაყიდვების გამოცოცხლების წინაპირობაა. მეორე მხრივ, ბანკებსაც თავიანთი კაპიტალის ეფექტურად დაბანდების მეტი საშუალება გაუჩნდებათ. მოკლედ, უძრაობიდან მოქმედებაზე გადასვლით ორივე მხარე თანაბრადაა დაინტერესებული.

სწორედ ეს გარემოება დაედო საფუძვლად ”კორ სტანდარტ ბანკისა” და ”იბერია ბიზნეს ჯგუფში” შემავალ დილერ ”კია მოტორს ჯორჯიას” ერთობლივ ფასდაკლების და განვადების აქციას, რომელიც ”კიას” ავტომიბილების მყიდველს მეტად ხელსაყრელ პირობებს სთავაზობს.

ეს პირობები, კორეული კომპანიის დილერის მხრიდან, ნებისმიერ მოდელზე 15-21-პროცენტიან ფასდაკლებას გულისხმობს, ”კორ სტანდარტ ბანკი” კი კრედიტის აღების მსურველს, შემოსავლის დადასტურების გარეშე, 17-პროცენტიან განვადებას (ფასდაკლებულ ავტომობილებზე) სთავაზობს.

განაცხადის შევსება ბანკის საიტზე, ოფისიდან გაუსვლელად, ან ”კია მოტორს ჯორჯიას” ავტოსალონშია შესაძლებელი, რის შემდეგაც, მყიდველი პასუხს 5 წუთში მიიღებს.

საერთო ჯამში, მყიდველს ”კიას” ნებისმიერი მოდელის შეძენა, მის ნომინალურ ღირებულებაზე გაცილებით იაფი უჯდება.

აქცია 15 აგვისტომდე გაგრძელდება, რის შემდეგაც, ”კია მოტორს ჯორჯია” და ”კორ სტანდარტ ბანკი” მყიდველს კიდევ არაერთ სიურპრიზს უმზადებენ.

სურათზე: ”კია მოტორს ჯორჯიას” და ”კორ სტანდარტ ბანკის” ერთობლივი აქციის დაწყება მხარეებმა ”კიას” ავტომობილის ფორმის ტორტით აღნიშნეს

Sunday, July 5, 2009

”ალფა მილანოს” მობილურით გადაღებული ფოტოები

Alfa Romeo Milano

5 ივლისი





ციფრული ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ინფორმაციის უსწრაფეს გავრცელებას უწყობს ხელს და შედეგად, თუ ვინმე ჩვენი პოლიტიკოსთაგანი ბერლინში, კიევში, ან რიო დე ჟანეიროში გამართავს საიდუმლო სერობას, ამ სერობის ვიდეოჩანაწერს, მეორე დღეს თუ არა, მესამე დღეს მაინც ვნახულობთ ინტერნეტში.

მსგავსი სიტუაცია ავტოინდუსტრიაშიც შეინიშნება, სადაც ძალიან გაიოლდა ტესტირების პროცესში მყოფი ახალი, ჯერაც კამუფლირებული ავტომობილების ფოტოების მოპოვება. ვთქვათ, ნურბურგრინგის მახლობლად, ან ევროპულ ავტობანზე ხართ და მოულოდნელად, შენიღბულ ავტომობილს ხედავთ. რა თქმა უნდა, ეს რომელიმე ახალი ავტომობილია, რომელზეც მწარმოებელი ჯერჯერობით ინფორმაციას საიდუმლოდ ინახავს. მაგრამ თანამედროვე მობილურით, მისი მაღალი ხარისხის ფოტოს გადაღება პრობლემა არაა.

ჰოდა, ინტერნეტ გამოცემებში სულ უფრო ხშირად იხილავთ ”მაკლარენის” უცნაურად აჭრელებულ ახალ სუპერავტომობილს, რომლის შესახებაც ინფორმაციას რონ დენისის კანტორა ისე მალავს, გეგონება სახელმწიფო საიდუმლო იყოს. ან შეგხვდებათ შავი შალითებით დაფარული სიმახინჯე, რომელიც რაღაცით ”მერსედეს-ბენცის” ML-ს მოგაგონებთ. ესე იგი, სამქიმიანები თავიანთი პოპულარული უგზოობის მოდელის განახლებულ ვარიანტს ამზადებენ. და ასე შემდეგ...

ყველაფრის მიუხედავად, იმაზე ოცნებაც არ ღირს, რომ შეხვალთ რომელიმე კომპანიის ქარხანაში, სადაც უკვე დაწყებულია ახალი ავტომობილის წარმოება, რომელიც ჯერ არავის უნახავს და იქ მის ფოტოებს გადაიღებთ. მერე ამ ფოტოებს იმავე დღეს ფეისბუკით თქვენს მეგობრებს უჩვენებთ... ტყუილი ოცნებაა, მაგრამ ხანდახან ასეთი ოცნებაც ახდება.

ასე მოხდა ”ალფა რომეოს” ნეაპოლის ქარხანაში, სადაც უცნობმა პირმა მობილურით ახალთახალ ”ალფა რომეო მილანოს” ფოტოები კონვეიერზევე გადაუღო და შემდეგ, თავისი მეგობრების ფეისბუკის საერთო ფურცელზე დადო. მერე ეს ფურცელი ბლოგ carscoop.blogspot.com-ის თანამშრომლებმა იხილეს, რომელთა გვერდიდან ეს ფოტოები ჩვენთანაც მოხვდა. მთავარი კი ისაა, რომ პრემიერამდე კარგა ხნით ადრე, ამ ავტომობილის ვიზუალური გაცნობის საშუალება მოგვეცა.

რომ არ ვიცოდეთ, ფოტოებზე ”ალფა რომეო მილანოა” ასახული, ის იტალიური კომპანიის პოპულარული ჰეჩბეკი ”მიტო” გვეგონებოდა. მსგავსება აშკარაა. სხვა ”ალფების” მსგავსად, ”მილანოს” სავიზიტო ბარათიც რადიატორის ბადის საფირმო მოყვანილობაა, რომელსაც რაინდის ფარის ფორმა აქვს. გარდა ამისა, ყირადღებას ავტომობილის მომრგვალებული ფორმებიც იქცევს. აშკარაა, რომ იტალიური საავტომობილო დიზაინის ბარაქა არც ამ ავტომობილს აკლია.

ინტერიერის ფოტოებიდან (მართლაც ყოჩაღ, ფოტოების ავტორო) ჩანს, რომ ”მილანო” სპორტული ყაიდის ავტომობილია. მაჩვენებლების დაფის გასანათებლად წითელი და ღია ყვითელი შუქია გამოყენებული. ცენტრალური პანელი კი სიხალვათით გვაოცებს. ამ მსტოვრულ ფოტოებზე ვერც მრავალფუნქციურ მონიტორს დაინახავთ - ეს სპორტულობის ნიშანია (მძღოლი მხოლოდ მთავარ მაჩვენებლებს უნდა უყურებდეს). უკანა კარზე სახელური არ ჩანს - ესეც ”ალფას” სტილია და თანაც, თუ მანქანას შორიდან შეხედავთ, ის შეიძლება სამკარიანი (ესე იგი, სპორტული ჰეჩბეკი) გეჩვენოთ. სახელური კარის უკანა ნაწილზე, უკანა საყრდენშია ჩაყოლებული.

ცნობილია, რომ ”მილანო” ”ფიატის” ჯგუფის C და D სეგმენტებისთვის საერთო პლატფორმაზეა ბაზირებული, რომელიც C-ევოს სახელითაა ცნობილი. ჯერჯერობით უცნობია, ევროპულ ბაზარზე ის წელსვე გამოჩნდება, თუ მერმის, წლის დასაწყისში. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ კონკურენციას 1-ლი სერიის ”ბეემვეს” გაუწევს. ამაში კი მას 1.4 და 1.75-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი ტურბომოტორები დაეხმარება, რომელთა სიმძლავრეც 200 ცხენის ძალაზე მეტი იქნება. რა თქმა უნდა, ძრავების გამაში დზელის აგრეგატებსაც ვიხილავთ.

ამჯერად სულ ეს არის...

მასკლ ქარების ომში ”შევროლე კამარო” დაწინაურდა

Camaro. Mustang

5 ივლისი

გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან, რაც ”ფორდმა”, ”შევროლემ” და ”დოჯმა” ეგრეთ წოდებული მასკლ ქარების წარმოება დაიწყეს, ბაზრის ამ სეგმენტში მოწინავეობა სამივე კომპანიისთვის უპირველესად, პრესტიჟის საქმედ იქცა. ამ პაექრობას 25 წლით ჩამოშორებული იყო ”დოჯ ჩელენჯერი”, რომელიც ბაზარს შარშან დაუბრუნდა. ამიტომ, მასკლ ქარების კლასში ყველაზე საინტერესო ”ფორდ მუსტანგის” და ”შევროლე კამაროს” მეტოქეობაა.

ბოლო 16 წლის განმავლობაში, ამ დაპირისპირებაში უპირატესობა ”მუსტანგის” მხარეს იყო, მაგრამ წელს ბაზარზე ახალი ”კამარო” გამოვიდა, რაც, როგორც ჩანს ”ბრძოლის ველზე” სიტუაციას რადიკალურად შეცვლის. ყოველ შემთხვევაში, ამ ვარაუდის საფუძველს ის ფაქტი იძლევა, რომ ივნისის თვის განმავლობაში, ”კამარომ” გაყიდვების მაჩვენებლით, ბოლო 16 წელიწადში პირველად შეძლო ”მუსტანგის” ჩამოტოვება.

უფრო კონკრეტულად, ივნისში 9 320 ცალი ”კამარო” გაიყიდა, ”მუსტანგის” ანალოგიური მაჩვენებელი კი 7 362 გაყიდული ავტომობილია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29.9 პროცენტით ნაკლებია. გაცილებით უკანაა ”დოჯ ჩელენჯერი”, რომელსაც ივნისში მხოლოდ 1 369 მყიდველი გამოუჩნდა, თუმცა ესეც შარშანდელი ივნისის მაჩვენებელზე 34 პროცენტით მეტია. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ წლის მაჩვენებლებით, მასკლ ქარების ბაზარზე ჯერაც ”მუსტანგი” ლიდერობს, თუმცა მხოლოდ იმის გამო, რომ ახალი ”კამაროს” წარმოება მოგვიანებით დაიწყო და სანამ ეს მოხდებოდა, ”ჯენერალ მოტორსი” გაყიდვებად მხოლოდ ავტომობილზე მიღებულ შეკვეთებს (14 000-ს) ანგარიშობდა.

როგორც ჩანს, სანამ ბაზარზე ”მუსტანგის” ახალი ვერსია გამოჩნდებოდეს, ლიდერობას ”კამარო” დაეუფლება, რომლის გალიდერებასაც დიდწილად კინოეკრანებზე ფილმ ”ტრანსფორმერები 2-ის” გამოჩენამ შეუწყო ხელი. ცნობისათვის, მთელი წლის მონაცემებით, ”კამარომ” ”მუსტანგს” უკანასკნელად 1985 წელს აჯობა.

დაკიდევ, მეტოქე ავტომობილების ფასების შესახებ: ახალი ”შევროლე კამაროს” საბაზო ღირებულება 29 775 დოლარია, მისი ტოპ ვერსიის ფასი კი 34 180 დოლარს აღწევს. ”ფორდ მუსტანგის” ფასი 20 995 დოლარიდან იწყება, მისი ტოპ ვერსია ”შელბი GT500 კუპე” კი 46 325 დოლარი ღირს. რაც შეეხება ”დოჯ ჩელენჯერს”, მისი საბაზო ვერსიის ღირებულება 26 490 დოლარია, ტოპ ვერსია SRT8-ს ფასი კი 37 995 დოლარს აღწევს.

სურათზე: (მარცხნიდან)”შევროლე კამარო”, ”დოჯ ჩელენჯერი” და ”ფორდ მუსტანგი”

”პაგანი” როდსტერ ”ძონდა ჩინკვეს” წარმოებას იწყებს

Pagani Zonda Cinque Roadster

5 ივლისი


ვთქვათ, იტალიური სპორტული სუპერავტომობილის შეძენა მოგინდათ და ჯიბეში შესაფერისი თანხაც გაქვთ. მაგრამ ამ სურვილის გაჩენიდან მინიმუმ ერთი წლის განმავლობაში, მის ყიდვას ვერაფრით შეძლებთ, რადგან მასზე უსაშველო რიგები დგას. ჰოდა, სანამ თქვენი რიგი მოვა, ან ფული გამოგელევათ, ანაც სურვილი გადაგივლით.

და რაიმე გამოსავალი არ არსებობს? - იკითხავთ. რა თქმა უნდა, არსებობს და ამ გამოსავალს იტალიური ფირმა ”პაგანი” შემოგთავაზებთ, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, იტალიური გრანდების - ”ფერარის” და ”ლამბორგინის” ჩრდილში იმყოფება, მაგრამ მათზე არანაკლებ სწრაფსა და მომნუსხველ სუპერავტომობილებს აწარმოებს.

ახლახანს, ”პაგანიმ” თავის პოპულარულ კუპე ”ძონდა ჩინკვეს” ბაზაზე, მისი ღია ვერსია - როდსტერი დაამზადა, რომელსაც კარბონის კომპოზიტისა და ტიტანისგან დამზადებული შასი აქვს და ამის წყალობით, მხოლოდ 1 210 კილოგრამს იწონის.

როდსტერი იმავე, 7.3-ლიტრიანი V12 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელსაც ”პაგანი” თავის სხვა მოდელებზეც იყენებს. ოღონდ, ამ შემთხვევაში, ძრავი დეფორსირებულია - ”მხოლოდ” 678 ცხენის ძალას და 780 ნიუტონმეტრს იძლვა. ძრავთან შეწყვილებულია ახლახანს შემუშავებული რობოტიზებული სეკვენტალური გადაცემათა კოლოფი. ავტომობილი კი კომპიუტერით მართვად საკიდარს ეყრდნობა, რომელსაც მოძრაობის დროსაც შეუძლია მახასიათებლების შეცვლა. როდსტერ ”ძონდა ჩინკვეს” ადგილიდან 100 კმ/სთ-ს აკრეფა 3.4 წამში შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 320 კმ/სთ-ს აღწევს.

ავტომობილი ასევე აღჭურვილია: 19 და 20-დუიმიანი ბორბლებით, რომლებიც ალუმინის მსუბუქი შენადნობისგან მზადდება. ბორბლებზე ჩაცმულია ”პირელის” Pზერო საბურავები, სალონში სულ ორი სავარძელია, რომლებიც კარბონის კომპოზიტისგან მზადდება, გარედან კი მათზე ძვირფასი ტყავია გადაკრული. მუხრუჭები ”ბრემბოს” წარმოებისაა და ისინი კარბონ-კერამიკული მასალებითაა დამზადებული. დაბოლოს, გამოსაბოლქვი სისტემა ტიტანის მსხვილი მილებით ბოლოვდება.

ზემოთ რომ დაგაიმედეთ, ”პაგანის” ავტომობილების ურიგოდ შეძენა შეიძლება-მეთქი, ეს გადაჭარბებული ოპტიმიზმი იყო, რადგან ”პაგანი” თავის როდსტერს მხოლოდ ხუთ ცალს დაამზადებს და ძნელი წარმოსადგენია, მისი შეძენა ნებისმიერმა მსურველმა შეძლოს. თუნდაც, იმის გათვალისწინებით, რომ ეს ავტომობილი 1.8 მილიონი დოლარი ეღირება.

მე-7 სერიის ”ბეემვე” სრულამძრავიანი ტრანსმისიით

BMW 7-Series xDrive

5 ივლისი

გერმანული კომპანია ”ბეემვე” (ბაიერიშე მოტორენვერკე) იტყობინება, რომ მერმის თავის ფლაგმანს, მე-7 სერიის სედანს სრულამძრავიანი (xდრაივ) ტრანსმისიით გამოუშვებს. ამასთან, ასეთი ავტომობილები ორი მოდიფიკაციის სახით - სტანდარტული და გრძელბაზიანი (750Li) დამზადდება.

ბავარიელები ასევე გვამცნობენ, რომ წარმოების დაწყებიდან პირველ ხანებში, სრულამძრავიანი ტრანსმისია მხოლოდ V8 ტურბოძრავებს შეუწყვილდება. ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, შესაძლებელია თუ არა ამ ტრანსმისიის V12 ატმოსფერულ ძრავთან ადაპტაცია. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ xდრაივ ტრანსმისია ძრავის მაბრუნი მომენტის დიდ პორციას უკანა ბორბლებს მიაწვდის, რითაც შესაძლებელი გახდება უკანა წამყვანბორბლიანი მოდელებისთვის დამახასიათებელი დინამიკის შენარჩუნება.

პარალელურად, მე-7 სერიისთვის სპორტული M პაკეტიც მზადდება, რომელიც ამ სერიის უკლებლივ ყველა სედანისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამ პაკეტში შევა აეროდინამიკური დეტალები, რომელთა მეშვეობითაც, ავტომობილის აეროდინამიკური დატვირთვა გაიზრდება, მდგრადობის სტაბილიზაციის სისტემა (მხოლოდ უკანა წამყვანბორბლიანი ვერსიებისთვის) და 19 და 20-დუიმიანი ბორბლები. M7 სედანების გაყიდვები პირველ რიგში აშშ-ში, წელს დაიწყება.

”დალარას” ფორმულის ახალი კლასი - ფორმულინო

Dallara rolls Formulino

5 ივლისი

იტალიური კომპანია ”დალარა” ავტოსპორტის სამყაროში დიდი ავტორიტეტით სარგებლობს. ის ფორმულის ტიპის ღიაბორბლიან სარბოლ ავტომობილებს GP2 სერიის, ”რენოს” მსოფლიო სერიის, ფორმულა 3-ის თითქმის ყველა სერიის, ინდი რეისინგ ლიგისთვის (იგივე ინდი ქარის), ასევე გრანდ ამერიკენის და ლე მანის სერიისთვის ამზადებს. გარდა ამისა, შიგადაშიგ, ფორმულა 1-ის სხვადასხვა პროექტებშიც მონაწილეობს.

მაგრამ როგორც ჩანს, ”დალარას” ეს არ აკმაყოფილებს და აი, კომპანიამ თავად ჩამოაყალიბა ახალი კლასი ”ფორმულინო” (იტალიურად პატარა ფორმულა), რომლის დანიშნულებაც, დამწყები მრბოლების მიერ ღიაბორბლიანი ავტომობილების მართვის გამოცდილების მიღებაა. კომპანიის ხელმძღვანელი ჯან პაოლო დალარა ირწმუნება, რომ ”ფორმულინოს” ბოლიდები აბსოლუტურად გამოუცდელი მრბოლებისთვისაც კი ადვილი ასათვისებელი იქნება.

სულ სამი სხვადასხვა დონის ”ფორმულინოს” კლასის ბოლიდი იქმნება. ესენია ბეის (საბაზო), პლუსი (საბაზოზე უკეთესი) და პრო (პროფესიონალი). სამივე დონის ”ფორმულინოს” განსხვავებული საკიდარი და აეროდინამიკური პაკეტი ექნება. მათი შასი კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკია. სამივე დონის ბოლიდებზე კი ძრავებს კომპანია ”ჰიულენდის” წარმოების FTR გადაცემათა კოლოფი შეუწყვილდება, რომელსაც 260 ცხენის ძალამდე სიმძლავრის ძრავების მიერ გამომუშავებული მაბრუნი მომენტის ათვისება შეუძლია.

უფრთო ”ფორმულინო ბეისი” 38 500 ევრო ეღირება, მინიმალური აეროდინამიკური პაკეტით აღჭურვილი ”ფორმულინო პლუსის” ღირებულება 52 000 ევროა, ყველაზე ძვირი კი ”ფორმულინო პროა”, რომლის ფასიც 65 000 ევროს მიაღწევს.

სურათზე მარცხნიდან: ფორმულინო პლუს, პრო და ბეის

”კადილაკი” ახალ პრემიუმ სედანს ორ წელიწადში გამოუშვებს

Cadillac XTS

5 ივლისი

2011 წლიდან ამერიკული კომპანია ”ჯენერალ მოტორსი”, თავის კანადურ ქარხანაში პრემიუმ კლასის ახალი სედანის - ”კადილაკ XTS-ის” წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილი ”კადილაკის” ახლანდელ ფლაგმან DTS-ს შეცვლის. გამოცემა ”ნეიშნლ პოსტისთვის” ასევე ცნობილი გახდა, რომ იმავე, კანადურ საწარმოში, ”გენერლები” ახალი ”კადის” გარდა, ”შევროლე კამაროს”, ”შევროლე იმპალას” და ”ბიუიკ რეგალსაც” გამოუშვებენ. ცნობისათვის, ეს უკანასკნელი ევროპის 2009 წლის საუკეთესო ავტომობილის, ”ოპელ ინსინიას” ბაზაზე დამზადდება.

”ინსინიას” პლატფორმას (ეპსილონ II), ოღონდ მოდერნიზებულს, გენერლები XTS-ზეც გამოიყენებენ, რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები აქვს. რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე ახალი ავტომობილის შესახებ ინფორმაცია არ ხმაურდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ბაზარზე მას ისეთი სერიოზული კონკურენტები ეყოლება, როგორებიცაა ”აუდი A8”, მე-7 სერიის ”ბეემვე” და ”მერსედეს-ბენცის” S-კლასის სედანი.

”კადილაკის” ახლო მომავლის გეგმებში ასევე შედის ორადგილიანი კუპე ”კონვერჯის” წარმოება, რომლის კონცეპტუალური ვერსიის დებიუტიც წელს, დეტროიტის ავტო შოუზე შედგა. ასევე იგეგმება კომპაქტურ სედან BLS-ის განახლებაც, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ სპეციალურად ევროპის ბაზრისთვის შექმნა, თუმცა იქ წარმატებას ვერ მიაღწია.

ჰამილტონი სენას ბოლიდზე ვერ დაჯდება

Formula 1

5 ივლისი

გუდვუდში მიმდინარე სიჩქარის ფესტივალზე, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ბრიტანელი ლუის ჰამილტონი, ფორმულა 1-ის ისტორიაში ყველაზე დომინანტი ბოლიდით, ”მაკლარენ MP4/4-ით” უნდა გამოსულიყო, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცა, რადგან ავტომობილს გადაცემათა კოლოფი მაშინ დაუზიანდა, როდესაც მის საჭეს ლეგენდარული ბრაზილიელის, აირტონ სენას დისშვილი ბრუნო სენა უჯდა (სურათზე).

საჩვენებელი გამოსვლის დროს, ავტომობილზე მოულოდნელად ვიბრაცია წარმოიქმნა. ბოქსში შესვლის შემდეგ, მექანიკოსებმა დაადგინეს, რომ ვიბრაციის მიზეზი გადაცემათა კოლოფში წარმოქმნილი გაუმართაიობა იყო, უფრო საგულდაგულო შემოწმების შემდეგ კი გაირკვა, რომ კოლოფს რემონტი სჭირდება. რამდენადაც აგრეგატი უნიკალურია და მას ”მაკლარენი” დიდი ხანია, აღარ აწარმოებს, რემონტს დიდი დრო დასჭირდება. ამდენად, ჰამილტონს გუდვუდში ამ ბოლიდით განავარდების საშუალება წელს აღარ მიეცემა.

”ძალიან გაწბილებული ვარ. გუდვუდის ფესტივალს მოუთმენლად ველოდი, ”მაკლარენის” პერსონალი კი მანქანას დიდი მონდომებით ამზადებდა. MP4/4 ლეგენდარული მანქანაა, რომლითაც აირტონ სენამ პირველი ტიტული მოიპოვა. ამიტომ, ძალიან მინდოდა ფესტივალზე მისი გატარება. ბრუნომ სამი წრე გაიარა, მეოთხეზე კი კოლოფი დაზიანდა. რას იზამ, ხდება ხოლმე. დღეს მე შარშანდელი ”მაკლარენ MP4-23-ით” ტრასაზე ორჯერ გამოვალ, შემდეგ კი ”მერსედეს-ბენც SLR მაკლარენზე” გადავჯდები. ისე კი, კარგია თუნდაც ის, რომ მაყურებელმა MP4/4-ის ხილვა შაბათს მაინც შეძლო”, - განაცხადა გულდაწყვეტილმა ჰამილტონმა.

ცნობისათვის, ”მაკლარენ MP4/4” სახელოვანი სამხრეთაფრიკელი ინჟინრის, გორდონ მარის და მისი ამერიკელი კოლეგის, სტივ ნიკოლზის მიერაა დაპროექტებული. მარიმ ამ მანქანის პროექტირებისას, მის მიერვე 1986 წელს შექმნილი ”ბრებჰემ BT55-ზე” (ყველაზე დაბალი ბოლიდი ფ1-ის ისტორიაში) გამოყენებული ინჟინრული გადაწყვეტები გამოიყენა. ამათგან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ პილოტი მონოკოკში პრაქტიკულად იწვა, რისი წყალობითაც, დაბლა იწევდა ავტომობილის სიმძიმის ცენტრი და შესაძლებელი ხდებოდა მისი პროფილის განივკვეთის ფართობის შემცირება, რაც დიდ სიჩქარეებზე შემხვედრი ჰაერის წინააღმდეგობას ამცირებდა.

1988 წლის სეზონში, აირტონ სენამ და ფრანგმა ალენ პროსტმა, ”მაკლარენ MP4/4-ით” 16-დან 15 ეტაპი მოიგეს და 15 პოულ პოზიცია დაიკავეს. საბოლოოდ, პროსტმა 105 ქულა დააგროვა, სენამ - 94, მაგრამ იმის გამო, რომ იმ დროს, საბოლოო ჩათვლაში მხოლოდ 11 საუკეთესო შედეგი შედიოდა, სენას 90 ”ჯანმრთელი” ქულა დაუგროვდა, პროსტს კი - 87 და ჩემპიონიც ბრაზილიელი გახდა.