Saturday, June 19, 2010

”ჰიუნდაიმ” 5 მილიონზე მეტი ”სონატა” გაჰყიდა

Hyundai Sonata

19 ივნისი

მიმდინარე წლის მაისში, კორეული კომპანია ”ჰიუნდაის” სედან ”სონატას” გაყიდვებმა მთელს მსოფლიოში 5-მილიონიანი ზღვარი გადალახა. ამ კომპანიის ისტორიაში, ”სონატა” სულ მესამე ავტომობილია, რომელიც 5 მილიონზე მეტია გაყიდული. მანამდე იგივე ზღვარი მოდელებმა - ”აქცენტმა” (იგივე ვერნამ) და ”ელანტრამ” (იგივე ავანტემ) გადალახეს.

”ჰიუნდაიმ” მოდელ ”სონატას” გაყიდვები 1985 წელს დაიწყო. ცხრა წლის შემდეგ, კორეულმა კომპანიამ მემილიონე ”სონატა” გაყიდა, 2007 წელს კი უკვე 4 მილიონი იყო გაყიდული. ეს კი იმის ნიშანია, რომ რაც დრო გადის, ”სონატა” სულ უფრო პოპულარული ხდება, რასაც ყველაზე მეტად, აშშ-ის ბაზარზე მისი მზარდი გაყიდვები განაპირობებს.

”ხუთი მილიონი გაყიდული ავტომობილი იმის ნიშანია, რომ ჩვენი პროდუქციის ხარისხი მუდმივად უმჯობესდება, მათზე სულ უფრო მეტ სიახლეს ვნერგავთ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ”ჰიუნდაის” ინდივიდუალურ სტილს ვანიჭებთ”, - ამბობს ”ჰიუნდაი მოტორის” პრეზიდენტი და გენერალური დირექტორი სტივ იანგი.

საერთო ჯამში, ”ჰიუნდაიმ” კორეულ ბაზარზე 2.7 მილიონი ”სონატა” გაჰყიდა, დანარჩენი 2.3 მილიონი კი უცხოურ ბაზრებზე გავიდა. ამათგან კორეული კომპანიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამერიკული ბაზარია, სადაც 1.3 მილიონი ”სონატაა” გაყიდული. მართალია, აქამდ გაყიდული ”სონატების” უმეტესობა კორეაში დარჩა, მაგრამ ახალი ტენდენციით, ამ სედანს უფრო მეტი მყიდველი უცხოეთში ჰყავს. კერძოდ, შარშანდელი მონაცემებით, წარმოებული ”სონატების” დაახლოებით ორი მესამედი უცხოეთში გაიტანეს.

მისი წარმოების დაწყებიდან 25 წლის განმავლობაში, ”ჰიუნდაიმ” სულ 6 თაობის ”სონატა” გამოუშვა. მეექვსე თაობის ”სონატას” წარმოება კომპანიამ, რომელმაც შარშან მსოფლიოს უდიდეს ავტომწარმოებელთა სიაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა, შარშან დაიწყო. ოღონდ მსოფლიოს ბაზრების უმეტესობაზე, მას სახელი შეუცვალეს და i45 უწოდეს.

”მერსედეს ბენცი” პარიზში ახალი კუპე S-კლასს გვაჩვენებს

Mercedes-Benz S-Class

19 ივნისი

”მერსედეს ბენცი” აგრძელებს თავისი სპორტული მოდელებისთვის სახელის შეცვლას და მათს განახლებას. ამჯერად, ჯერ მოდელ CL-ზე მიდგა, რომელიც წარსულში დარჩება, მის ნაცვლად კი ბაზარზე S-კლასის კუპე გამოჩნდება, რომლის მსოფლიო პრემიერაც პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება.

ახალი ავტომობილი შტუტგარტული კომპანიის ახალ კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც რადიატორის ახალი ბადით და წინა ფარებით გამოირჩევა. მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისთვის ”სამქიმიანებმა” ახალი ძრავი მოამზადეს. ესაა 4.7-ლიტრიანი V8, რომელიც 435 ცხენის ძალას იძლევა. ამაში კი მას საწვავის უშუალოდ წვის კამერაში შეფრქვევის სისტემა და წყვილი ტურბოკომპრესორი ეხმარება.

უკვე ცნობილია, რომ სატიუნინგო კომპანია AMG, რომელიც ”მერსედეს ბენცის” ჯგუფში შედის, ამ ავტომობილისთვის 5.5-ლიტრიან V8-ს ამზადებს, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 544 ცხენის ძალა იქნება. ამავე ძრავის გაძლიერებული ვერსიის სიმძლავრე კი 571 ცხენის ძალას მიაღწევს. S-კლასის კუპეს AMG-სეული ტოპ ვერსია კი 12-ცილინდრიანი ძრავით აღიჭურვება, რომლის მონაცემებიც ჯერ კიდევ უცნობია.

მსოფლიოს უიაფესი კაბრიოლეტი? - არა

Tata Nano

19 ივნისი

ამ ფოტოზე რომ მანქანებია, ისინი ერთ-ერთი პაპარაცის მიერ ინდოეთის ქალაქ სანანდში არსებული ქარხნის ტერიტორიაზეა გადაღებული. მათში ალბათ იცანით მსოფლიოს უიაფესი ავტომობილის, ინდური ”ტატა ნანოს” ღია ვარიანტები. როგორც ინდური ბლოგი ”უილოსფერი” გვატყობინებს, ამ ორ ავტომობილს მეტად უხეში ოპერაციები ჩაუტარდათ, რომლის შედეგადაც, არ გააჩნიათ არც სახურავი და არც მისი საყრდენები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ავტომობილის მზიდმა ძარამ სიხისტე დაკარგა.

მაგრამ როგორც ირკვევა, მათ სიხისტე არც სჭირდებათ და შესაბამისად, არც ქრეშ-ტესტების გავლა მოუწევთ. საქმე ისაა, რომ ღია ”ტატა ნანოს” რამდენიმე ეგზემპლარი ინდურ კომპანიას მხოლოდ იმისთვის სჭირდება, რომ ქარხნის სტუმრები, საწარმოო კორპუსებს შორის ატაროს. ამისათვის კი სულ რამდენიმე კაბრიოლეტი ”ტატა ნანოც” საკმარისია. ასე რომ, ის მსოფლიოს უიაფეს კაბრიოლეტადაც ვერ ჩაითვლება.

შეგახსენებთ, რომ ჰეჩბეკ ”ნანოს” ღირებულება ინდოეთის ბაზარზე სულ რაღაც 100 000 რუპიაა, რაც 2 500 დოლარზე ოდნავ მეტია. ინდურმა კომპანიამ მისი გაყიდვები შარშან დაიწყო. მასზე იმდენად დიდი მოთხოვნილებაა, რომ ”ტატა” იძულებული შეიქნა, სანანდში სასწრაფოდ მეორე ქარხანაც აეშენებინა.

”დაჩია” ჰიბრიდულ ქროსოვერს გამოუშვებს

Hamster Hamster

19 ივნისი

რუმინული საავტომობილო კომპანია ”დაჩია”, რომელიც ფრანგული ”რენოს” ჯგუფში შედის, მალე ჰიბრიდული ქროსოვერის წარმოებას დაიწყებს. რუმინული გამოცემა ”პრო მოტორი” გვაუწყებს, რომ ქროსოვერ ”სანდერო სტეპვეის” ბაზაზე, მისი ჰიბრიდული ვერსიის შექმნის პროცესში, ”დაჩიას” სპეციალისტების გარდა, ქალაქ პიტეშტის უნივერსიტეტის მეცნიერებიც მუშაობენ.

უკვე მზადაა კონცეპტუალური მოდელი, რომელსაც ”ჰამსტერი” (რაც ინგლისურად ზაზუნას ნიშნავს) შეარქვეს. სავარაუდოდ, მისი დებიუტი პარიზის საავტომობილო შოუზე გაიმართება. ის აღჭურვილია 1.2-ლიტრიანი დიზელით, რომელიც 75 ცხენის ძალას ავითარებს და ელექტროძრავით, რომლის სიმძლავრე სულ რაღაც 10 ცხენის ძალაა. გარდა ამისა, კონცეპტუალური ავტომობილის ეკიპირებაში ასევე შედის სისტემა სტოპ-სტარტი და მზის ელემენტების ბლოკი, რომელიც სახურავზეა განთავსებული და დამატებით ენერგიას გამოიმუშავებს.

არაოფიციალური მონაცემებით, ”დაჩია ჰამსტერის” სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება. და, მიუხედავად იმისა, რომ მისი წარმოებისთვის ძვირადღირებულ ტექნოლოგიებს გამოიყენებენ, ჰიბრიდული ქროსოვერის ღირებულება 10 000 ევროზე მეტი არ იქნება.

Friday, June 18, 2010

”სუბარუ იმპრეზა ბერლინეტა” - ჯერ მხოლოდ სტუდიური კონცეპცია

Subaru Impreza Berlinetta Rear-Engine Concept Study

18 ივნისი

დიდი ხანია, ”სუბარუს” ფანები იმედოვნებენ და ლოცულობენ, რომ იაპონურმა კომპანიამ სპორტული კუპეს წარმოება დაიწყოს, მაგრამ ჯერჯერობით, მათი ოცნება ჰაერშია გამოკიდებული. მას შემდეგ კი, რაც ”სუბარუ” ”ტოიოტას” პარტნიორი გახდა, გაჩნდა იმედი, რომ ბოლოს და ბოლოს, მოსახდენი მოხდებოდა.
დღეს უკვე შეიძლება ითქვას, რომ მალე ”სუბარუ” აუცილებლად დაიწყებს ”ტოიოტას” FT-86-ის მისეული ვერსიის წარმოებას. მაგრამ როგორი გარეგნობა ექნება ”სუბარუსეულ” სპორტსმენს? ამის თაობაზე, ჯერ მხოლოდ მარჩიელობა შეიძლება. თუმცა, იტალიურმა სადიზაინერო ფირმა ”ბეესტუდიამ” მარჩიელობას საქმის კეთება ამჯობინა და სპორტული ”სუბარუს” მისეული, მეტად საინტერესო ხედვა შემოგვთავაზა.
ესაა ”სუბარუ იმპრეზა ბერლინეტა”, ორადგილიანი კუპე, რომელიც მისი ავტორების ჩანაფიქრით, ”იმპრეზა STI-ის” ბაზაზე უნდა შეიქმნას. მაგრამ ისინი მნიშვნელოვან ცვლილებას ითვალისწინებენ - მათ ავტომობილზე ძრავი ბაზაში მოთავსდება და თუ ”იმპრეზაზე” წინა ცილინდრები ავტომობილის წინა მხარესაა მიქცეული, კონცეპტუალურ მოდელზე (რომელიც ჯერ მხოლოდ კომპიუტერით შემუშავებული ესკიზების სახით არსებობს) წინა ცილინდრები უკან ”გაიხედავენ”. ანუ ძალური დანადგარები (ძრავი და ტრანსმისია) 180 გრადუსით მობრუნდება.
”ბეესტუდიოს” განცხადებით, მათი ”ბერლინეტა” ფოლადის ოთხკუთხა მილებისგან შეკრულ სივრცობრივ ჩარჩოზე აიგება, ძარის ნაწილები კი შუშის ბოჭკოს კომპოზიტისგან დამზადდება. შესაძლებელია შასის ალუმინის ფურცლებისგან შეკვრა, ძარის კი კარბონის კომპოზიტისგან დამზადება, რაც ავტომობილს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს.

საუდელები უგზოობის ავტომობილს გამოუშვებენ

Saudi Arabia King Greenlights Gazal 1 for Production

18 ივნისი

ჟენევის წლევანდელ საავტომობილო შოუს ერთ-ერთი ვარსკვლავი უგზოობის კონცეპტუალური ავტომობილი, სახელად ”გაზალ 1” იყო, რომელიც საუდის არაბეთში შეიქმნა. მაშინ არავინ იცოდა, რა ბედი ელოდა ამ ორიგინალურ ავტომობილს. მაგრამ გავიდა სამი თვე და საუდის არაბეთის მეფე აბდულამ, სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ”გაზალ 1” კონვეიერზე დადგება.

”გაზალ 1-ის” შექმნაში, ერ რიადის უნივერსიტეტის სტუდენტების გარდა, მონაწილეობა ავსტრიულ კომპანია ”მაგნა შტეირის” სპეციალისტებმაც მიიღეს. მართალია, ავტომობილი გარეგნულად ”ტოიოტას” უგზოობის ”FJ კრუიზერს” ჰგავს, მაგრამ ის სულ სხვა ავტომობილის - ”მერსედეს ბენცის” G--კლასის უგზოობის მოდელის პლატფორმაზეა აგებული და V8 ძრავითაა აღჭურვილი.

გამოცემა ”არაბ ნიუსთან” საუბრისას, ”გაზალ 1-ის” შემქმნელებმა განაცხადეს, რომ ეს ავტომობილი საუდის არაბეთის და მისი მეზობელი ქვეყნების უმკაცრესი კლიმატური პირობების შესაბამისადაა შექმნილი. სავარაუდოდ, არაბულ ავტომობილს ”მაგნა შტეირის” ავსტრიული საწარმო გამოუშვებს. წლიურად კი სულ 20 000 ცალი ”გაზალ 1-ის” წარმოებაა დაგეგმილი.

Tuesday, June 15, 2010

ჩინელები ელექტრომობილების პროპაგანდას იწყებენ

Beijing's real goal in promoting electric vehicles

14 ივნისი

ჩინეთის მთავრობა ახალ ეკოლოგიურ კამპანიას იწყებს, რომლის მიზანიც, ქვეყანაში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ეკოლოგიურად სუფთა - ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების პროპაგანდა-პოპულარიზაციაა. კამპანია ჯერჯერობით პილოტურ ეტაპზეა და მხოლოდ ხუთ ქალაქს შეეხება, თუმცა სავარაუდოდ, ის მალე მთელს ქვეყანაზეც გავრცელდება.

როგორც საავტომობილო ბიზნესის მიმომხილველები ვარაუდობენ, ჩინეთის მთავრობას ამ წამოწყებისთვის სულ სხვა საბაბი აქვს - ესაა ადგილობრივი ავტომწარმოებლებისთვის განვითარებაში ხელის შეწყობა და მათთვის სტიმულის მიცემა იმისათვის, რომ თავიანთ უცხოელ პარტნიორებთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი განავითარონ.

მოსალოდნელი იყო, რომ პროგრამაში მონაწილე ხუთ ქალაქს შორის, ადგილი პეკინისთვისაც გამოიძებნებოდა - ამ ქალაქს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაბინძურებული ჰაერი აქვს. მაგრამ პეკინი სიაში ვერ მოხვდა, რასაც მარტივი მიზეზი აქვს - ხუთეულში ის ქალაქები შეიტანეს, სადაც 6 ყველაზე დიდი ჩინური ავტოკომპანიის შტაბ-ბინა მდებარეობს, რომლებსაც ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების წარმოების გამოცდილება აქვთ.

ჩინეთის მთავრობის პილოტური პროგრამის მიხედვით, ჰიბრიდული ავტომობილების მყიდველებისთვის, სუბსიდიის სახით, 50 000 იუანია ($7 321) გათვალისწინებული, ელექტრომობილების მყიდველები კი მთავრობისგან ჯილდოს სახით 60 000 იუანს ($8,785) მიიღებენ. ამასთან, ხუთივე ქალაქი ვალდებულია, რომ თავის ფარგლებში, აკუმულატორების დასამუხტი სადგურების და ნახმარი აკუმულატორების მიღება-გადამუშავების სადგურების ქსელი შექმნას.

სხვათა შორის, ეს ქალაქები ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების მყიდველებს, თავადაც უწესებენ შეღავათებს. მაგალითად, ქალაქ შენჯენში, ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილების მყიდველებს, შეღავათად 20 000 იუანი ($2 928) დაუწესდათ. ყველაფერი ეს აშკარას ხდის, რომ ის კომპანიები, რომლებიც ჩინეთში ჰიბრიდულ და ელექტრულ ავტომობილებს შეიტანენ, სოლიდური შეღავათებით ისარგებლებენ.

პილოტურ პროგრამაში შემდეგი ქალაქები მონაწილეობენ: შანჰაი, ჩანჩუნი, შენჯენი, ჰანჯოუ და ჰეფეი. სწორედ ამ ქალაქებში მდებარეობს 6 უდიდესი ჩინური საავტომობილო კომპანიის მთავარი ოფისები. ეს კომპანიებია: შანჰაი ავტომოტივ ინდასტრი კორპორეიშნი (SAIC) - რა თქმა უნდა, შაჰნაიში, FAW ჯგუფი - ქალაქ ჩანჩუნში, BYD ავტოს შტაბ-ბინა შენჯენში მდებარეობს, ”ჩერი ავტომობილისა” - ფეჰეის გარეუბან ვუჰუში, ”ჯეძიან ჯილი ჰოლდინგ” ჯგუფი და ”ზოიტ” ჯგუფი კი - ჰანჯოუში.

საინტერესოა, რომ ამ კომპანიებს, ჩინეთის ტერიტორიაზე გამართულ საავტომობილო გამოფენებზე, არაერთი ჰიბრიდული და ელექტრული კონცეპტუალური მოდელი აქვთ ნაჩვენები, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი მათ წარმოებას მალე დაიწყებენ. უფრო მეტიც, ყველას ქვეყნის და აღნიშნული ქალაქების მთავრობებთან ახლო საქმიანი და პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. მაგალითად, BYD-მა ახლახანს გამოაცხადა, რომ ასეულობით ელექტრომობილ e6-ს (სურათზე) ქალაქ შენჯენის ტაქსის პარკისთვის დაამზადებს. ანალოგიური მოქმედება სხვა კომპანიების მხრიდანაცაა მოსალოდნელი.

ამ კომპანიების გარდა, სამთავრობო, თუნდაც საპილოტო პროგრამაში კიდევ რამდენიმე ჩინური კომპანია და მათი ქალაქი ვერ მოხვდა. მათგან ყველაზე დიდებია ”ჩანგან ავტომობილი” (ქალაქი ჩონპინი) და ”ბეიძინ ავტომოტივ ინდასტრი ჰოლდინგი” (იგივე BAIC, ქალაქი პეკინი).

”ჩანგანი” ფულს არ იშურებს ახალი ტექნოლოგიების შემუშავებასა და შეძენაში. მისი სპეციალისტები ჰიბრიდებზე, პლაგ-ინ ჰიბრიდებზე, ელექტრომობილებსა და ფიჭურ საწვავზე მომუშავე ტექნოლოგიებზე მუშაობენ. მაგრამ აქამდე ამ კომპანიას ბაზარზე თითქმის არ აქვს პლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილები. იგივე სიტუაციაშია ”ბეიძინ ავტომოტივიც”, რომელმაც პეკინის გამოფენაზე პლაგ-ინ ჰიბრიდული და ელექტრული კონცეპტუალური მოდელები კი წარადგინა, მაგრამ მათი წარმოების დაწყებას აგვიანებს. ამიტომაც, ისინი პილოტურ პროგრამაში არ დაუშვეს.

ამ პილოტურ პროგრამას კიდევ ერთი დადებითი თვისება აქვს: ადგილობრივმა კომპანიებმა კარგად გაიგეს, თუ რა მიმართულებით უნდა განახორციელონ ინვესტიციები, რომ მაქსიმალური მოგება მიიღონ და ამ ინვესტიციებმა მათი სწრაფი განვითარება უზრუნველყოს. არადა, ადრე არავინ იცოდა, ქვეყნის მთავრობა რომელ ტექნოლოგიებს მიანიჭებდა უპირატესობას - პლაგ-ინ ჰიბრიდებისას, ელექტრომობილებისას, თუ ფიჭური უჯრედებისას. ახლა აშკარად გაირკვა - ფიჭურ საწვავებს ჩინეთში არ სწყალობენ და აქედან გამომდინარე, შესაბამისი ტექნოლოგიების განვითარებას მომავალი არ აქვს. არადა, SAIC-ს ფიჭური ელემენტების შემუშავებაზე, არაერთი ათეული მილიონი დოლარი აქვს დახარჯული...

Monday, June 14, 2010

”სააბი” და ”ბეემვე” პარტნიორობას აპირებენ

Saab, BMW in talks to develop new 9-2, paper says

14 ივნისი

სააგენტო ბლუმბერგი გვამცნობს, რომ ავტომობილების მწარმოებელი შვედური კომპანია ”სააბი” მოლაპარაკებას გერმანულ ”ბეემვესთან” აწარმოებს. მოლაპარაკების თემა ტექნოლოგიების და მაკომპლექტებლების გაცვკლას ეხება, ეს კი ”სააბს” ახალი, კომპაქტური ავტომობილის წარმოებისთვის ესაჭიროება.

კომპაქტური ”სააბის” კონცეპტუალური ესკიზი

..........................................

თუ მხარეები პარტნიორობის დაწყებას გადაწყვეტენ, ”ბეემვე” ”სააბს” ძრავებს და ტრანსმისიებს მიაწვდის. რაც მთავარია, შვედურ კომპანიას, ბავარიელთა პლატფორმების გამოყენების საშუალება მიეცემა. ეს ინფორმაცია ბლუმბერგს მოლაპარაკებაში მონაწილე ორმა პიროვნებამ მიაწოდა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

მათი განცხადებით, მოლაპარაკება ჯერ მხოლოდ ადრეულ სტადიაშია და ის არაოფიციალურ სტატუსს ატარებს. მოსალოდნელია, რომ მხარეები შეთანხმებამდე ორ თვეში მივლენ. შვედურ მხარეს ძლიერი პარტნიორი იმისათვის სჭირდება, რომ კომპაქტური მოდელის შემუშავებას აპირებს, რომლის შესაფერისი პკატფორმა და აგრეგატები მას არ გააჩნია. ”ბეემვეს” კი ”მინის” სახით, შესანიშნავი ბაზა აქვთ.

სააბ 92

..........................................

სხვათა შორის, კომპაქტურ ავტომობილს (სააბ 92) შვედური კომპანია 1950-იან წლებში აწარმოებდა. მაგრამ დიდი ხანია, ”სააბმა” ეს სეგმენტი დატოვა და ახლა იქ დაბრუნებას აპირებს. ეს კი ”სააბის” ახალი მფლობელის, ჰოლანდიურ კომპანია ”სპაიკერის” წამოწყებაა, რომელსაც მიზნად შვედური კომპანიის გამოცოცხლება აქვს დასახული.

”სპაიკერმა” ”სააბი” თებერვალში გამოისყიდა ”ჯენერალ მოტორსისგან”, ბოლო სამი თვე კი ამ ბიზნესის თავის ხელში აღებასა და ამერიკულ ავტო გიგანტთან კავშირების გაწყვეტაში გაატარა. ბლუმბერგთან საუბრისას, ”სპაიკერის” მთავარმა აღმასრულებელმა ვიქტორ მიულერმა განაცხადა, რომ ”სააბი” პარტნიორობის თაობაზე, მოლაპარაკებას რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს. მაგრამ მას ”ბეემვე” არ უხსენებია. სამაგიეროდ დაადასტურა, რომ შვედური კომპანიის ინტერესი სხვა კომპანიების ტექნოლოგიების და აგრეგატების მისთვის ხელმისაწვდომობაა.

”სააბიც” ადასტურებს, რომ პარტნიორი, ან პარტნიორები ესაჭიროება და ალიანსის შექმნასაც არ გამორიცხავს. კომპანიის განცხადებით, მოდელ 9-3-ზე პატარა ავტომობილის წარმოება, ჯერჯერობით ”სააბის” გეგმებში არ შედის, თუმცა კომპანია თავის საწარმოო პროგრამაში ასეთი მოდელის გამოჩენას ისურვებდა.

თავის მხრივ, ”ბეემვე” თავს არიდებს ”სააბთან” მოლაპარაკებების არსებობაზე საუბარს. თუმცა აცხადებს, რომ ადასტურებს, რომ რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, რომლებიც მისი ტექნოლოგიების გამოყენებით არიან დაინტერესებულნი. უფრო მეტიც, ბავარიელები ირწმუნებიან, რომ შვედურ კომპანიასთან არანაირი კონტაქტი არ აქვთ.

მაგრამ შვედური გაზეთი ”დაგენს ინდუსტრი” ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ”სააბი” თავის საშუალო ზომის ქროსოვერ 9-4X-ისთვის, ”ბეემვეს” დიზელის ძრავების გამოყენებასაც გეგმავს. შვედური კომპანია ამ ავტომობილის წარმოებას ”ჯენერალ მოტორსის” მექსიკურ საწარმოში გეგმავს.

”სპაიკერი” იმედოვნებს, რომ 2012 წელს ”სააბის” წარმოების მოცულობა გაორმაგდება და წლიურად 85 000 ავტომობილს მიაღწევს.

Saturday, June 12, 2010

”ფოლკსვაგენის” ელექტრო ტაქსი ბერლინისთვის

Volkswagen Berlin Taxi

12 ივნისი

”ავტო პანორამას” მკითხველს ემახსოვრება ელექტრომობილი, რომელიც ”ფოლკსვაგენმა” სპეციალურად, მილანის ტაქსის როლში სამუშაოდ შექმნა. ახლა მსგავსი ავტომობილი ვოლფსბურგულმა გიგანტმა ბერლინისთვისაც მოამზადა და მას ”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” უწოდა.
ისევე როგორც მილანური ტაქსი, ბერლინურიც კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა, თუმცა თავის მგზავრებს კომფორტს მაინც სთავაზობს. მისი სიგრძე 3.730 მეტრი, სიგანე 1.660 მეტრი და სიმაღლე 1.600 მეტრია. მასში ჩაჯდომის გასაადვილებლად, იმ მხარეს, საიდანაც მგზავრებს უწევთ ჩაჯდომა, კარი გასაწევია. მძღოლის მხარეს კი ავტომობილს მხოლოდ ერთი, ჩვეულებრივი კარი აქვს.

სალონში ვერ ნახავთ სავარძელს მძღოლის გვერდზე. ეს ადგილი ბარგის დასაწყობადაა გამოყოფილი. ამასთან, ბარგის დაფიქსირება სპეციალური სამაგრითაა შესაძლებელი. მძღოლის სავარძლის გვერდზე დამაგრებულია სენსორული მონიტორი, რომელზეც სხვადასხვა ინფორმაციის (მარშრუტის, მგზავრობის ღირებულების, გზაში ყოფნის დროის და სხვა) გამოტანაა შესაძლებელი. მისი მეშვეობით ასევე შესაძლებელია სხვადასხვა ცნობის მიღება და სალონში სასურველი კლიმატის დაყენება.

”ფოლკსვაგენ ბერლინ ტაქსი” მოძრაობაში 85-კილოვატიან ელექტროძრავს მოჰყავს, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი კვებავს. ამ ბლოკის ტევადობა კი საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა შეუჩერებლად 300 კილომეტის გავლა შეძლოს. ამასთან, აკუმულატორების დაახლოებით 80 პროცენტით შესავსებად, ერთი საათიც საკმარისია.

”ფოლკსვაგენი” ელექტრო ტაქსების წარმოების დაწყებას 2013 წელს გეგმავს.

”მინი” კუპესა და როდსტერს გამოუშვებს

Mini VP Says New Coupe Will Arrive Next Summer

12 ივნისი

საბოლოოდ გადაწყდა, რომ ინგლისური კომპანია ”მინი”, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, ორ ახალ მოდელს - კუპესა და როდსტერს გამოუშვებს. ”მინის” ამერიკული განყოფილების პრეზიდენტმა ჯიმ მაკდაუელმა განაცხადა, რომ ”მინი კუპეს” წარმოება მერმისს, აგვისტოში დაიწყება, მისი ღიაძარიანი ვერსია, ”მინი როდსტერი” კი ბაზარზე ერთი წლით გვიან გამოჩნდება

შეგახსენებთ, რომ ფრანკფურტის შარშანდელ ავტო გამოფენაზე, ”მინიმ” ორი კონცეპტუალური მოდელი - ”კუპე” და ”როდსტერი” წარადგინა და პირველად გვამცნო იმის შესახებ, რომ შესაძლებელი იყო, მის სამოდელო გამას ეს ორი ავტომობილი დამატებოდა.

ახალი სერიული ავტომობილების შესახებ დეტალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ გარეგნულად ეს ავტომობილები ფრანკფურტში ნაჩვენებ კონცეპციებს ძალიან დაემსგავსება, რადგან მათ დამთვალიერებელთა და სპეციალისტთა დიდი მოწონება დაიმსახურეს.

დიდი ალბათობით შეიძლება ითქვას, რომ სპორტული ავტომობილები საბაზო ჰეჩბეკზე მსუბუქები გამოვა. ამასთან მათი დიზაინიც ოდნავ განსხვავებული იქნება, თუმცა საერთო ჯამში, ნაცნობსა და ავტომოყვარულთა შორის ერთობ პოპულარულ იერს შეინარჩუნებენ.

ორივე ავტომობილის აღჭურვილობა კონცეპტუალური მოდელების მსგავსი იქნება. ფრანკფურტში ნაჩვენები კუპე აღჭურვილი იყო 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით, რომელიც 211 ცხენის ძალას იძლევა. სხვათა შორის, ამ ძრავს მის მიერ ”მინის” ჰეჩბეკის მოდერნიზებისას, სატუნინგო ატელიე ”ჯონ კუპერ უორკსი” იყენებს. რაც შეეხება ”როდსტერს”, მის კაპოტქვეშ, ასევე 1.6-ლიტრიანი ძრავი, ოღონდ ტურბოს გარეშე მოთავსდა და ის ”მხოლოდ” 175 ცხენის ძალას იძლევა.

რა თქმა უნდა, ჯერჯერობით ცნობილი არაა, ამ ორიდან რომელი ძრავებით აღიჭურვება უახლესი ”კუპე” და ”როდსტერი”. სამაგიეროდ ცნობილია, რომ ორივე ავტომობილს ”მინის” ოქსფორდის ქარხანა გამოუშვებს.

”ჰიუნდაი ველოსტერი” პარიზული დებიუტისთვის ემზადება

Hyundai Veloster

12 ივნისი

კორეული კომპანია ”ჰიუნდაი” წარმოებისთვის სრულიად ახალ მოდელს, სპორტულ ”ველოსტერს” ამზადებს. ავტომობილი ამჟამად საგზაო გამოცდებს გადის და ის პაპარაცებმა სწორედ ტესტირების დროს, კამუფლირებულ ფორმაში დააფიქსირეს. მართალია, ავტომობილი გარეგნულად შენიღბულია, მაგრამ ასეც ადვილად ჩანს, რომ გარეგნულად ის იმ კონცეპტუალურ ავტომობილს დაემსგავსება, რომელიც ”ჰიუნდაიმ” ოთხი წლის წინ, სეულის საავტომობილო შოუზე გამოფინა.

კონცეპტუალური მოდელი კი ელეგანტური დიზაინით გამოირჩევა. მას მხოლოდ ორი კარი აქვს, ძარა კი ეგრეთ წოდებული ფასტ ბეკის ტიპისაა. მისი სახურავი ოდნავაა დახრილი და ძრავის მაღალ კაპოტში გადადის. წინიდან და უკნიდან, ავტომობილი დიდრონი ფარებით გამოირჩევა. ამ მანქანით, ”ჰიუნდაი” თავის პოპულარულ სპორტულ მოდელ ”კუპეს” (ზოგიერთ ბაზარზე ის ტიბურონის სახელითაა ცნობილი) შეცვლის.

”ჰიუნდაი ველოსტერი” ბენზინის 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება, რომელიც 121 ცხენის ძალას და 155 ნიუტონმეტრს გამოიმუშავებს. მოგვიანებით, ამავე ავტომობილზე, იგივე ლიტრაჟის ტურბოძრავსაც დააყენებენ, რომლის სიმძლავრეც, მინიმუმ 175 ცხენის ძალა იქნება.

ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას კორეული კომპანია პარიზულ დებიუტამდე რამდენიმე დღით ადრე გამოაქვეყნებს.

Friday, June 11, 2010

”სუზუკი სვიფტი” ზომებში გაიზარდა

Suzuki Swift

11 ივნისი

ოაპონურმა კომპანია ”სუზუკიმ” ინტერნეტით თავის პოპულარულ კომპაქტურ ჰეჩბეკ ”სვიფტის” ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გაავრცელა. ახალი ავტომობილი მის წინამორბედზე გრძელი, ფართე და იმავდროულად, მსუბუქიცაა. ახლის პლატფორა და ბაზა ძველისაზე სესაბამისად, 0.09 და 0.05 მეტრით გრძელია.

ახალი ”სვიფტი” სრულიად ახალ, ბენზინის 1.2-ლიტრიან ძრავს მიიღებს, რომლის სიმძლავრეც 92 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 120 ნიუტონმეტრია. ძრავთან შესაწყვილებლად განკუთვნილია როგორც მექანიკური, ასევე ავტომატური კოლოფი. კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, ძრავის ხარჯი 100 კილომეტრზე 4.2 ლიტრს შეადგენს, ყოველ კილომეტრზე კი ის ატმოსფეროში 116 გრამ CO2-ს გამოჰყოფს.

ცოტა ხანში კი, ახალი ”სვიფტისთვის” კომპანია 1.3-ლიტრიან დზელის ძრავის მოდიფიცირებას დაასრულებს, რომლის საწვავის ხარჯიც სულ რაღაც 3.5 ლიტრი (100 კმ-ზე), გამონაბოლქვში CO2-ის შემცველობა კი 109 გრამია (ყოველ კილომეტრზე). გარდა ამისა, 2011 წელს კომპანია სპორტულ ”სვიფტსაც” გამოუშვებს, რომელიც 1.6-ლიტრიანი ძრავით აღიჭურვება.

ახალი ”სვიფტის” წარმოებას ”სუზუკი” პარიზული ავტოგამოფენის შემდეგ დაიწყებს და ფასსაც მაშინ დაასახელებს. სავარაუდოდ, ჰეჩბეკის საბაზო, ყველაზე იაფი ვერსია 13 000 ევრო ეღირება.

”მინი” შვიდადგილიან ”ქანთრიმენზე” მუშაობს

MINI Countryman

11 ივნისი

პოპულარულ რეტრო ჰეჩბეკების მწარმოებელმა ბრიტანულმა კომპანია ”მინიმ” ქროსოვერ ”ქანთრიმენის” დაგრძელებული ვერსიის წარმოება გადაწყვიტა, ავტომობილისა, რომელსაც შვიდი ადგილი (მათ შორის, მძღოლისაც) ექნება. ეს ქროსოვერი ”მინის” სამოდელო გამაში ისედაც ყველაზე ტევადი ავტომობილია და ამიერიდან, ის კიდევ უფრო გაიზრდება, სახელში კი ”პლუს” დაემატება.

”მინის” მთავარ ბრენდ მენეჯერის, დოქტორ ვოლფგანგ არმბრეხტის განცხადებით, ”ქანთრიმენის” ბორბლებს შორის ბაზა 2.591 მეტრია, ”ქანთრიმენ პლუსისთვის” კი ის 2.713 მეტრამდე გაიზრდება. შესაბამისად, გაიზრდება ავტომობილის სიგრძეც.

ამგვარად, ”მინი” თანდათან ცდილობს თავისი ავტომობილების გაბარიტების გაზრდას. სხვათა შორის, ინტერნეტით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შემდეგ საბაზო ჰეჩბეკიც ზომებში მოიმატებს.

რაც შეეხება შვიდადგილიან ”ქანთრიმენ პლუსს”, სავარაუდოდ ბაზარზე ის კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევს, როგოებიცაა ”ტოიორას” RAV4 და ”ჰონდას” CR-V.

”რენო ლატიტუდი” - ბიზნეს კლასის სედანი

Renault Latitud

11 ივნისი

”რენო” წარმოებისთვის ამზადებს ბიზნეს კლასის სედან ”ლატიტუდს”, რომლის მსოფლიო პრემიერაც, რატომღაც პარიზის საავტომობილო შოუმდე რამდენიმე დღით ადრე, მოსკოვის ავტო შოუზე შედგება.

ახალი სედანის გაბარიტებია: სიგრძე 4.89 მეტრი, სიგანე 1.83 მეტრი, სიმაღლე კი - 1.49 მეტრი. ის ”რენოს” ”სამხრეთკორეული შტოს, ”სამსუნგის” უახლეს ბიზნეს სედან SM5-ის ბაზაზეა შექმნილი, რომლის გაყიდვებიც კორეაში ახლახანს დაიწყო.

ჯერჯერობით, ფრანგული კომპანია სედან ”ლატიტუდის” ტექნიკურ მონაცემებს არ აქვეყნებს. სამაგიეროდ ცნობილია, რომ დამატებითი მოწყობილობები, პირველ რიგში, ავტომობილის კომფორტის გაზრდისთვისაა მოწოდებული. ასეთ მოწყობილობათა შორისაა ჰაერის ორრეჟიმიანი იონიზატორი, რომელსაც ორმაგი არომატიზატორი აქვს, მძღოლის სავარძელი, რომელსაც მასაჟის ფუნქციაც გააჩნია, სამზონიანი კლიმატ კონტროლი, კომპანია ”ბოსეს” აუდიოსისტემა და ავტომობილში შეღწევის უკონტაქტო სისტემა.

საერთაშორისო ბაზარზე, სედანი ”ლატიტუდი” ფრანგული კომპანიის ფლაგმანი გახდება. პარიზული გამოფენის შემდეგ, ის ერთდროულად ევროპის, აზიის, მექსიკის, აფრიკისა და ავსტრალიის ბაზრებზე გამოჩნდება.

”ფიატი” ახალ, ზეეკონომიურ ჰიბრიდულ აგრეგატს ქმნის

Fiat’s 80g/km baby hybrid

11 ივნისი

”ფიატი” თავისი კომპაქტური ავტომობილებისთვის სრულიად ახალ, კომპაქტურსა და მეტად ეკონომიურ ჰიბრიდულ დანადგარს ქმნის. ბრიტანულ გამოცემა ”ავტოქარის” მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჰიბრიდულ სისტემაში შევა სერია ”ტვინ ეარის” ორცილინდრიანი ბენზინის ძრავი (მუშა მოცულობა 0.9 ლიტრი), ელექტროძრავი და გადაცემათა კოლოფი, რომელსაც ძრავთან ორდისკოიანი ქურო დააკავშირებს.

იმისათვის, რომ დანადგარის კომპაქტურობა უზრუნველყონ, ”ფიატის” იჟინრებმა გადაწყვიტეს, რომ ელექტროძრავი, რომელიც ავტომობილის მცირე სიჩქარით მოძრაობას უზრუნველყოფს, გადაცემათა კოლოფის კორპუსში შეეტანათ. ჯერჯერობით, ჰიბრიდული სისტემის სიმძლავრე არ გამოქვეყნებულა. სამაგიეროდ, ”ავტოქარი” გვაუწყებს, რომ ეს აგრეგატი ყოველ კილომეტრზე გარემოს მხოლოდ 80 გრამი СО2-ით აბინძურებს.

არაოფიციალური მონაცემებით, ამ ძრავის ყოველმხრივი ტესტირების შემდეგ, ტურინში მწვანე შუქს აუნთებენ პროექტ ”ფიატ ტოპოლინოს” (ტოპოლინო იტალიურად პატარას ნიშნავს), რომელიც ორი წლის წინ შემუშავდა, მაგრამ ჯერაც თაროზეა შემოდებული.

”ფიატს” ჯუჯა მოდელ ”ტოპოლინოს” წარმოება წელს უნდა დაეწყო, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, პროექტის განხორციელება გაურკვეველი დროით გადაისო. არაა გამორიცხული, რომ ახალი, კომპაქტური ჰიბრიდული სისტემით პირველად სწორედ ”ტოპოლინო” აღიჭურვოს, რომლის სავარაუდო სიგრძე 3.2 მეტრია. ”ტოპოლინოს” გარდა, იგივე სისტემას ჰეჩბეკ 500-ზე, ”პანდასა” და ახალ ”პუნტოზეც” გამოიყენებენ.