Tuesday, June 9, 2009

მოსლი გუნდებს კომპრომისს სთავაზობს

Formula 1

9 ივნისი

საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტმა მაქს მოსლიმ, ფორმულა ერთის გუნდების ასოციაციია წევრ საჯინიბოებს წერილები დაუგზავნა, რომლითაც მათ 2010 წლის ჩემპიონატში სამონაწილეო განაცხადის ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეტანას სთხოვს. თუ ასე მოხდა, მოსლი პირობას დებს, რომ განაცხადის შემტან გუნდებს, მომდევნო ჩემპიონატის რეგლამენტის საბოლოო ვარიანტის შემუშავებაში მონაწილეობის უფლება ექნებათ.

თურქეთის დიდი პრიზის დღეებში, მოსლისგან ყველა გუნდებისთვის გასაცემ პასუხს ელოდა. და აი, პრეზიდენტმა გამონახა გზა, რომკითაც გუნდებს დაანახა, რომ კომპრომისზე წამსვლელია.

მოსლის თქმით, თუ გუნდებს სპორტის ამ სახეობის მომავლის განსაზღვრაში მონაწილეობა სურთ, მაშინ მათ უარი უნდა თქვან მათ მიერვე წამოყენებულ წინაპირობებზე, რომლებიც მათ ფედერაციაში შეტანილ წინასწარ განაცხადებს მოაყოლეს. ის ირწმუნება, რომ ახალი რეგლამენტი ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა და გუნდებს მის სრულყოფაში მონაწილეობის უფლება მაშინვე მიეცემათ, როგორც კი ფედერაციაში უპირობო განაცხადებს შეიტანენ.

მოსლი ”ფერარის”, ”მაკლარენს”, ”BMW ზაუბერს”, ”რენოს”, ”რედ ბულს”, ”ტორო როსოს”, ”ტოიოტას” და ”ბრაუნ GP-ს” ივნისის შუა რიცხვებში მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და ახალი რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობას სთავაზობს.

”საერთაშორისო სპორტული კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, გუნდების თანხმობის გარეშე, წესების შეცვლის უფლება არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი გუნდები განაცხადებს შემოიტანენ, მათ რეგლამენტის განხილვაში მონაწილეობის უფლება ავტომატურად მიეცემათ. ამგვარად, არჩევანი თქვენზეა”, - ამბობს მოსლი და დასძენს, რომ ახალი რეგლამენტის შემუშავებაში იმ ახალმა გუნდებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა, რომელთა განაცხადებსაც ფედერაცია დაამტკიცებს.

”ველი თქვენს პოზიტიურ რეაქციას. კარგი იქნება, თუ თქვენი პასუხები დღეს, სამუშაო დღის დასრულებამდე, ჩემს მაგიდაზე დაიდება”, - წერილს ულტიმატუმის სტილში ამთავრებს პრეზიდენტი, ვინც ამგვარად მინიშნებს, რომ 12 ივნისამდე ლოდინს არ აპირებს,რადგან ეს ფედერაციასა და გუნდებს შორის თანხმობის ახალი ხელშეკრულების გაფორმების ბოლო ვადაა.

No comments:

Post a Comment