Tuesday, June 9, 2009

”ლექსუსის” ძრავი ახალი ”ესპრიტისთვის”

Lotus Esprit

9 ივნისი

სპორტული ავტომობილების მწარმოებელ ინგლისურ კომპანია ”ლოტუსის” თაყვანისმცემლებს უახლოეს წლებში საინტერესო სიახლეები ელით. ”ლოტუსი” თავისი არცთუ ისე მწირი სამოდელო გამის ძირეულად გაახლებას და რამდენიმე ახალი მოდელის წარმოების დაწყებას გეგმავს.

პირველ რიგში, განახლება შეეხება პოპულარულ მოდელ ”ელისს”, რომელიც უკვე რამდენიმე (14) წელია, ბაზარზეა და კარგად იყიდება. თუმცა, კომპანიაში თვლიან, რომ სანამ ”ელისი” მოძველდება, მანამ სჭირდება განახლება. იგივე ელის იმავე პლატფორმაზე ბაზირებულ ”ექსიჯსაც”.

კომპანიამ, რომელიც მალაიზიური ”პროტონის” კონტროლქვეშაა, წელს დაიწყო სრულიად ახალი მოდელის, ”ევორას” წარმოება, თუმცა ამით დაკმაყოფილებას არ აპირებს და მალე ბაზარზე კიდევ ორი სრულიად ახალი ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. მათგან ერთი ”ესპრიტი” იქნება.

თავის დროზე, ”ესპრიტი” ის იარაღი იყო, რომლითაც ”ლოტუსი” კონკურენციას თვით ”ფერარისაც” კი უწევდა. მაგრამ შემდეგ ინგლისური კომპანია გაკოტრდა და ის ხელში ”პროტონს” ჩაუვარდა. ”ესპრიტი” წარსულს ჩაბარდა და ”ლოტუსმა” შედარებით იაფფასიანი მოდელების (ელისი, ექსიჯი და ევროპა) წარმოება დაიწყო. კომპანია თანდათან ფეხზე დადგა და ახლა ბაზარზე ”ესპრიტის” დაბრუნების დრო დადგა. ამ საქმეში კი ”ლოტუსს” სერიოზული პარტნიორი დაეხმარება.

რაც შეეხება ამ პარტნიორს, შარშან ”ლოტუსის” მთავარმა აღმასრულებელმა მაიკ კიმბერლიმ განაცხადა, რომ ”ესპრიტის” მომზადებაში მის კომპანიას ”პრესტიჟული და ძალიან პატივცემული კომპანია” დაეხმარება. მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ ეს ”პრესტიჟული” კომპანია ”ბეემვე” იქნებოდა, რომლის 3.0-ლიტრიანმა V8 ძრავებმაც ზედიზედ რამდენჯერმე მოიგეს წლის საუკეთესო ძრავის ტიტული. პარალელურად, ”ლოტუსი” უკვე რამდენიმე წელია, მჭიდროდ თანამშრომლობს ”ტოიოტასთან”, რომლისგანაც ძრავებს ღებულობს.

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”ლოტუსი” ”ესპრიტისთვის” ”ლექსუსის” ძრავებს გამოიყენებს. საბაზო ”ესპრიტი” იმავე 3.5-ლიტრიან V6-ს მიიღებს, რომელიც ”ევორაზე” გამოიყენება. ეს ძრავიც ”ტოიოტას” წარმოებისაა და მისი მაქსიმალური სიმძლავრე 300 ცხენის ძალაა. ”ესპრიტის” ტოპ ვერსია კი ”ლექსუს LF-A-ს” (ამ მოდელის წარმოება მერმის დაიწყება) 500-ცხენისძალიან V10-ს მიიღებს.

იმისათვის, რომ ახალი ავტომობილის ფასი მეტისმეტად ძვირი არ გამოვიდეს, მისთვის ”ევორას” მოდიფიცირებულ, დაგრძელებულ პლატფორმას გამოიყენებენ. ცნობისათვის, ეს პლატფორმა ალუმინისგანაა დამზადებული და მისი კონსტრუქცია ადვილად მოდიფიცირებადია.

ახალი ”ესპრიტის” მსოფლიო პრემიერა თავიდან 2010 წლისთვის იგეგმებოდა, მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო, გამოშვების თარიღმა ორი წლით გადაიწია. პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ კუპეს გარდა, ახალი ავტომობილი ღია ძარითაც დამზადდება.

სურათზე: ახალი ”ესპრიტი” ”ლექსუსის” V6, V8 და V10 ძრავებით აღიჭურვება.

No comments:

Post a Comment