Tuesday, June 9, 2009

გარემოზე მზრუნველი ”მიშლენი”

Michelin

9 ივნისი

საბურავების მწარმოებელი ფრანგული კომპანია ”მიშლენი” ირწმუნება, რომ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში, მის მიერ გაყიდული საბურავების გამოყენებით, მთელს მსოფლიოში 66.7 მილიონი ლიტრი საწვავი დაიზოგა და ამით, ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები CO2 გამოიყო.

”მიშლენის” ანგარიშით, მსუბუქი ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დაახლოებით მეხუთედი საბურავების მუშაობისას იხარჯება. სატვირთო ავტომობილებისთვის კი ანალოგიური მაჩვენებელი მესამედია, რადგან სატვირთოების დიდი მასის გამო, გზის საფართან მათი ჩაჭიდება გაცილებით მეტია.

ამ მონაცემების შესამცირებლად, ”მიშლენმა” შარშან სრულიად ახალი კონსტრუქციის მქონე საბურავების სერიის, ”მიშლენ ენერჯი სეივერის” (მიშლენის ენერგიის დამზოგავის) წარმოება დაიწყო. ახალმა ტექნოლოგიამ ჰომოლოგაცია 100 ტიპის მსუბუქი ავტომობილისთვის გაიარა. სულ, წელიწადნახევრის განმავლობაში, ამ ტექნოლოგიით დამზადებული თითქმის 24 მილიონი საბურავი გაიყიდა, რომელთა მეშვეობითაც, 66.7 მილიონი ლიტრი (დაახლოებით1.3 საწვავის სრულად სავსე ავზი) დაიზოგა. სხვა სიტყვებით რომ ითქვას, ყოველ 100 კილომეტრზე საწვავის ხარჯი 0.2 ლიტრით შემცირდა, ყოველი კილომეტრის გავლისას ატმოსფეროში გამოყოფილი CO2-ის წონა კი 4 გრამით შემცირდა.

საერთო ჯამში, ამ პერიოდში ატმოსფეროში 134 000 ტონით ნაკლები ნახშირორჟანგი გამოიყო, რაც 73 000 მსუბუქი ავტომობილის მიერ გამოყოფილი ნახშირორჟანგის ტოლფასია.

სატვირთოებისთვის ”მიშლენის” ახალი ტექნოლოგიაა ”X ენერჯი სეივერ გრინ”, რომლის მეშვეობითაც, (მახსიმალურად დატვირთული და სრულად ექსპლუატირებული) ავტომობილი წლის განმავლობაში დაახლოებით 500 ლიტრ საწვავს ზოგავს. აქ იგულისხმება სატვირთოები, რომლების საშუალოდ 100 კილომეტრზე 33 ლიტრ საწვავს მოიხმარენ.

”მიშლენმა” ეს მონაცემები გარემოს დაცვის დღისადმი სპეციალურად გამართულ კონფერენციაზე გამოაქვეყნა, რომელსაც მექსიკო სიტიმ უმასპინძლა.

No comments:

Post a Comment