Thursday, July 23, 2009

”პორშემ” ვედეკინგი 50 მილიონის საფასურად დაითხოვა

Wendelin Wiedeking

23 ივლისი

პორშემ ვედეკინგი დაითხოვა...

...მახტი კი დანიშნა

.......................................................................................

”პორშეს” ჰოლდინგის სამეთვალყურეო საბჭომ, კომპანიის მთავარი აღმასრულებლის პოსტი ვენდელინ ვედეკინგს დაატოვებინა, ვინც ”ფოლკსვაგენთან” გაერთიანების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მის ადგილს დირექტორთა საბჭოს მიხაელ მახტი დაიკავებს, ვინც აქამდე წარმოების სფეროს კურირებდა. ვედეკინგთან ერთად, პოსტი კომპანიის ფინანსურ დირექტორ ჰოლგერ ჰერტერსაც დაატოვებინეს. კონტრაქტის ნაადრევად შეწყვეტის გამო, კომპენსაციის სახით, ვედეკინგი 50 მილიონ ევროს, ჰერტერი კი 12.5 მილიონ ევროს მიიღებს.

ამიერიდან, ”ფოლკსვაგენს” ”პორშეს” შეძენაში ხელს ვეღარავინ შეუშლის. არადა, სულ ცოტა ხნის წინ, თავად ”პორშე” ცდილობდა ვოლფსბურგული გიგანტის საკონტროლო პაკეტის დაუფლებას. 2005 წლიდან მოყოლებული, ცუფენჰაუზენელებმა (ცუფენჰაუზენი შტუტგარტის გარეუბანია) ევროპის უდიდესი კონცერნის აქციების 51 პროცენტის დაუფლება შეძლეს და კიდევ 20 პროცენტის შესყიდვის უფლებაც მოიპოვეს.

მაგრამ პარალელურად, ”პორშეს” ვალები უგროვდებოდა, რამაც დღეისათვის 9 მილიარდ ევროს მიაღწია. მათ დასაფარად, კომპანიის ხელმძღვანელობა უცხოელი ინვესტორის ძებნას შეუდგა. ასეთად ყატარის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი შეირჩა, თუმცა საბოლოოდ, ვოლფგანგ პორშესა და ფერდინანდ პიხის დიდი მცდელობით, ვედეკინგმა თავისი ვერ გაიტანა და უზარმაზარი კომპენსაციის სანაცვლოდ, პოსტის დატოვებას დათანხმდა.

ამგვარად, გზა გაეხსნა ”ფოლკსვაგენის” მიერ ”პორშეს” შეძენის პროცესს. ამისათვის ვოლფსბურგელები 4 მილიარდი ევროს ინვესტირებას გეგმავენ. პარალელურად, ”პორშე” მალე ”ფოლკსვაგენის” დიდი ოჯახის წევრი გახდება, რომელშიც დღეისათვის გაერთიანებულები არიან: ”ფოლკსვაგენი”, ”აუდი”, ”შკოდა”, ”სეატი”, ”ლამბორგინი”, ”ბუგატი”, ”ბენტლი”, ”მან-ი” და ”სკანია” (ეს ორი სატვირთოების მწარმოებელია).

No comments:

Post a Comment