”სუზუკი სელერიო” თბილისში
Suzuki Celerio
23 ივლისი
იაპონურ კომპანია ”სუზუკი მოტორ კორპორეიშნის” ქართველმა დილერმა, კომპანია ”სენა ავტო სერვისმა” საქართველოში თავისი პარტნიორის უახლესი მოდელი, მინი ავტომობილი ”სელერიო” შემოიყვანა, რომლის გაყიდვებიც გლობალურ ბაზარზე ”სუზუკის” ახალი დაწყებული აქვს.
”სელერიო” ხუთკარიანი მინი ჰეჩბეკია, რომელსაც ოთხი ზრდასრული ადამიანის გადაყვანა შეუძლია. ავტომობილი ფაქტობრივად, პოპულარული ”ალტოს” (რომელიც 30 წლის განმავლობაში, მთელს მსოფლიოში 10 მილიონზე მეტი გაიყიდა) განვითარებაა და იაპონური კომპანიის სამოდელო გამაში, ”ალტოსა” და ”სვიფტს” შორის უკავია ადგილი.
”ჩვენ ”სელერიოს” ადგილი ”ალტოსა” და ”სვიფტს” შორის მივუჩინეთ. თუ თქვენ ტიპიური მასობრივი ავტომობილი გნებავთ, ”ალტოს” გირჩევთ, თუ იმაზე მეტი თანხა გაქვთ, ვიდრე ”ალტოს” შესაძენად გჭირდებათ და სპორტული სტილის ავტომობილის შეძენა გსურთ, მაშინ ”სვიფტი” ინებეთ. მაგრამ თუ თქვენ კოლეჯის სტუდენტი, ან უბრალოდ, ახალგაზრდა ადამიანი ხართ, ვინც ოჯახი ახლახანს შექმნა, იცოდეთ, რომ ”სელერიო” სწორედ თქვენთვისაა”, - ასე აფასებს თავისი კომპანიის მინიავტომობილების სამეულს ”სუზუკის” ავტომობილების მარკეტინგის განყოფილების მთავარი მენეჯერის ასისტენტი არვი ფუგოსო.
”სელერიო” კომპაქტური გაბარიტებით გამოირჩევა. მისი სიგრძე 3 500 მმ, სიგანე 1 600 მმ და სიმაღლე 1 470 მილიმეტრია. მცირე გაბარიტების მიუხედავად, მისი სალონი საკმაო კომფორტულობით გამოირჩევა და მასში თავისუფლად თავსდება ოთხი ადამიანი (მძღოლიანად).
”სელერიო” სპეციალურად ევროპის ბაზრისთვისაა (მარკეტინგულ მოსაზრებათა გამო, ევროპაში ის ”ალტოს” სახელით იყიდება) შექმნილი და შესამამისად, ევრო5 სტანდარტის შესაბამისი, 1.0-ლიტრიანი სამცილინდრიანი (ყოველ ცილინდრზე 4 სარქველით) ბენზინის ძრავითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 65 ცხენის ძალაა ძრავთან 4-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული.
იმისათვის, რომ 955-კილოგრამიან ”სელერიოს” 100 კილომეტრი გაატაროს, ძრავს დაახლოებით 5 ლიტი ბენზინი ესაჭიროება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის სულ რაღაც 103 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს. ამ მაჩვენებლით, ჩვეულებრივი შიდაწვის ძრავებით აღჭურვილ ავტომობილებს შორის, ”სელერიო” ერთ-ერთი ყველაზე ”მწვანე” ავტომობილია.
მათთვის, ვინც ეჭვის თვალით უყურებს მინიავტომობილების უსაფრთხოების დონეს, ყურადღებას იმ ფაქტორზე გავამახვილებთ, რომ ”სელერიოში” ეს საკითხიც მაღალ დონეზეა გადაწყვეტილი. სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის უსაფრთხოების 2 ბალიში, კარებების გამაძლიერებელი ძელები, მუხრუჭების ბლოკირების საწინააღმდეგო სისტემა, ასევე მუხრუჭების დამხმარე სისტემა ბრეიკ ესისტ, ტრავმასაწინააღმდეგო სატერფული, სამწერტილოვანი წინა და უკანა უსაფრთხოების ღვედები.
დაბოლოს, ”სუზუკი სელერიოს” ”სენა აუტოს” ბაგებისა და აღმაშენებლის ხეივანის მე-12 კილომეტრზე მდებარე სალონებში, 12 450 დოლარადაა შესაძლებელი.
No comments:
Post a Comment