Thursday, July 23, 2009

”ნისანი” აკუმულატორებს უსადენოდ დამუხტავს

Nissan

23 ივლისი

კომპანია ”ნისანმა” შეიმუშავა ტექნოლოგია, რომელიც აკუმულატორების უსადენოდ დამუხტვის საშუალებას იძლევა. იაპონური კომპანია ამ სისტემის საკუთარ ელექტრომობილებზე გამოყენებას აპირებს. ბრიტანულ გაზეთ ”გარდიანის” ინფორმაციით, პირველი ავტომობილი, რომელზეც ახალ სისტემას გამოიყენებენ, ”ნისან ZEV-ია” (ზერო ემიშნ ვიჰაიქლ), რომელიც იაპონიისა და ამერიკის ბაზრებზე მერმისიდან გამოჩნდება, ევროპამდე კი 2012 წელს მიაღწევს.

”ნისანის” მიერ შემუშავებული ტექნოლოგია ელექტრომაგნიტური ინდუქციის გამოყენებაზეა დამყარებული. მსგავსი ტექნოლოგია საყოფაცხოვრებო ტექნიკაში (ელექტროსაპარსებსა და კბილის ელექტრულ ჯაგრისებში) უკვე გამოიყენება. ასეთი ტექნოლოგიის მეშვეობით, აკუმულატორი უსადენოდ იმუხტება. ახალი სისტემებით აღჭურვილი ავტომობილები სპეციალურ სადგომებზე, ღამის, ან დღის დროებითი პარკირებისას დაიმუხტება.

იმის გასაგებად, თუ რამდენად შეიძლება ასეთმა სისტემამ ელექტრომობილების მყიდველების დაინტერესება გამოიწვიოს, ”ნისანის” მარკეტოლოგებმა გამოკითხვა ჩაატარეს, რომელმაც აჩვენა, რომ ელექტრომობილების პოტენციურ მყიდველთა 61 პროცენტს აკუმულატორების ხშირად დამუხტვის პერსპექტივა აშინებს.

”ჩვენი ტექნოლოგიის მეშვეობით, თქვენი ელექტრომობილის აკუმულატორებს 80 პროცენტით 25 წუთში დამუხტავთ და ეს მანამ მოხდება, სანამ მაღაზიაში საყიდლებზე იქნებით, ან კაფეში ყავის დალევას და გაზეთის გადაკითხვას მოასწრებთ”, - ამბობს ”ნისანის” ევროპული შტოს სტრატეგიისა და დაგეგმარების განყოფილების მთავარი მენეჯერი ლარი ჰადადი. მას არ დაუზუსტებია, თუ ვინ უზრუნველყოფს იაპონიასა და ამერიკაში უსადენო დამმუხტავი პუნქტების ქსელის შექმნას. თუმცა, ამ საქმეს ალბათ ჰოლდინგი ”ბეტერ პლეისი” ითავებს, რომელიც ”რენოსთან” და ”ნისანთან” ერთად, მთელს მსოფლიოში ელექტრომობილების ინფრასტრუქტურის მოწყობას გეგმავს.

”ნისან ZEV” იაპონური კომპანიის პერველი ელექტრომობილია, რომელიც ფაქტობრივად, მზადაა წარმოებისთვის. ეს არის ჰეჩბეკ ”ნისან კუბის” ბაზაზე შექმნილი მანქანა, რომელსაც ერთი დამუხტვით 160 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ რაღაც 145 კმ/სთ-ია, სამაგიეროდ, გარემოს გამონაბოლქვით პრაქტიკულად არ აბინძურებს.

No comments:

Post a Comment