”კორვეტი” იტალიური გარეგნობით
SV 9 Competizione
23 ივლისი
პატარა იტალიურმა კომპანია ”SV მოტორ კომპანიმ”, ამერიკულ სუპერავტომობილ ”შევროლე კორვეტის” ბაზაზე, ამ ავტომობილის თავისეული ვერსია დაამზადა, რომელსაც ”ალფა რომეოს” ელეგანტურ ”8C კომპეტიციონესთან” მსგავსების გამო, ”SV 9 კომპეტიციონე” ეწოდა.
კომპანიის დიზაინერებს სურდათ, რომ მათი ქმნილება ტიპიურ იტალიურ სტილში შეესრულებინათ. ავტომობილის ბაზისად ”შევროლე კორვეტის” შასი და ძრავი (თავისი კოლოფით) აიღეს, ძარა კი იტალიური კომპანიის სპეციალისტებმა შეიმუშავეს.
დიზაინზე მუშაობისას, ავტომობილის ტექნიკურ-დინამიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე, აქცენტი იმაზე გაკეთდა, რომ მას სპორტული, ზომიერად აგრესიული გარეგნობა ჰქონოდა. პარალელურად, დიდი ყურადღება მის აეროდინამიკურ მახასიათებლებსაც დაეთმო. კომპანიის განცხადებით, ”SV 9 კომპეტიციონეს” წინა ნაწილი ისეა დაპროექტებული, რომ მის მიერ განაწილებულმა ჰაერის ნაკადმა ავტომობილის ოპტიმალური დინამიკური დატვირთვა უზრუნველყოს.
”SV 9 კომპეტიციონეს” ძარის ელემენტების დიდი ნაწილი კარბონის კომპოზიტისა და სხვა მსუბუქი მასალებისგანაა დამზადებული, რისი წყალობითაც, ავტომობილი ”კორვეტზე” 60 კილოგრამით მსუბუქი გამოვიდა. ის 1 398 კილოგრამს იწონის და ეს წონა წინა და უკანა ღერძებს შორის თანაბრადაა (50/50) განაწილებული.
”SV მოტორსის” ცნობით, ავტომობილს 0-100 კმ/სთ აჩქარება 4 წამში შეუძლია, 400 მეტრს კი 12 წამში გადის. იტალიური ფირმის სპეციალისტებმა ძრავის შემშვები და გამომშვები სისტემები დაამუშავეს, რის შემდეგაც, მისი სიმძლავრე 450 ცხენის ძალა გახდა.
კარგი აჩქარების გარდა, ”SV 9 კომპეტიციონე” შესანიშნავი შენელებითაც გამოირჩევა. 100 კმ/სთ-იდან სრულ გაჩერებამდე, ის 33 მეტრს გადის და ამას 4 წამზე ნაკლებში ახერხებს.
”SV მოტორსი” სულ 1 000 ცალი ”SV 9 კომპეტიციონეს” წარმოებას გეგმავს, ავტომობილის ღირებულება კი 99 995 დოლარია.
No comments:
Post a Comment