Saturday, October 30, 2010

”აბარტი” საკუთარ პლატფორმას შეიმუშავებს

Abarth

30 ოქტომბერი

იტალიური კომპანია ”აბარტი”, რომელიც ”ფიატის” ჯგუფში შედის, უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს, საკუთარი სპორტული მოდელის საწარმოებლად, ავსტრიული KTM-ის ექსტრემალურ სპორტულ ავტომობილ X-ბოქსის პლატფორმის გამოყენებას აპირებს. უფრო მეტიც, როგორც ბლოგ ”ავტობლოგის” ესპანური ვერსია იუწყება, ”აბარტის” სპეციალისტები ახალ პლატფორმას თავადვე შეიმუშავებენ.

სხვათა შორის, ადრე იყო ლაპარაკი იმაზე, რომ ”აბარტი” თავისი პლატფორმის შემუშავების ნაცვლად, ”ლოტუსის” იმ პლატფორმის გამოყენებას გეგმავდა, რომელზეც ინგლისური კომპანიის პოპულარული მოდელი ”ელისია” ბაზირებული. მაგრამ იტალიურ კომპანიაში აღნიშნულ პლატფორმას, რომელსაც ”ლოტუსის” გარდა, კიდევ რამდენიმე კომპანია, მათ შორის, ელექტრომობილების მწარმოებელი ”ტესლა” იყენებს, მოძველებული უწოდეს.

ბარემ ამ გამონათქვამის ნამდვილი მიზეზი განვმარტოთ - ”ლოტუსმა” ”ელისის” პლატფორმა რამდენიმე წლის წინ კი შეიმუშავა, მაგრამ ის ახლაც არ შეიძლება მოძველებულად ჩაითვალოს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ აქტუალობას კიდევ რამდენიმე წელი შეინარჩუნებს. ”აბარტის” მიერ მისი დაწუნება კი იმ ფაქტს შეიძლება მიეწეროს, რომ ეს კომპანია ”ფიატის” იმ ოჯახის წევრია, რომელიც თავის ბრენდ ”ფერარით” ამაყობს. ამ უკანასკნელს კი ”ლოტუსი” წლების განმავლობაში, ფორმულა 1-შიც და საგზაო ავტომობილების სეგმენტშიც უწევდა კონკურენციას.

რაც შეეხება KTM-ის პლატფორმას, ”აბარტი” მისი გამოყენების შესაძლებლობას განიხილავდა. ესაა კარბონის კომპოზიტისგან დამზადებული მონოკოკი, რომელსაც ავსტრიული კომპანია თავის იტალიურ არშემდგარ პარტნიორს სრულად დაკომპლექტებულს სთავაზობდა. ამ პლატფორმაზე კი ”აბარტი” თავის მიერ შემუშავებულ სპორტულ ძარას (ტარგას ტიპისას), ძრავს და ტრანსმისიას, ასევე სალონს დაამაგრებდა.

”ავტობლოგი” არაფერს ამბობს ამ თითქმის შემდგარი გარიგების ჩაშლის მიზეზების შესახებ. მაგრამ ადვილი სავარაუდოა, რომ ”აბარტმა” თავი ავსტიული პლატფორმის სიძვირის გამო შეიკავა. სიძვირეს კი კარბონის კომპოზიტი განაპირობებს. ამასთან, ეს ავანგარდული მასალა, რომელსაც ფართოდ იყენებენ ფორმულა 1-ში, სერიულ წარმოებაში კარგად გამოცდილი არაა.

”ავტობლოგი” ბევრს არც ”აბარტის” საკუთარი პლატფორმის კონსტრუქციის შესახებ გვეუბნება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მას წამყვანი უკანა ბორბლები ექნება და აღიჭურვება ”ფიატის” 1.4-ლიტრიანი ბენზინის ძრავით (სერია მულტიეარ), რომელიც 170 ცხენის ძალას იძლევა. ძრავს ორდისკოიანი ქურის დახმარებით, 5-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფი შეუწყვილდება.

სავარაუდოდ, ”აბარტი” საკუთარი როდსტერის წარმოებას 2013 წელს დაიწყებს და მას დაახლოებით 30 000 ევროს ფასად გაჰყიდის.

No comments:

Post a Comment