”ფოლკსვაგენის” პროექტი მიმო - ძრავი შუაში და ადრენალინი
Volkswagen's new 'MiMo' sports car architecture

ბრიტანული გამოცემა ”ქარ” იუწყება, რომ საავტომობილო ჯგუფმა ”ფოლკსვაგენმა” მწვანე შუქი აუნთო პროექტ მიმო-ს, რომელიც სრულიად ახალი, შუაძრავიანი არქიტექტურის შემუშავებას ითვალისწინებს. მიმო-ც გერმანულად სწორედ ასე იშიფრება - მიტელმოტორ, ანუ შუაძრავიანი.
ის ფაქტი, რომ ვოლფსბურგელებმა ტიპიური სპორტული პლატფორმის შემუშავება გადაწყვიტეს, იმის მანიშნებელია, რომ მათ ”ფოლკსვაგენის”, ”პორშეს” და ”აუდის” მარკებით, ამ ტიპის სპორტული ავტომობილების წარმოება აქვთ გადაწყვეტილი. ამასთან, გამორიცხული არც ისაა, რომ მომავალში ამავე პლატფორმით ”შკოდამ” და ”სეატმაც” ისარგებლონ.
ახალი პლატფორმის შემუშავების საქმეში, წამყვანი როლი ”პორშეს” მიენიჭება, რომელიც სხვადასხვა მიზეზთა გამო, იურიდიულად ჯერაც არაა სრულად ინტეგრირებული ”ფოლკსვაგენის” ჯგუფში. შტუტგარტულ კომპანიას შუა და უკანაძრავიანი სპორტული ავტომობილების წარმოების დიდი გამოცდილება აქვს და ბუნებრივია, ვოლფსბურგში ამ გამოცდილების გამოყენება სურთ.
არცთუ დიდი ხნის წინ, ”პორშეს” შეფმა მათიას მიულერმა განაცხადა, რომ მისი კომპანია თავისი საწარმოო პროგრამის კიდევ უფრო გაფართოებას აპირებს. ჯერ ერთი, იგეგმება მომცრო ზომის უგზოობის მოდელის წარმოების დაწყება. გარდა ამისა, შემუშავების პროცესშია ახალი შუაძრავიანი ავტომობილი, რომელიც ”პორშეს” გამაში, მოდელ 911-სა და 918 სპაიდერს შორის არსებულ ნიშას დაიკავებს. კიდევ ერთი ავტომობილი, რომლის წარმოებასაც ”პორშე” გეგმავს, არის მცირე ზომის სპორტქარი, რომელიც ”ბოქსსტერზე” დაბალ საფეხურს დაიკავებს და შტუტგარტელთა ყველაზე იაფფასიანი ავტომობილი იქნება.
No comments:
Post a Comment