”მაკლარენი” ჰიბრიდულ სუპერ ავტომობილსაც გამოუშვებს
McLaren Automotive plans petrol-electric hybrid supercars
30 ოქტომბერი

ინგლისური კომპანია ”მაკლარენ ავტომოტივი”, რომელიც თავის პირველ სუპერ მოდელ MP4-12C-ს გაყიდვებს მერმისს, გაზაფხულიდან დაიწყებს, თავისი სამოდელო გამის (რომელიც მალე სამამდე გაიზრდება) ყველა ავტომობილის ჰიბრიდული ვერსიის წარმოებასაც გეგმავს. ამის თაობაზე ინფორმაცია კი ბრიტანულმა გამოცემა ”ქარ-მა” გაავრცელა.
ინფორმაციის საფუძველი ის ფაქტი გახდა, რომ ”მაკლარენმა” ინტენსიურად დაიწყო იმ სპეციალისტების დაქირავება, რომლებსაც ჰიბრიდული ძალური დანადგარების შექმნის გამოცდილება აქვთ. ”ქარ-ის” ცნობით, ახალ პერსონალს ”მაკლარენისთვის” ყველა იმ ელექტრონული კომპონენტის შექმნა მოუწევთ, რომლებიც ჰიბრიდული აგრეგატებისთვისაა საჭირო.
ჯერჯერობით, ”მაკლარენის” ჰიბრიდულ მოდელზე არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდება. სამაგიეროდ ცნობილია, რომ კომპანია მალე თავის საწარმოო პროგრამას კიდევ ორ ავტომობილს დაუმატებს. მათგან ერთი ლეგენდარულ სუპერ ავტომობილ F1-ის შთამომავალი იქნება, მეორე კი - შედარებით იაფფასიანი სპორტული მოდელი, რომელმაც კონკურენცია ”პორშე კაიმანსა” და ”ნისან 370Z-ს” უნდა გაუწიოს.
რაც შეეხება MP4-12C-ს, მისი კონცეპტუალური ვერსიის პირველი ჩვენება შარშან, ზაფხულში შედგა, სერიული ავტომობილი კი მსოფლიო საზოგადოებამ პირველად ჟენევის წლევანდელ ავტო შოუზე იხილა. ეს ავტომობილი 3.8-ლიტრიანი V8 აგრეგატითაა აღჭურვილი, რომელიც 600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ძრავთან ორდისკოიანი ქუროს მეშვეობით, 7-საფეხურიანი რობოტიზებული კოლოფია დაკავშირებული. ამ ტანდემის დახმარებით, MP4-12C-ს ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის 3.4 წამში აკრეფა შეუძლია, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 325 კმ/სთ-ს აღწევს.
რაც შეეხება F1-ის შთამომავალს, მასაც ძრავი (გაცილებით ძლიერი) ბაზაში ექნება განლაგებული. მონოკოკი კი მთლიანად კარბონის კომპოზიტისგან დამზადდება. ”მაკლარენის” აცხადებს, რომ ამ ავტომობილზე არაერთ ისეთ ტექნოლოგიურ სიახლეს გამოიყენებს, რომელთა წყალობითაც, მას თავისუფლად შეიძლება რევოლუციური ეწოდოს. მისი დებიუტი ორი წლის შემდეგაა დაგეგმილი.
No comments:
Post a Comment