Saturday, October 30, 2010

”ვოლვო” საწვავის ფიჭურ ელემენტებს შეიმუშავებს

Volvo C30 EV

30 ოქტომბერი

იმ კომპანიების რიცხვს, რომლებიც თავიანთი ელექტრომობილებისთვის, ენერგიის დამატებით წყაროდ ფიჭური ელემენტების გამოყენებას აპირებენ, მალე ”ვოლვოც” შეუერთდება. კომპანიამ, რომელიც ცოტა ხნის წინ, ”ფორდმა” ჩინელებს მიჰყიდა, ახლახანს შვედეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიხედვითაც, ეს უკანასკნელი ავტომწარმოებელს საწვავის ფიჭური ელემენტის შემუშავებაში დაეხმარება.

ასეთი ელემენტების შემუშავებას ”ვოლვო” 2012 წლისთვის დაასრულებს, რის შემდეგაც, ელექტრომობილ C30-ის ბაზაზე, ორი საცდელი პროტოტიპი დამზადდება და მათი საგზაო გამოცდები დაიწყება.

ახალ ძალურ დანადგარში, წყალბადის მისაღებად, ჩვეულებრივ ბენზინს გამოიყენებენ. თავისუფალი წყალბადი ფიჭური ელემენტების მთავარი ენერგომატარებელია. ამ ელემენტებში მიმდინარე ქიმიური რეაქციების დროს, წყალბადსა და ჟანგბადს შორის მიმდინარე პროცესებისას, წარმოიქმნება ელექტროდენი, რომელიც აკუმულატორებს დამუხტავს.

უნდა ითქვას, რომ წყალბადის მისაღებად ბენზინის გამოყენებას დადებითთან ერთად, უარყოფითი ეფექტიც აქვს. დადებითი ისაა, რომ საჭირო არ იქნება ავტომობილით თავისუფალი წყალბადის ტარება. უარყოფითი კი ისაა, რომ ბენზინისგან წყალბადის მიღების თანაპროდუქტი ნახშირჟანგია. სხვათა შორის, როდესაც ფიჭურ ელემენტებში თავისუფალ წყალბადს იყენებენ, ავტომობილი ნარჩენის სახით მხოლოდ სუფთა წყალს გამოჰყოფს. ბენზინის შემთხვევაში კი მას გამონაბოლქვიც ექნება. თუმცა, ”ვოლვოს” სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ ამ შემთხვევაში გამონაბოლქვი უმნიშვნელო იქნება.

ცნობისათვის, C30-ის ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილი ”ვოლვომ” შარშან გვიჩვენა. ამ მანქანას 111-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ამოძრავებს, რომლის დახმარებითაც, ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას ის 10.5 წამს ანდომებს, მაქსიმალური სიჩქარე კი სულ რაღაც 130 კმ/სთ-ია. ამ ელექტრომობილის სვლის სიშორე 150 კილომეტრს აღწევს, ფიჭური ელემენტების წყალობით კი ეს მაჩვენებელი 400 კილომეტრამდე გაიზრდება.

No comments:

Post a Comment