Wednesday, December 8, 2010

ფერდინანდ ალექსანდერ პორშე 75 წლისაა

Ferdinand Alexander Porsche Celebrates 75th Birthday

8 დეკემბერი

ფერდინანდ ალექსანდერ პორშეს, ადამიანს, ვინც ლეგენდარული ”პორშე 911-ის” დიზაინი შეიმუშავა, 11 დეკემბერს 75 წელი უსრულდება. დიდი ფერდინანდ პორშეს შვილის, ფერი პორშეს პირმშო ქალაქ შტუტგარტში დაიბადა, სპორტული ავტომობილების მწარმოებელი კომპანიის დიზაინ სტუდიას კი 1962-1972 წლებში ხელმძღვანელობდა. სწორედ ამ პერიოდში შეიქმნ ორი ლეგენდარული ავტომობილი - 911 და 904.

ფერდინანდ ალექსანდერს ბავშვობიდანვე იზიდავდა ავტომობილები, რაც მისი ბაბუის, დიდი ფერდინანდის დამსახურებაა. ის ბევრ დროს ატარებდა დიზაინ ოფისებში, სადაც მისი ბაბუა მუშაობდა. ომის დროს, მათი ოჯახი ავსტრიაში გადასახლდა და ფერდინანდ ალექსანდერი ცელ ამ ზის სკოლაში მიიყვანეს. სკოლის შემდეგ, მან ქალაქ ულმის დიზაინის კოლეჯში ისწავლა, რისი დამთავრების შემდეგაც, ბაბუის ფირმის სადიზაინერო დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა.

ახალგაზრდა დიზაინერმა თავისი ნიჭი პირველად პროექტ ”ტაიპ 754-ზე” მუშაობისას გამოავლინა. ეს იყო კონცეპტუალური ნამუშევარი, რომელმაც ”პორშეს” ავტომობილების სტილი განსაზღვრა. 1962 წელს სათავეში ”პორშეს” დიზაინ სტუდიას ჩაუდგა. ერთი წლის შემდეგ, სტუდიამ საავტომობილო სამყარო მოდელ ”პორშე 901-ით” (იგივე 911) გააოცა. საგზაო მანქანების გარდა, ფერდინანდ ალექსანდერი სარბოლი ტექნიკითაც იყო გატაცებული. სწორედ ის მუშაობდა ”პორშეს” ფორმულა ერთის პროექტ ”ტაიპ 804-სა” და დიდი ტურიზმის კლასის სარბოლ ”904 კარერა GTS-ზე”.

1971 წელს ”პორშე” სააქციო საზოგადოებად გადაკეთდა, რის შემდეგაც, ფერდინანდ ალექსანდერმა კომპანია დატოვა და საკუთარი სადიზაინერო კომპანია ჩამოაყალიბა. ამჯერად მან საათების და სხვადასხვა საგნების დიზაინზე მუშაობას მიჰყო ხელი და მათ ”პორშე დიზაინის” მარკით ჰყიდდა. გარდა ამისა, სხვა კომპანიების შეკვეთითაც, მათს სტილზე მუშაობდა.

2003 წელს, მან კომპანია ”პორშე ლიცენც უნდ ჰანდელსგეზელშაფტი” (პორშეს ლიცენზიებისა და შრომის კომპანია) ჩამოაყალიბა, რომელიც სახელ ”პორშეს” საავტომობილო სამყაროს მიღმა განაგებს.

No comments:

Post a Comment