Wednesday, December 8, 2010

”როლს როისი” სედან ”გოსტის” სამ ვერსიას გამოუშვებს

Rolls Royce Is Working on Three New Ghost Variants

8 დეკემბერი

”როლს როისს” თავისი საწარმოო პროგრამის გაფართოება აქვს გადაწყვეტილი, რისთვისაც, ბაზისად თავის ახალ სედან ”გოსტს” გამოიყენებს. სამი წლის განმავლობაში, ბაზარზე ”გოსტის” კუპე და კაბრიოლეტი ვერსია, ასევე დაგრძელებული სედანი გამოვა.

ინტერნეტით გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისური კომპანია პირველ რიგში სწორედ ”გოსტის” დაგრძელებული ვერსიის წარმოებას დაიწყებს. ეს ავტომობილი სიგრძეში მეორე საყრდენის უკან ჩამატებული სეგმენტის წყალობით მოიმატებს. მას უფრო გრძელი სახურავი და უკანა კარები ექნება. მისი სიგრძე კი საბაზო სედანისასთან შედარებით, 13 სანტიმეტრით გაიზრდება.

შემდგ კი ”გოსტის” ორკარიანი ვერსიების - კუპესა და კაბრიოლეტის ჯერი დადგება. წინასწარ შეიძლება იმის თქმა, რომ სამივე ვერსიის შემთხვევაში, ავტომობილის სტილი უცვლელი დარჩება. მისი მხოლოდ პროპორციები შეიცვლება. ამიტომ, სავარაუდოა, რომ მათი წარმოების დაწყებამდე, ”როლს როისს” თავისი სიახლეების კონცეპტუალური ვერსიების ჩვენება არ დასჭირდება.

”გოსტი” ძალიან წარმატებული მოდელია - ყოველ გაყიდულ ”ფანტომზე” სამი ”პატარა” სედანი მოდის. რა თქმა უნდა, ამის მთავარი მიზეზი, ამ ორი ავტომობილის ფასებს შორის სხვაობაა. თუ ”ფანტომი” ამერიკაში მინიმუმ 388 000 დოლარი ღირს, ”გოსტის” ფასი ”მხოლოდ” 250 000-დან იწყება. ორივე ავტომობილი ერთმანეთისგან ზომებით განსხვავდება, თუმცა გარეგნობა თითქმის ერთნაირი აქვთ. ცნბისათვის, ”როლს როისმა” წელს უკვე დაახლოებით 2 500 ”გოსტი” გაყიდა.

”როლს როისი” ასევე ჰიბრიდული ძალური დანადგარებით აღჭურვილი ავტომობილების წარმოების შესაძლებლობას განიხილავს. თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხზე, მხოლოდ პოტენციურ მყიდველთა აზრის შესწავლა მიმდინარეობს. ამასთან, ინგლისურ კომპანიას ნაკლებად აწუხებს ის ფაქტი, რომ ევროკავშირი გამონაბოლქვზე მკაცრ სტანდარტებს აწესებს - ”როლს როისი” გერმანული ”ბეემვეს” ოჯახის წევრია და მისი ავტომობილების ჭარბ გამონაბოლქვს, ”ბეემვესა” და ”მინის” ავტომობილების მცირე გამონაბოლქვი აბალანსებს.

No comments:

Post a Comment