Friday, December 17, 2010

”ბეემვემ” ჰიბრიდული ”ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსი” შეაფასა

BMW Vision EfficientDynamics to Cost Up to GBP150,000
17 დეკემბერი
შორს არაა ის დრო, როდესაც მსოფლიო ავტობაზარზე გარემოსადმი მეგობრული სუპერ ავტომობილები გამოჩნდება. ერთადერთი, რაც მათ შესაძენად იქნება საჭირო, შესაბამისი სისქის ჯიბეა. ყოველ შემთხვევაში, უკვე ორი კომპანიაა ისეთი, რომლებიც მყიდველს მალე ამ ტიპის ავტომობილებს შესთავაზებს. შეთავაზება კი მართლა მეფური იქნება - 200 000 დოლარზე მეტი.


ჯერ იყო და, ინტერნეტით გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ”მერსედეს ბენცი” თავის ჰიბრიდულ SLS E-სელს 250 000 დოლარად გაჰყიდის. ახლა კი, ასევე ინტერნეტით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის შესაბამისადაც, ”ბეემვე” თავისი კონცეპტუალური ”ვიჟნ ეფიშნტდაინემისის” წარმოებას დაიწყებს და მას 235 000 დოლარად გაჰყიდის.
სხვათა შორის, ორივე (ოფიციალურად დაუდასტურებელ) ინფორმაციას რეალური წყარო ჰყავს. ბავარიელთა შემთხვევაში, ეს წყარო, კომპანიის გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერი იან რობერტსონია, რომელმაც 1-ლი სერიის M კუპეს პრეზენტაციაზე, ერთ-ერთ ჟურნალისტთან საუბრისას განაცხადა, რომ ”ვიჟნ ეფიშნტდაინემისის” ფასი 235 000 დოლარზე მეტი არ იქნება.

ორი გერმანული კომპანიის მიერ აღებული გეზი გასაგებია: ჰიბრიდული და ელექტრული ავტომობილები ძვირი ჯდება, იმდენად ძვირი, რომ ”ჯენერალ მოტორსი” და ”ნისანი” თავიანთ კომპაქტურ ელექტრომობილებს, საშუალო ზომის პრემიუმ სეგმენტის შესაფერის ფასებში ჰყიდიან.
ამიტომ, ბავარიელებმა და შტუტგარტელებმა გადაწყვიტეს, რომ ელექტრომობილების ეპოქის გარიჟრაჟზე, ახალი ტექნოლოგიები ისეთ ავტომობილებზე გამოსცადონ, რომლებიც ისედაც მაღალ საფასო სეგმენტს შეეფერება. რობერტსონი დასძენს, რომ სერიული ავტომობილი გარეგნულად თითქმის კონცეპტუალური პროტოტიპის იდენტური იქნება.

ამ ეტაპზე, ”ბეემვეს” ჯერაც არ გადაუწყვეტია, რა ტიპის ძალური დანადგარებით აღჭურვავს თავის სერიულ სუპერ ჰიბრიდს. თუმცა, უკვე გადაწყვეტილია, რომ ”ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის” პირველი ეგზემპლარები ზუსტად იმ აგრეგატებს მიიღებს, როგორითაც ეს ავტომობილი პიველად გაგვაცნეს.
ცნობისათვის, კონცეპტუალური ვერსია 1.5-ლიტრიანი სამცილინდრიანი დიზელითაა აღჭურვილი, რომლის სიმძლავრეც 163 ცხენის ძალას შეადგენს. შიდაწვის ძრავთან ერთად, ავტომობილს ორი ელექტროძრავიც მოემსახურება, რომლებსაც ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ბლოკი მოამარაგებს. ჰიბრიდული დანადგარის ჯამური სიმძლავრე 328 ცხენის ძალაა, მისი დახმარებით კი ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფა 4.8 წამში შეუძლია.

რაც შეეხება საწვავის ხარჯს და გამონაბოლქვში მავნე აირების შემცველობას, 100 კილომეტრის გასავლელად, ბავარიულ სუპერ ჰიბრიდს 3.7 ლიტრზე ოდნავ მეტი საწვავი სჭირდება, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროს მხოლოდ 99 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ამასთან, ”ვიჟნ ეფიშნტდაინემიქსის” სვლის სიშორე 700 კილომეტრია, მხოლოდ ელექტროძრავებით კი 50 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ჰიბრიდულ ავტომობილში წამყვანი ელექტროძრავებია, შიდაწვის ძრავი კი დამხმარე ფუნქციას ასრულებს და მისი დანიშნულება მხოლოდ მასთან დაკავშირებული ელექტრო გენერატორის მოძრაობაში მოყვანაა. თავის მხრივ, გენერატორი ენერგიით აკუმულატორებს ამარაგებს. ასეთი სისტემით აღჭურვილ ავტომობილებს (ასეთია შევროლე ვოლტი) გაზრდილი სვლის მქონე ელექტრომობილებს უწოდებენ.
ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, ”ბეემვემ” თავისი ექსპერიმენტული ავტომობილის შასი და ძარა მეტწილად კარბონის კომპოზიტისგან დაამზადა. ამგვარად, ნაწილობრივ დაბალანსდა აკუმულატორების გამო მომატებული წონა. წონის შემცირების გარდა, კარბონის კომპოზიტი, ძარის რთული ფორმის მქონე აეროდინამიკური ელემენტების დამზადების საშუალებასაც იძლევა. და ეს საშუალება ბავარიელმა ”ჯადოქრებმა” ბრწყინვალედ გამოიყენეს - ავტომობილი ძალიან დახვეწილი და ეფექტური აეროდინამიკით გამოირჩევა. ჯერ ერთი, მისი აეროდინამიკური წინააღმდეგობის კოეფიციენტი სულ რაღაც 0.22-ია. შედარებისთვის, სერიულ ავტომობილებში ეს მაჩვენებელი ყველაზე ხშირად 0.30-ის დონეზეა. გარდა ამისა, ავტომობილს გარსშემოდენილი ფორმა აქვს, რისი წყალობითაც, ჰაერის ნაკადი მისი ძარის არცერთ ნაწილს მკვეთრად არ სწყდება.
სავარაუდოდ, ”ბეემვეს” ევროპელი დილერები ახალ ავტომობილს 2013 წლის ოქტომბერში მიიღებენ.

No comments:

Post a Comment