Sunday, January 16, 2011

დეტროიტის ავტო შოუ

16 იანვარი

მინი

ინგლისური კომპანია, რომელიც გერმანული ”ბეემვეს” ჯგუფში შედის, მალე თავის საწარმოო პროგრამას კიდევ ერთი შეანიშნავი ავტომობილით გააფართოებს, რომელიც უკვე პოპულარულ ქროსოვერ ”ქანთრიმენის” ბაზაზე შეიქმნა. ესაა სამკარიანი კუპე-ქროსოვერი ”პეისმენი”, რომლის წყალობითაც, ”მინის” სამოდელო გამა შვიდამდე გაიზრდება.

დერტოიტის გამოფენაზე ჩატარებულ პრეზენტავიაზე, ”ბეემვეს” გაყიდვების და მარკეტინგის მენეჯერ იან რობერტსონს არ დაუზუსტებია, თუ როდის დაიწყება ”პეისმენის” სერიული წარმოება. სავარაუდოდ, ეს მას შემდეგ მოხდება, რაც ”მინი” კუპესა და როდსტერის წარმოებას (შესაბამისად, წელს და მერმისს) დაიწყებს.

არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ”პეისმენი” ინგლისური კომპანიის ოჯახში ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი გახდება. რაც უნდა იყოს, დეტროიტში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ”მინი ჯონ კუპერ უორკსისგან” აღებული, ბენზინის 1.6-ლიტრიანი ტურბო ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 211 ცხენის ძალას იძლევა.

დეტროიტშივე ბავარიელებმა გამოაცხადეს, რომ არ აპირებენ ”მონის” ბაზაზე დამზადებული ელექტრომობილის სერიულ წარმოებას. მისი ტესტირება კიდევ ერთ წელს გასტანს, რის შემდეგაც, პროგრამა შეჩერდება. ”ბეემვეს” განმარტებით, ასეთი ელექტრომობილის წარმოება არც იგეგმებოდა. რაც შეეხება იმას, რომ რამდენიმე ათეული ასეთი მანქანა დამზადდა, მათ განმარტეს, რომ ამ პროგრამის მიზანი პროექტ ”მეგასიტის” მარკეტინგული გამოკვლევის ჩატარება იყო და სხვა არაფერი.

მერსედეს-ბენცი

შტუტგარტულმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ელექტრომობილების ბაზარზე პირველად სუპერ ავტომობილით შეაბიჯოს და ალბათ არ ცდება - დღევანდელი ელექტრომობილები სიძვირით გამოირჩევა და თუ საშუალო და კომპაქტური ავტომობილებისთვის ეს სიძვირი თვალში საცემია, სუპერ ავტომობილისთვის ადვილად ასატანია.

SLS AMG E-Cell-ს კიდევ ერთი მისია აკისრია - მან ელექტრომობილებისადმი საზოგადოების წარმოდგენა უნდა შეცვალოს. ჯერჯერობით ელექტრომობილები ტემპერამენტით არ გამოირჩევიან, რასავ ვერ ვიტყვით სამქიმიანების ქმნილებაზე. ეს ავტომობილი ოთხი ელექტროძრავითაა აღჭურვილი (თითო ყოველ ბორბალზე), რომელთა ჯამური სიმძლავრეც 525 ცხენის ძალას, მაბრუნი მომენტი კი 800 ნიუტონმეტრს შეადგენს.

ამ აგრეგატების დახმარებით, ავტომობილს ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 4 წამში შეუძლია, რაც დაახლოებით 0.2 წამით მეტია ამავე ავტომობილის ბენზინისძრავიანი ვერსიის (570 ცხ.ძ) აჩქარებაზე. ელექტროძრავებს ენერგიით ლითიუმ-იონური აკუმულატორების ნლოკი ამარაგებს, რომელთა შევსებაც ნაწილობრივ მუხრუჭების ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაც ხდება. ჯერჯერობით, შტუტგარტელები თავიანთი სუპერ ელექტრომობილის სვლის სიშორის მონაცემებს არ ამხელენ.

No comments:

Post a Comment