Friday, May 13, 2011

„რენო“ მინი ელექტრომობილ „ტვიზის“ გაყიდვებს იწყებს

Renault opens online reservations for Twizy all-electric two-seater

13 მაისი

ელექტრომობილების მწარმოებელთა მწირ სიაში ამიერიდან „რენოც“ უნდა მოვიხსენიოთ - ფრანგულმა კომპანიამ ბარსელონას მოტორ შოუზე გამოაცხადა, რომ იწყებს ორადგილიან მინი ელექტრომობილ „ტვიზი-ზე“ ონლაინ-შეკვეთების მიღებას. თუმცა, ისიც დასძინა, რომ ამ ავტომობილის მსოფლიო პრემიერა მოგვიანებით, (სავარაუდოდ, ფრანკფურტის ავტო შოუზე, სადაც ორი წლის წინ, მისი კონცეპტუალური ვერსიის დებიუტი შედგა) გაიმართება.

ლაპარაკია „ტვიზი-ს“ ორ ვერსიახე. ერთია საკუთრივ „ტვიზი“, რომელსაც მყიდველს ორი განსხვავებული კომპლექტაციით (ურბან და ტექნიკ) შესთავაზებენ, მეორე კი - „ტვიზი 45“. სამივე შემთხვევაში, ნახევრად ღია ავტომობილი ორადგილიანია. ამასთან, მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკანაა მოთავსებული (ეგრეთ წოდებული ტანდემ განლაგება).


„ტვიზი 45“ აღჭურვილია 5-ცხენისძალიანი ელექტროძრავით და მას ლითიუმ-იონური აკუმულატორების სრული დამუხტვით, 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. მისი აკუმულატორები საყოფაცხოვრებო შტეპსელიდან 3.5 საათში იმუხტება. ეს პატარა და სუსტი ავტომობილი, რომლის მაქსიმალური სიჩქარეც სულ რაღაც 45 კმ/სთ-ია, 6 990 ევრო ღირს. ოღონდ, მის ფასში აკუმულატორების ფასი არ შედის. მათ ფასს მყიდველი განვადებით, თვეში 45 ევროს გადაიხდის. აღსანიშნავია, რომ „ტვიზი 45-ის“ დაბალი სიჩქარის გამო, მისი მართვისთვის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, მართვის ლიცენზია საჭირო არ იქნება. ამდენად, ის ახალგაზრდა მყიდველისთვის სკუტერის შესანიშნავი, თუმცა ოდნავ უფრო ძვირი და ამასთან გაცილებით უსაფრთხოც, შემცვლელი იქნება.

თითქმის ორჯერ მეტი (80 კმ/სთ) სიჩქარე აქვს „ტვიზი ურბანს“ და „ტვიზი ტექნიკს“, რომლებიც 17-ცხენისძალიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი. პირველის საბაზო ფასი (აკუმულატორების გარეშე) 7 690 ევროა, მეორისა კი - 8 490 ევრო. ამასთან, მათ მყიდველს, აკუმულატორების ლიზინგი თვეში 49 ევრო დაუჯდებათ.

ონლაინ შეკვეთის მსურველებს, „რენო ტვიზი-ზე“ შეკვეთის განსათავსებლად, მხოლოდ 20 ევროს გაღება მოუწევთ.

No comments:

Post a Comment