Monday, June 27, 2011

„ჯენერალ მოტორსმა“ ჰიბრიდული ქროსოვერის პროექტი შეაჩერა

GM cancels Cadillac plug-in hybrid crossover
27 ივნისი
„ჯენერალ მოტორსმა“ გადაწყვიტა, დროებით შეაჩეროს პროექტი, რომელიც „კადილაკის“ მარკით, პლაგ-ინ ჰიბრიდული ტექნოლოგიით აღჭურვილი ქროსოვერის წარმოებას ითვალისწინებდა. სააგენტო როიტერსს ეს ინფორმაცია ამერიკული კომპანიის წარმომადგენლებმა გააცნეს, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს.

როიტერსი გვატყობინებს, რომ ქროსოვერ SRX-ის (ფოტოზე) ბაზაზე, „კადილაკმა“ უკვე რამდენიმე პლაგ-ინ ჰიბრიდული პროტოტიპი დაამზადა, რომლებსაც საგზაო ტესტირებაც კი ჩაუტარდათ. მაგრამ საბოლოოდ, მათზე მაინც უარი ითქვა, რადგან როგორც ირკვევა, პლატფორმა, რომელზეც მიმდინარე თაობის SRX არის აგებული და რომელსაც ჰიბრიდული ავტომობილისთვისაც იყენებდნენ, თავისი სასიცოცხლო ციკლის ბოლო მონაკვეთში იქნება იმ დროს, როდესაც მისი ბაზარზე გამოსვლა იგეგმებოდა.
ეს ლაფსუსი კი ნაწილობრივ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა და იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ 2009 წელს, „ჯენერალ მოტორსი“ ერთხანს მართვადი გაკოტრების რეჟიმში მუშაობდა. სწორედ მაშინ გადაწყდა ორი ანალოგიური პროექტის შეჩერება, რომელიც „კადილაკთან“ ერთად, „ბიუიკის“ და „სატურნის“ ბრენდებით, ერთ პლატფორმაზე აგებული ჰიბრიდული ქროსოვერების წარმოებას ითვალისწინებდა.
„როიტერის“ წყაროები არ გამორიცხავენ, რომ „ჯენერალ მოტორსი“ მომდევნო თაობის „კადილაკ SRX-ის“ ბაზაზე, პლაგ-ინ ჰიბრიდულ ქროსოვერს მაინც გამოუშვებს. ოღონდ, ამასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმის შესახებ, მათ არაფერი იციან.
ცნობისათვის, პირვანდელი გეგმით, სვლის გაზრდილი სიშორის ჰიბრიდული „კადილაკ SRX“, „შევროლე ვოლტის“ ელექტრული დანადგარებით უნდა აღეჭურვათ. ამ ავტომობილს კი მბიძგველ ძალას 150-ცხენისძალიანი ელექტროძრავი ანიჭებს, რომელიც ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკისგან იკვებება. აკუმულატორის ტევადობა საკმარისია იმისათვის, რომ ავტომობილმა დაახლოებით 65 კილომეტრი გაიაროს. მერე კი, როდესაც აკუმულატორი დაიცლება, საქმეში შიდაწვის 1.4-ლიტრიანი ძრავისა და გენერატორის ტანდემი ერთვება, რომელიც გამომუშავებულ ენერგიას აკუმულატორსაც აწვდის და ელექტროძრავსაც. შედეგად, სვლის სიშორე 500 კილომეტრამდე იზრდება.
„ჯენერალ მოტორსმა“ „შევროლე ვოლტის“ წარმოება შარშან დაიწყო და მაშინვე ამ ავტომობილმა რამდენიმე საპატიო ჯილდო დაიმსახურა. თავიდან, მისი გაყიდვები მხოლოდ ექვს შტატში მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე ერთი თვეც არაა, რაც ეს ჰიბრიდი ყველა შტატის მცხოვრებთათვის ხელმისაწვდომია. „შევროლე ვოლტი“ იმდენად პოპულარულია, რომ ამერიკულმა კომპანიამ, მისი წარმოების დაახლოებით მესამეიდთ, 60 000 ავტომობილამდე გაზრდა გადაწყვიტა.

No comments:

Post a Comment