Monday, June 27, 2011

„ჰიუნდაი ველოსტერს“ შეიძლება კარი დაუმატონ

Hyundai Veloster Could Grow an Extra Door
27 ივნისი
„ჰიუნდაი“ თავის უახლეს სპორტულ მოდელ „ველოსტერს“ ჯერ მხოლოდ კორეაში ჰყიდის. მისი ერთი, საჩვენებელი ეგზემპლარის ხილვა თბილისში, „ჰიუნდაის“ ოფიციალური დისტრიბუტორის, „ჰიუნდაი ავტო ჯორჯიას“ დიღმის შოურუმშიც შეიძლება.
ავტომობილი აშკარად სპორტული და ძალიან ეფექტური გარეგნობით გამოირჩევა და ბუნებრივია, თავისუფლად შეიძლება მივაკუთვნოთ კუპეს კლასს. მაგრამ ძარის მოყვანილობით, ჰეჩბეკიცაა. ოღონდ, მხოლოდ ოთხი კარი აქვს, რომელთაგან ერთი უკანაა. საქმე ისაა, რომ „ველოსტერს“ კართა ასიმეტრიული განლაგება აქვს - მძღოლის მხარეს (არ ვამბობთ მარცხნივ, რადგან ზოგ ბაზარზე, საჭე მარჯვნივაა მოთავსებული) ერთადერთი კარია, მის მოპირდაპირედ კი - ორი.
კორეაში ეს ფორმულა კარგად მუშაობს - ორიგინალურია და მანქანასაც უცნაურობის არაფერი ეტყობა. თუმცა კორეულ კომპანიაში ფიქრობენ, რომ კარგი იქნება, თუ ისეთ დიდ ბაზრებზე, როგორიც ამერიკა და ევროპაა, ოთხკარიანთან ერთად, მყიდველს ხუთკარიანი „ველოსტერიც“ შესთავაზონ, რომელსაც ჰეჩბეკს დაარქმევენ.
შესაძლოა, ბევრმა ჩათვალოს, რომ მეხუთე კარი ამ მანქანას არ სჭირდება, თუმცა მრავალფეროვნება მყიდველის არჩევანს გაზრდის და თუ მისთვის ასიმეტრიული ძარა მიუღებელია, ალტერნატივას იმავე შოურუმში შესთავაზებენ და სასურველი ავტომობილის სხვა კომპანიის შოურუმში ძებნა აღარ მოუწევს.
ბევრი ანალიტიკოსი თვლის, რომ „ველოსტერის“ ჰეჩბეკისძარიანი ვერსია სერიოზულ კონკურენციას გაუწევს „ჰიუნდაისვე“ სუბკომპაქტურ ჰეჩბეკ „აქცენტს“ (ვერნას). მათი აზრით, უკეთესი იქნება, თუ „ველოსტერის“ გამას ორკარიან კუპეს და როდსტერს დაუმატებენ.
სხვათა შორის, „ველოსტერის“ ხუთკარიან ვერსიასთან დაკავშირებით, ვარაუდები ჟენევის საავტომობილო შოუზევე გაისმა, თუმცა დიდხანს „ჰიუნდაი“ მათზე კომენტარს არ აკეთებდა. ახლახანს კი, ავსტრალიურ გამოცემა „ქარსეილს-თან“ საუბრისას, „ჰიუნდაის“ პროდუქციის დაგეგმარების მთავარმა მენეჯერმა იუნჯუ შინმა „ველოსტერის“ ხუთკარიანი ვერსია თავად ახსენა და განაცხადა, რომ მისი კომპანია ამ საკითხს განიხილავს.

No comments:

Post a Comment