Monday, June 27, 2011

„მერსედეს ბენცმა“ უკვე 700 000 B-კლასი გაჰყიდა

Mercedes Announces More Than 700,000 B-Klasse Cars Delivered So Far
27 ივნისი
„მერსედეს ბენცი“ წარმოებისთვის B-კლასის ახალ ავტომობილს ამზადებს, რომელსაც პირველად ფრანკფურტის საავტომობილო შოუზე წარმოგვიდგენს. მის პრემიერამდე კი შტუტგარტელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2005 წლიდან მოყოლებული, რაც ბაზარზეა, პირველი თაობის B-კლასი უკვე 700 000 ცალია გაყიდული.

წელს პირველ ხუთ თვეში, მთელს მსოფლიოში 52 640 B-კლასის მანქანაა გაყიდული, რაც შარშანდელი ანალოგიური პერიოდის გაყიდვებზე დაახლოებით 26.8 პროცენტით მეტია. აქედან ყველაზე მეტი, 17 826 ავტომობილი გერმანიაშია გაყიდული, რაც შარშანდელთან შედარებით, 31.5-პროცენტიანი მატებაა.
B-კლასისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარი გერმანიაა, სადაც მთელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების დაახლოებით მესამედი მოდის. შემდეგ მოდიან ჩინეთი და იტალია. სხვათა შორის, ეს ავტომობილი პირველად ჩინეთის ბაზარზე 2009 წელს შეიტანეს და მაშინვე ის ძალიან პოპულარული გახდა. შარშან იქ მას 12 217 მყიდველი გამოუჩნდა, რაც სადებიუტო წელთან შედარებით, 140.3-პროცენტიანი ზრდაა. გაყიდვების ზრდა წელსაც შენარჩუნებულია. კერძოდ, პირველ ხუთ თვეში, უკვე 5 966 ცალი B-კლასია გაყიდული, თითქმის ორჯერ მეტი, ვიდრე შარშან, იმავე პერიოდში (3 030).
„B-კლასის მოდელის მეშვეობით, ჩვენ კომპაქტურ პრემიუმ კლასში ახალი ორიენტირი ჩამოვაყალიბეთ. მართალია, მისი შემცვლელი ბაზარზე სულ მალე გამოჩნდება, თუმცა ძველი ისევ ძალიან პოპულარულია. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წლის დასაწყისიდან, მთავარ ბაზრებზე - გერმანიასა და ჩინეთში, მისი გაყიდვები მუდმივად იზრდება“, - ამბობს „მერსედეს ბენცის“ გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილების აღმასრულებელი ვიცე პრეზიდენტი იოახიმ შმიდტი.
ცნობისათვის, ახალ B-კლასზე შეკვეთების მიღებას სამქიმიანები ფრანკფურტის შოუს დასრულებისთანავე შეუდგებიან, ევროპელ დილერთა შოურუმებში კი ის მოგვიანებით, წლის ბოლომდე გამოჩნდება. ახალ ავტომობილს რაშტატის (გერმანია) და კეჩკემეტის (უნგრეთი) ქარხნები გამოუშვებს. გერმანიაში მისი საბაზო ვერსიის ფასი 24 500 ევრო იქნება.

No comments:

Post a Comment