Wednesday, June 15, 2011

ახალი „ხოჭოს“ R ვერსიას ფრანკფურტში გვიჩვენებენ

Volkswagen Beetle R Coming to Frankfurt
15 ივნისი

„ფოლკსვაგენმა“ თავისი ახალი „ხოჭო“, რომელსაც „21-ე საუკუნის ხოჭოდაც“ მოიხსენიებენ, ცოტა ხნის წინ, ერთდროულად სამ კონტინენტზე წარადგინა, თუმცა მისი გაყიდვები ჯერ არ დაუწყია. და სანამ ეს ავტომობილი, რომელიც თავიდან „სახალხო“ იყო, შემდეგ მდიდრული რეტრო სათამაშო, ახლა კი სპორტსმენი ხდება, „ფოლკსვაგენის“ დილერთა შოურუმებში გამოჩნდება, ვოლფსბურგელები მის უფრო ტემპერამენტიან ვერსია R-საც გვიჩვენებენ და ეს ფრანკფურტში, საერთაშორისო გამოფენაზე მოხდება.

გამოცემა „ქარ ენდ დრაივერის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ახალი „ხოჭოს“ R-ვერსია 2.0-ლიტრიანი ტურბოძრავით იქნება აღჭურვილი, რომელსაც „ფოლკსვაგენი“ აქამდე „გოლფ R-ზე“ და „შიროკო R-ზე“ იყენებს. ოღონდ, თუ ნახსენებ მოდელებზე ამ ძრავის მაქსიმალური სიმძლავრე 265 ცხენის ძალას აღწევს, „ხოჭო R-ისთვის“ ის 240 ცხენის ძალამდე შემცირდება. რასთან დაკავშირებით არის სიმძლავრე შემცირებული, ამის თაობზა „ქარ ენდ დრაივერი“ ჯერ ვერაფერს გვეუბნება.
საერთოდ, ვოლფსბურგელებს არ სურთ, რომ „ხოჭოს“ ფასი „გოლფისას“ გაუთანაბრდეს. შესაბამისად, მათი R-ვერსიების ფასებიც დიფერენცირებული იქნება. მაგალითად, თუ „გოლფ R-ის“ ფასი 30 000 დოლარია, „ბიტლ ტურბო“ 24 000 დოლარი ღირს. „ქარ ენდ დრაივერის“ ვარაუდით, ახალი „ხოჭოს“ R-ვერსიის ფასი, ამ ორი მოდელის ფასს შორის მოექცევა და ის „ხოჭოს“ გამის ფლაგმანი გახდება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, „ფოლკსვაგენი“ „ბიტლ R-ის“ ღია ვერსიაზეც მუშაობს, თუმცა მის წარმოებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაწყვეტს, თუ მარკეტოლოგები ჩათვლიან, რომ ამ ავტომობილზე საკმარისი მოთხოვნა იქნება. ისე კი, „ხოჭოს“ საბაზო ვერსია ღია ძარით, ბაზარზე აუცილებლად გამოვა. ოღონდ, ეს მოგვიანებით მოხდება.

No comments:

Post a Comment