Wednesday, June 15, 2011

„დელტაუინგი“ ლე მანზე გამოვა

DeltaWing Concept Sportscar to Challenge 2012 Le Mans 24 Hour
15 ივნისი

როდესაც ინდიანაპოლისური კომპანია ”დელტაუინგი” სარბოლი მანქანის რევოლუციურ კონცეპტუალურ ვერსიას ქმნიდა, იმედი ჰქონდა, რომ ინდი ქარის მსოფლიო სერიასთან კონტრაქტს გააფორმებდა და შასის ერთპიროვნული მიმწოდებელი გახდებოდა. მაგრამ ასე არ მოხდა - ამერიკული ფორმულის უფროსობამ იტალიური „დალარას“ ტრადიციული სარბოლი ბოლიდი ამჯობინა.

თუმცა, ამის გამო, პატარა კომპანიის თაროზე დასამტვერებლად არავინ გაიმეტა - შეიქმნა ჯგუფი „პროჯექტ 56“, რომელმაც თითქმის შეუძლებელი შეძლო და ამ უცნაური გარეგნობის მქონე ავტომობილისთვის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა. მერე რა, რომ ეს მანქანა ლეგენდარულ რბოლაში კლასიფიკაციის გარეშე იასპარეზებს. მთავარია, რომ ავტოსპორტული სამყარო მის შესაძლებლობებს უშუალოდ საქმეში ნახავს.
სანახავი კი ბევრია. თუნდაც ”დელტაუინგის” გარეგნობა. მას არ გააჩნია წინა და უკანა ანტი ფრთები, წინა ბორბლების კვალი აშკარად ვიწროა, უკანა ფრთის ნაცვლად, ავტომობილის მოძრაობის სტაბილურობას ერთი ზორბა კილი უზრუნველყოფს, რაკეტასავით წაგრძელებულსა და ვიწრო ცხვირს კი ჰაერის შემხვედრი ნაკადისგან ნაკლები წინააღმდეგობა შეხვდება. ავტომობილი ჰაერის ნაკადს გზასთან ჩაჭიდულობის გასაზრდელად მაინც გამოიყენებს და ამაში მას რთული ფორმის, ღრმა ღარებიანი ძირი და დიდი ზომის უკანა დიფუზორი დაეხმარება.
მცირე წონისა და ჰაერის ნაკლები წინააღმდეგობის წყალობით, ავტომობილს გაცილებით მცირე ცხენის ძალები დასჭირდება იმისათვის, რომ თავი არ შეირცხვინოს. ამასთან, საწვავსაც მნიშვნელოვნად ცოტას მოიხმარს, რასაც ლე მანის რბოლისას დიდი მნიშვნლობა აქვს.
რაც შეეხება სახელს - „პროჯექტ 56“, ის სიმბოლურია: როგორც წესი, ლე მანის 24-საათიან რბოლაში სტარტზე 55 მანქანა დგება, ”დელტაუინგი” კი 56-ე იქნება. რბოლის ორგანიზატორებმა, ეს ადგილი მას სწორედ ტექნოლოგიური ინოვაციურობის გამო მიანიჭეს.
„პროჯექტ 56“ ამჟამად ძრავის შერჩევითაა დაკავებული. მათავარი შესარჩევი პარამეტრი მარტივია - ტურბოკომპრესორიანი ძრავის მუშა მოცულობა უნდა იყოს 1.6 ლიტრი, მისი მაქსიმალური სიმძლავრე კი - 300 ცხენის ძალა. მეტი საჭირო არაა. ეს თითქმის ორჯერ ნაკლებია ლე მანის რბოლაში მონაწილე მანქანების სიმძლავრეზე, თუმცა ამის მიუხედავად, პროექტის ავტორები ირწმუნებიან, რომ მათი რაკეტა 350 კმ/სთ-მდე სიჩქარეს განავითარებს.
ძრავის ფორსირების შედარებით დაბალი ხარისხი იმის საწინდარია, რომ მას სამუშაო რესურსი უნდა ჰქონდეს. პროექტის ავტორთა ვარაუდით, ეს მაჩვენებელი 6400 კილომეტრი იქნება. ეს კი საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ ლე მანის მონაწილემ ფინიშს მიაღწიოს. და ”დელტაუინგის” კიდევ ერთი ღირსება, მისი სიიაფეა - წინასწარი დაანგარიშებით, ავტომობილი დაახლოებით 600 000 დოლარი ეღირება.
„ჩვენი ავტომობილის მთავარი საიდუმლო სიმარტივე და ეფექტურობაა. ლე მანის ორგანიზატორებს ტაში უნდა დავუკრათ იმისათვის, რომ მათ ჩვენს პროექტს თავის გამოჩენის საშუალება მისცეს. ჩვენ გვწამს, რომ ეს პროექტი ავტოინდუსტრიაში აბსოლუტური სიახლეა და ის ხალხს სარბოლი და საგზაო ავტომობილების ახლებურად აღქმაში დაეხმარება“, - ამბობს პროექტის სულის ჩამდგმელი და მთავარი ტექნოლოგიბენ ბოულბი, ადამიანი, ვინც სარბოლი ავტომობილების ინჟინერიით თინეიჯერული ასაკიდანაა გატაცებული და თავისი ნიჭის წყალობით, დიდი სკოლა აქვს გავლილი ინდი ქარის ერთ-ერთ საუკეთესო, ჩიპ განასის გუნდსა და სარბოლი ავტომობილების მწარმოებელ ბრიტანულ კომპანია „ლოლაში“.
„პროჯექტ 56“ არის ავტოსპორტულ სამყაროში დიდი გამოცდილების მქონე რამდენიმე კომპანიის ჯგუფი. ”დელტაუინგის” გარდა, მასში გაერთიანებულია კომპანია „ოლ ამერიკენ რეისინგი“, რომელიც სახელოვან ამერიკელ ავტომრბოლს, ლე მანის 1967 წლის ჩემპიონ დენ გარნის ეკუთვნის და ამერიკული გუნდი „ჰაიკროფტ რეისინგი“, რომელსაც ლე მანის ამერიკული სერიის ტიტულები ზედზედ აქვს მოგებული. მრჩევლის როლშია ლე მანის ამერიკული სერიის დამაარსებელი, დოქტორი დონ პეინოსი. მანქანას გარნის კომპანია დაამზადებს, რომელსაც ბაზა კალიფორნიაში აქვს, მის ტესტირებას კი „ჰაიკროფტი“ კისრულობს, რომელსაც ლე მანზე ”დელტაუინგით” ასპარეზობის პატივიც ერგო.

No comments:

Post a Comment