Tuesday, August 9, 2011

B7 - კონცეპტუალური სარბოლი ელექტრომობილი 500 კმ/სთ სიჩქარით

B7 Concept Electric Race Car to Reach 500 km/h
8 აგვისტო
თუ ელექტრომობილების ბაზრის განვითარებას მივადევნებთ თვალს, ადვილად დავასკვნით, რომ ამ ტიპის მანქანები გაცილებით სწრაფად შემოვა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვიდრე ადრე გვეგონა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და რამდენიმე სერიოზული წინააღმდეგობის მიუხედავად, სულ უფრო იკრებს ძალას და ტემპს.
თითქმის ყველა ავტოკომპანია, კონცეპტუალურ მოდელებზე მუშაობისას, ძალურ დანადგარად ელექტროძრავს ირჩევს, ბევრი ელექტრომობილების შემუშავებაზე უკვე მილიარდებს ხარჯავს, რამდენიმემ კი უკვე დაიწყო ასეთი ავტომობილების გაყიდვა და რამდენიმე კი ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს. ვითარდება ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.
მაგრამ ამ ბაზარზე მუშტრის სახით, ჯერ მეტწილად კომპანიები და სახელმწიფოები გვევლინებიან. მოქალაქეები კი არ ჩქარობენ და ამისათვის ბევრი მიზეზი აქვთ. ამ მიზეზებიდან, ერთ-ერთი მთავარი ელექტრომობილების შეზღუდული შესაძლებლობებია. თუმცა, ბაზარი ამ მხრივაც ვითარდება, რაშიც თავისი წვლილი, ენთუზიასტებსაც შეაქვთ.
ერთ-ერთი ასეთი ენთუზიასტთაგანია ავსტრალიელი ფილიპ ტეჯერსკი, რომელმაც სარბოლი სუპერ ელექტრომობილის კონცეპცია შეიმუშავა, სახელად B7 და იქადნის, რომ ამ მანქანით, წარმოუდგენელ სიჩქარეს - 500 კმ/სთ-ს მიაღწევს. და თუ ეს შეძლო, თქმა არ უნდა, ამით ელექტრომობილებს დი პოპულარიზაციას გაუწევს. თავად პროექტის ავტორიც ამას ამბობს - ამ მანქანის შექმნის მთავარი მიზანი იმის დამტკიცებაა, რომ ელექტრომობილებიც შეიძლება იყოს სწრაფი და დინამიური და მისი მართვით მძღოლმა შეიძლება დიდი სიამოვნება მიიღოსო.
თავისი კონცეპტუალური ავტომობილის დიზაინის შემუშავებისას, ტაჯერსკიმ შთაგონება სამხედრო თვითმფრინავებისგან მიიღო, რომლებიც ძალიან დახვეწილი აეროდინამიკით გამოირჩევიან. აღჭურვილობა კი მომავლის ტექნოლოგიების გამოყენებას ითვალისწინებს. სწორედ ამ ტექნოლოგიების წყალობით უნდა მიაღწიოს B7-ის სიჩქარემ წარმოუდგენელ ზღვარს.
ტაჯერსკის მთავარი ინოვაცია ისაა, რომ აკუმულატორების ნაცვლად, ის სუპერკონდენსატორების გამოყენებას აპირებს. ენერგიის ასეთი დამგროვებლების უპირატესობა ისაა, რომ ისინი ლითიუმ-იონურ აკუმულატორებზე (რომლებსაც ამჟამად ფართოდ იყენებენ ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებში) პატარებიცაა, მსუბუქიც და ტევადიც. კონდნსატორები ენერგიით ოთხ ელექტროძრავს მოამარაგებს, რომელთაგან თითოეული „თავის“ ერთ ბორბალს მოემსახურება.
მოძრაობისას კონდენსატორების დამუხტვისთვის, ავტომობილს ასევე გააჩნია V8 შიდაწვის ძრავისა და გენერატორის ტანდემი. ეს ძრავი შეკუმშულ აირზე იმუშავებს და მას არანაირი კავშირი არ ექნება ბორბლებთან.
ავტომობილში მხოლოდ ორი ადგილია. ამასთან, მგზავრის სავარძელი მძღოლისას უკანაა მოთავსებული. სავარძლების ამგვარი განლაგება ბოლო ხანს ერთგვარ მოდად იქცა, თუმცა ფაქტია, რომ ეს ავტომობილის აეროდინამიკურად ოპტიმალური დიზაინის შემუშავების საშუალებას იძლევა. სალონს საბრძოლო თვითმფრინავის სანთლის ფორმა აქვს. დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, მისი ნაწილობრივ გახსნა შეიძლება, თუმცა მაღალ სიჩქარეზე ამის გაკეთება არ ღირს.

No comments:

Post a Comment