Sunday, September 18, 2011

”ლამბორგინი” ”მეექვსე ელემენტს” გამოუშვებს

Lamborghini Confirms Limited Production Run of the Sesto Elemento
18 სექტემბერი
ფრანკფურტის მოტორ შოუზე, ”ლამბორგინი” პავილიონის მთავარი ვარსკვლავი კონცეპტუალური სუპერ ავტომობილი ”სესტო ელემენტო” გახდა, რომელსაც ბევრი ფიქრის შემდეგ, სანტ’აგატა ბოლონეზელებმა მწვანე შუქი აუნთეს. ეს კი დამსწრე საზოგადოებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ ”ლამბორგინი” ამ ავტომობილის წარმოებას არ აპირებდა.
უნდა ითქვას, რომ ეს ავტომობილი მხოლოდ იმისათვის შეიქმნა, რომ იტალიურ კომპანიას საავტომობილო სამყაროსთვის თავისი ტექნოლოგიური მიღწევები გაეცნო. სახელიც ერთ-ერთი ასეთი სიახლის გამო უწოდეს - სესტო ელემენტო მეექვსე ელემენტს ნიშნავს, რაც ქიმიური ცხრილის მიხედვით, ნახშირბადია. ამ ნივთიერებას კი ავტომობილის კონსტრუქციაში წამყვანი პოზიცია უკავია. სწორედ ნახშირბადოვანი ქსოვილის კომპოზიტისგანაა დამზადებული მისი დიდი ნაწილი და ამ საქმეში ”ლამბორგინის” პარტნიორობას თვით ”ბოინგი” უწევდა. ”ბოინგმა ახლახანს დაიწყო უახლესი ლაინერის (787 დრიმლაინერი) წარმოება, რომლის ფიუზელაჟი თითქმის მთლიანად ნახშირბადოვანი კომპოზიტის პანელებისგან შედგება.
რამდენადაც ”სესტო ელემენტო” თავისი გაბარიტებით ახლოსაა ”გალიარდოსთან”, პარიზში ბევრმა ჩათვალა, რომ ის სწორედ ამ უკანასკნელს შეცვლიდა, თუმცა ”ლამბომ” ეს ვერსია უარყო და გამოაცხადა, რომ ავტომობილის წარმოებას არ აპირებდა, რადგან ის მეტისმეტად რადიკალურია. დღეს კი ერთი წლის წინანდელი გადაწყვეტილება შეიცვალა - ”სესტო ელემენტოს” შეზღუდული რაოდენობით გამოუშვებენ.
მსუბუქი და იმავდროულად, ძალიან ხისტი მასალების გამოყენბის წყალობით, ”სესტო ელემენტო” ძალიან მსუბუქია - 999 კილოგრამს იწონის, რაც ამ კლასის ავტომობილებისთვის ძალიან ცოტაა. ამასთან, 1986 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ”ლამბოს” ავტომობილი ტონაზე ნაკლებს იწონის. ბოლოს ასეთი სიმსუბუქით მოდელი ”კოუნტაჩ ევოლუციონე” გამოირჩეოდა.
”სესტო ელემენტო” იმავე 570-ცხენისძალიანი V10 ძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც იტალიური კომაპნია ”გალიარდოს” ორ მოდიფიკაციაზე - სუპერლეგარასა და სტრადალეზე იყენებს. ამგვარად, ავტომობილის წონისა და სიმძლავრის ფარდობა, ყოველ ცხენის ძალაზე მხოლოდ 1.75 კილოგრამია. ამის წყალობით, ”სესტო ელემენტო” ადგილიდან ასს 2.5 წამში ავითარებს.
”ლამბორგინის” პრეზიდენტი შტეფან ვინკელმანი ამბობს, რომ ”სესტო ელემენტოს” წარმოება იმ უამრავი გამოხმაურების გამო გადაწყდა, რომლებიც მისმა კომპანიამ პარიზის ავტო შოუს შემდეგ მიიღო. არადა, მისი თქმით, პარიზში წარმოდგენილი კონცეპტუალური ავტომობილი ბოლომდე დასრულებულიც კი არ იყო.
მოკლედ, ამ ნახშირბადოვანი ავტომობილის წარმოებას ”ლამბორგინი” 2013 წელს დაიწყებს და მას მხოლოდ 20 ცალს დაამზადებს.

No comments:

Post a Comment