Sunday, September 18, 2011

”ჰიუნდაი i30” - ევროპაზე შეტევის მეორე ფაზა

ფრანკფურტის მოტორ შოუს გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, ”ჰიუნდაიმ” თავისი მთავარი საგამოფენო სიახლის - C სეგმენტის ჰეჩბეკ i30-ის ფოტოები გაავრცელა. ამ ავტომობილით, რომელიც კომპანიის რიუსელსჰაიმის (გერმანია) ტექნიკურ ცენტრშია შემუშავებული, კორეელები კონკურენციას ისეთ პოპულარულ ავტომობილებს გაუწევენ, როგორებიცაა ”ფოლკსვაგენ გოლფი”, ”ფორდ ფოკუსი” და ”რენო მეგანი”.

ახალი ავტომობილი, კორეული კომპანიის კორპორატიულ სტილშია შესრულებული, რომელიც ”თხიერი სკულპტურის” სახელითაა ცნობილი. ამასთან, ამ სტილს რამდენიმე ახალი ელემენტი (მაგალითად, რადიატორზე) აქვს დამატებული. ავტომობილს დინამიურ და ოდნავ აგრესიულ იერს სძენს წინა ბორბლების ძლიერ დაბერილი თაღები, რომელთა ზედა ნაწილამდეც, ფარებია გაწელილი. კაპოტი კი ოდნავ ჩაზნექილია, რაც ჰაერის ნაკადის მოწესრიგების საშუალებას იძლევა.
ინტერიერი ”ჰიუნდაის” ერთ-ერთი ბოლო ქმნილების, კუპე ”ველოსტერის” სტილშია შესრულებული. აქ ყურადღებას იქცევს ცენტრალური კონსოლი, რომლის თავზეც მრავალფუნქციური მონიტორი მოთავსდა, მის ორივე მხარეს კი - სავენტილაციო ”ლაყუჩები”.
ფრანკფურტში i30 ხუთკარიანი ჰეჩბეკის ძარით წარსდგა. კორეული კომპანია მყიდველს ოთხ ძრავს შორის არჩევანს სთავაზობს, რომელთაგანაც ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური, 1.6-ლიტრიანი დიზელია. ასეთი აგრეგატით აღჭურვილი i30 ყოველი კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროში 100 გრამზე ნაკლებ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცნობისათვის, ”ჰიუნდაიმ” i30-ის წარმოება 2007 წელს დაიწყო. ავტომობილს ჩეხეთში აწარმოებენ. შარშან ეს ავტომობილი 115 000-მა ადამიანმა შეიძინა, რაც კორეული კომპანიის რეკორდია (ევროპის ბაზარზე) ცალკე აღებული მოდელისთვის. ამ მაჩვენებლით, i30 ევროპული ბაზრის C-სეგმენტში, მოწინავე ექვსეულში შედის. სულ, წარმოების დაწყებიდან დღემდე, 350 000 ცალი i30-ია გაიყიდული.
ისევე როგორც მის წინამორბედს, ახალ i30-საც ”ჰიუნდაის” ნოსოვიცეს (ჩეხეთი) ქარხანა გამოუშვებს. ეს ავტომობილი ბაზარზე 2012 წლის დასაწყისში, ხუთკარიანი ძარით გამოვა. ამასთან, ”ჰიუნდაი” მყიდველს ხუთწლიან ულიმიტო (გარბენზე) საგარანტიო მომსახურებასაც შესთავაზებს.

No comments:

Post a Comment