Sunday, October 2, 2011

”პორშე 911 კარერა” - ფრანკფურტის ჰიტი

Porsche 911 Carrera
ყოველ შემთხვევაში, ამის თქმა იმ კუთხით შეიძლება, რომ ამ ავტომობილზე ინტერნეტში ყველაზე მეტი პუბლიკაცია დაიწერა. ბუნებრივია, ბაზარზე ახალი ”კარერას” გამოჩენა უკვე მოვლენაა - თითქმის ნახევარი საუკუნეა, ეს ავტომობილი მცირე გარეგნული ცვლილებებით გამოდის და სულ უფრო მეტ ადამიანს ხიბლავს. ის კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სადა და გემოვნებიან დიზაინს დაფასება არასდროს მოაკლდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც გარეგნობის გარდა, ავტომობილს ტექნიკური აღჭურვილობაც მოწოდების დონეზე აქვს.

ფრანკფურტში მეცხრე თაობის ”911 კარერას” მსოფლიო პრემიერა შედგა. გარეგნობით, წინამორბედისგან ის მცირედ განსხვავდება. იმდენად, რომ მათ დაკვირვებული თვალი თუ აღმოაჩენს. თუმცა, კომპანიის რელიზი გვარწმუნებს, რომ ძველ და ახალ ავტომობილს ძარის საერთო არცერთი ელემენტი არ აქვთ! ამასთან, ძარის სტრუქტურაში ალუმინიცაა გამოყენებული, რისი წყალობითაც, ის 45 კილოგრამით შემსუბუქდა.
ცუფენჰაუზენელებმა ამაყად გვაუწყეს, რომ მათი დებიუტანტი მსოფლიოში პირველი ავტომობილია, რომელიც 7-საფეხურიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფითაა აღჭურვილი. ის კი ოპოზიტური 6-ცილინდრიან ძრავთანაა შეწყვილებული, რომლის მუშა მოცულობაც 3.4 ლიტრია და რომელიც 350 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. რაც შეეხება 911-ის ვერსია S-ს, ის 3.8-ლიტრიანი, ასევე 6-ცილინდრიანი (ისიც ოპოზიტური განლაგებით) ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 400 ცხენის ძალას იძლევა.
წინამორბედთან შედარებით, 100 მილიმეტრითაა გაზრდილი 911-ის ბაზა, რომლის სიგრძემაც 2450 მილიმეტრს მიაღწია. გაზრდილია წინა ბორბლების კვალი, ახალია უკანა საკიდარი და საჭის მექანიზმის ელექტრომექანიკური გამაძლიერებელი. დაიხვეწა ავტომობილის აეროდინამიკა. ამ პროცესში, გადასაადგილებელი გახდა უკანა ხედვის სარკეების სამაგრი, რომელმაც კარის წინა, ზედა ნაწილზე გადაინაცვლა. ახალია უკანა, ავტომატურად რეგულირებადი სპოილერი, რომელიც ავტომობილის სიჩქარის შესაბამისად გამოდის ბუდიდან. რა თქმა უნდა, მისი მთავარი დანიშნულება, ძარაზე მოქმედი ამწევი ძალის შემცირებაა.
”911 კარერას” ადგილიდან ასის აკრეფა 4.6 წამში შეუძლია, სპორტპაკეტით აღჭურვილ ვერსიას კი იმავე აჩქარებისთვის 4.4 წამი ჰყოფნის. 100 კილომეტრზე საშუალო ხარჯი 8.2 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 194 გრამი. სტანდარტული აჩქარებისთვის 4.3 წამი ჰყოფნის ”911 კარერა S-ს”, მის სპორტ პლუს ვერსიას კი - 4.1 წამი. ამ შემთხვევაში საწვავის ხარჯი 8.7 ლიტრია.

No comments:

Post a Comment