Sunday, October 2, 2011

ახალი „ჰონდა სივიკი“ ევროპისთვის

Honda Civic
„ჰონდა სივიკის“ მეცხრე თაობის ჰეჩბეკის ევროპული ვერსიის მსოფლიო პრემიერა ფრანკფურტის მოტორ შოუზე ჩატარდა, თუმცა იაპონურმა კომპანიამ ამ ავტომობილის ფოტო და ვიდეო ტიზერების, ასევე მის შესახებ მწირი ინფორმაციის გავრცელება ადრევე დაიწყო, რითაც სიახლის მიმართ არსებული ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. ახალი ხუთკარიანი „სივიკი“ მხოლოდ ევროპული ბაზრისთვის შემუშავდა და ის ჩრდილოამერიკული ოთხკარიანი სედანისა და ორკარიანი კუპესგან საკმაოდ განსხვავებულია. თუმცა ამის მიუხედავად, მათ საერთო სახელი კვლავაც დარჩათ.

ახალმა ავტომობილმა, მისი წინამორბედის მკვეთრი სტილი შეინარჩუნა. თუმცა, მასზე გრძელი ბაზა აქვს, რითაც გაიზრდა სალონის მოცულობა. მნიშვნელოვნადაა შეცვლილი ავტომობილის საკიდარი, რისი წყალობითაც, „სივიკი“ კიდევ უფრო ადვილად სამართავი, კომფორტული და მდგრადი გახდება.
„ჰონდა“ აცხადებს, რომ „სივიკზე“ შენარჩუნებულია უკანა საკიდარის ტორსიონული სისტემა, თუმცა ამის მიუხედავად, ავტომობილის უკანა ნაწილი მაინც ადვილად ემორჩილება მძღოლის მითითებებს. ამას კი ჰიდრომექანიკური სახსრული გადაცემებით აღწიეს, რაც სვლის სიმდოვრეს და კარგ მართვადობას უზრუნველყოფს.
იმ მომენტში, როცა ევროპულ ბაზარზე მისი გაყიდვები დაიწყება, ახალი ”სივიკისთვის” გამოყოფილი იქნება ბენზინის ორი ძრავი და ერთი ტურბოდიზელი. ბენზინის ძრავი 1.4-ლიტრიანია და 100 ცხენის ძალას ავითარებს. მისით აღჭურვილი ”სივიკი” ას კილომეტრს 5.4 ლიტრი საწვავით გადის, ყოველ კილომეტრზე კი გარემოს 129 გრამი ნახშირორჟანგით აბინძურებს. ბენზინის მეორე ძრავი 1.8-ლიტრიანია, 142 ცხენის ძალით. მას მექანიკური, ან ავტომატური კოლოფი უწყვილდება. პირველ შემთხვევაში, საწვავის ხარჯი 5.8 ლიტრია, გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის შემცველობა კი - 137 გრამი. მეორე შემთხვევაში, ავტომობილი 100 კილომეტრზე 6.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს და 148 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
რაც შეეხება ტურბოდიზელს (სერია i-DTEC), ძრავების გამაში ის ყველაზე მძლავრია. აგრეგატი 2.2-ლიტრიანია და 150 ცხენის ძალას იძლევა. ამასთან, ის ყველაზე ეკონომიურიცაა - ას კილომეტრზე 4.2 ლიტრი საწვავი ჰყოფნის და ატმოსფეროს მხოლოდ 110 გრამი CO2-ით აბინძურებს.
„ახალი „სივიკი“ წინა მოდელის უბრალო ევოლუცია კი არა, ევოლუციური რევოლუციაა. სვლის ხარისხის ასპექტში, ჩვენ ახალ, უფრო მაღალ დონეს მივაღწიეთ, რაც განვითარების ორი თაობის ტოლფასია“, - ამბობს ახალი „სივიკის“ შასის მთავარი ინჟინერი კაძუო სუნაოში.
ევროპისთვის განკუთვნილ ახალ „ჰონდა სივიკს“ იაპონური კომპანიის ბრიტანული (ქალაქ სუინდონში მდებარე) ქარხანა გამოუშვებს. მოგვიანებით, ამავე ქარხანაში იგივე ავტომობილს სედანის ძარითაც გამოუშვებენ.

No comments:

Post a Comment