Sunday, October 2, 2011

„მაზერატიმ“ უგზოობის პირველი ავტომობილი გვიჩვენა

Maserati Kubang
„კრაისლერში“ გადახდილი მილიარდების სანაცვლოდ, „ფიატისთვის“ ისეთი ტექნოლოგიები ხდება ხელმისაწვდომი, რომლებზეც ადრე მხოლოდ ოცნება თუ შეეძლო. რა თქმა უნდა, თავისი პარტნიორის მიღწევების გამოყენების საშუალება ამერიკულ კომპანიასაც ეძლევა. თუმცა, მაინც სწორედ მისი საინჟინრო ბაზაა ის მთავარი წყარო, რომელმაც „ფიატის“ ჯგუფში შემავალ რამდენიმე „მიძინებულ“ კომპანიას, მათ შორის „მაზერატისაც“, ახალი სიცოცხლე უნდა შთაბეროს.

უახლოეს მომავალში, „მაზერატი“ რამდენიმე ახალი ავტომობილის წარმოებას დაიწყებს, რომლებიც „კრაისლერის“ შესაბამის პლატფორმებზე იქნება ბაზირებული. პირველ რიგში კი, ეს იქნება უგზოობის მოდელი, რომელსაც ბაზარი დიდი ხანია, ელის. ამ მოდელის მახარობელი კი კონცეპტუალური ავტომობილი ”კუბანგი” გახდა, რომელიც იტალიურმა კომპანიამ ფრანკფურტის მოტორ შოუზე წარადგინა.
სავარაუდოდ, მისი სერიული წარმოება 2013 წლიდან დაიწყება. და, რა თქმა უნდა, ამ ავტომობილით, „მაზერატი“ კონკურენციას „პორშეს“ ძალიან წარმატებულ „კაიენს“ გაუწევს. ”კუბანგი” უახლეს  „ჯიპ გრანდ ჩეროკის“ პლატფორმას ეყრდნობა, არქიტექტურას, რომელსაც ბევრი საერთო აქვს „მერსედეს ბენცის“ პოპულარულ ML-კლასთან.
”მაზერატის” ამ ავტომობილის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია ფრანკფურტში არ გაუვრცელებია. იქ მხოლოდ ”კუბანგის” სტილი გვიჩვენა. იყო ვარაუდი, რომ ეს ავტომობილი ძრავს კი „ფერარისგან“ მიიღებს. ეს უნდა იყოს 4.7-ლიტრიანი V8, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. გამოცემა „ტოპ გიარის“ ვარაუდით, შესაძლოა, არჩევანი ამერიკული კომპანიისვე SRT8-სერიის 6.4-ლიტრიან V8-ზე შეჩერდეს, რომელიც 470 ცხენის ძალას იძლევა.
თუმცა, ფრანკფურტში ”მაზერატიმ” გამოაცხადა, რომ ყველა მთავარ აგრეგატს და სისტემას, როგორებიცაა ძრავი, ტრანსმისია (8-საფეხურიანი), საკიდარი, მუხრუჭები, საჭის მექანიზმი და სხვა, საკუთარი ძალებით შეიმუშავებს. ამ შემთხვევაში, აგრეგატების ”ფერარისთან” ნათესაობა უფრო რეალურად მოჩანს, რადგან მათი სუფთა ფურცლიდან შექმნა არარენტაბელური იქნება.
ამის დასტურია თუნდაც ის ფაქტი, რომ იტალიური კომპანიის (რომელიც ფერარისთან ერთად, ფიატ-ის ჯგუფში შედის) ძრავების დეპარტამენტს პაოლო მარტინელი უდგას სათავეში, ადამიანი, ვინც თითქმის 30 წელი სწორედ ”ფერარიში” მუშაობდა. დაკიდევ, ”კუბანგისთვის” ძრავებს მარანელოში, ”ფერარის” საწარმოში გამოუშვებენ. რაც შეეხება ზემოთ ჩამოთვლილ აგრეგატებს და სისტემებს, მათ მოდენაში დაამზადებენ.
უგზოობის ავტომობილის გარდა, „მაზერატი“ „კრაისლერის“ ბაზაზე ორ სედანსაც გამოუშვებს. „ფიატისა“ და „კრაისლერის“ მთავარ აღმასრულებელ სერჯო მარკიონეს თქმით, ახლანდელი „მაზერატი კვატროპორტე“ ორი სედანით შეიცვლება, რომლებიც პლატფორმებს „კრაისლერ 300-სგან“ და „დოჯ ავენჯერისგან“ მიიღებენ. ამ ორიდან ერთი, უფრო პატარა, მე-5 სერიის „ბეემვეს“ ზომისა იქნება, მეორე კი - უფრო დიდი, გრძელბაზიანი, კონკურენციას „მერსედესის“ S-კლასს, „აუდის“ A8-ს და „ბეემვეს“ მე-7 სერიის სედანს გაუწევს. ორივე სედანს გრულიასკოს ქარხანა გამოუშვებს, რომელიც ატელიე „ბერტონესთან“ ერთად, „ფიატმა“ ორი წლის წინ გამოისყიდა.
ცნობილი გახდა კიდევ ერთი ინფორმაცია: „მაზერატის“ ავტომობილების დიზაინზე აღარ იმუშავებენ „იტალდიზაინ ჯუჯარო“, რომელიც „ფოლკსვაგენმა“ შეისყიდა და „პინინფარინა“. სამივე ავტომობილის სტილს საკუთრივ „მაზერატის“ სტილის ტურინული ცენტრი შეიმუშავებს.
მარკიონე იმედოვნებს, რომ ახალი ავტომობილების წარმოების დაწყების შემდეგ, „მაზერატის“ გაყიდვების წლიური მოცულობა გაათმაგდება. ცნობისათვის, შარშან ამ კომპანიამ 5 675 ავტომობილი გაჰყიდა.

No comments:

Post a Comment