Sunday, October 2, 2011

ორსახოვანი „დეფენდერი“ ფრანკფურტის შოუზე

ავტომობილებს სუფთა ფურცლიდან თითქმის აღარავინ აკეთებს. დიდი კომპანიებიც კი, თავიანთი ავტომობილების საფუძვლად, სხვა კომპანიების პლატფორმებს იყენებენ. მართალია, დიდი კომპანიებისთვის სრულიად ახალი ავტომობილის შექმნა ტექნიკურ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარი ამ შემთხვევაში ფულია.

მაგრამ როდესაც ლაპარაკია ლეგენდის შეცვლაზე, აქ საქმე გაცილებით რთულადაა - ლეგენდარული, ძველი მოდელი ყველას ახსოვს და მასზე ძლიერი ნოსტალგიაც არსებობს. ამიტომ, თუ მის შეცვლას აპირებ, დარწმუნებული უნდა იყო, რომ სიახლე მასზე უარესი მაინც არ იქნება. და რაოდენ დაჯერებული უნდა იყოს საკუთარ შესაძლებლობებში კომპანია, რომ ისეთი ლეგენდარული ავტომობილის შეცვლა განიზრახოს, როგორიც „დეფენდერია“, ავტომობილი, რომელსაც პოპულარობა 60 წლის განმავლობაში არ დაუკარგავს.
მაგრამ „ლენდ როვერს“ სწორედ ასეთი განზრახვა აქვს. განზრახვა კი არა, ფრანკფურტის მოტორ შოუზე სრულიად ახალი „დეფენდერის“ კონცეპტუალური ვერსია წარადგინა. ვერსია კი არა, ვერსიები. უფრო კონკრეტულად, უგზოობის კონცეპტუალური ”დეფენდერ DC100” და მისი ღია ვერსია ”დეფენდერ DC100 სპორტი”.
ბრიტანულ გამოცემა „ავტოქართან“ საუბრისას, „ლენდ როვერის“ დირექტორმა ჯონ ედვარდსმა განაცხადა, რომ მას ვერ წარმოუდგენია თავისი კომპანია, რომელიც „დეფენდერის“ შემცვლელს არ გამოუშვებს. ამ მოდელმა ხომ „ლენდ როვერს“ საქვეყნოდ გაუთქვა სახელი. მაგრამ ახალ „დეფენდერს“ რთული გზა ელის - ის ბაზარზე უნდა დამკვიდრდეს ისე, რომ გაზრდილ ფასებსაც გაუმკლავდეს და ლეგენდარული ხასიათიც შეინარჩუნოს.
ედვარდსი განმარტავს, რომ ახალი „დეფენდერის“ წარმოება რენტაბელური იქნება, თუ ამ ავტომობილს წლიურად 60-80 ათასს დაამზადებენ. ცნობისათვის, შარშან მხოლოდ 18 000 „დეფენდერი“ გაიყიდა. მისივე თქმით, ახალი ავტომობილი, ისევე როგორც მისი წინამორბედი, არმიაში ექსპლუატაციისთვისაც მოსახერხებელი იქნება.
ფრანკფურტში წარდგენილი ორივე კონცეპცია ფაქტობრივად ერთიდაიგივე ავტომობილია და რა თქმა უნდა, ისინი ერთ პლატფორმას ეყრდნობა და აღჭურვილობაც ერთნაირი აქვთ. აღჭურვილობაში კი შედის ისეთი საინტერესო სისტემა, როგორიცაა ტერეინ-1. ეს სისტემა უგზოობის პირობებში მძღოლის შესანიშნავი დამხმარეა. ის მანქანის წინ არსებულ გზას ზვერავს და მიღებულ ინფორმაციას მძღოლს აწვდის. სისტემა ”ტორქ ვექტორინგ” დამოუკიდებლად მოქმედებს, როდესაც ავტომობილი ძნელად გასავლელ გზაზე მოძრაობს. ის ტრანსმისიაშია ინტეგრირებული და მაბრუნ მომენტს მკაცრად დოზირებულად აწვდის ბორბლებს, რათა მათი მოსრიალება გამოირიცხოს. სისტემა დრაივლაინ დისკონექტი კი უკანა დიფერენციალს მაშინვე გათიშავს, როგორც კი ავტომობილი ნორმალურ გზაზე გავა. ამგვარად, საწვავის ხარჯი მცირდება. ეკონომიურობასვე ემსახურება სისტემა სტოპ-სტარტი.
ფრანკფურტში ნაჩვენები ”დეფენდერ DC100” ოთხცილინდრიანი 2.0-ლიტრიანი ტურბოდიზელითაა აღჭურვილი, უფრო სპორტული ორიენტაციის ”დეფენდერ DC100 სპორტს” კი ასევე ოთხცილინდრიანი და 2.0-ლიტრიანი ძრავი ამოძრავებს, ოღონდ საწვავად ის ბენზინს მოიხმარს. ”ლენდ როვერს” მათი ტექნიკური მახასიათებლები არ გამოუქვეყნებია, თუმცა გამოაცხადა, რომ ორივე ძრავი ჰიბრიდულ სისტემასთან აბსოლუტურად თავსებადია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალი ”დეფენდერი” ჰიბრიდული სისტემითაც აღიჭურვება. ძრავებთან შესაწყვილებლად კი 8-საფეხურიანი ავტომატური კოლოფია გათვალისწინებული.
დაბოლოს, ახალი „დეფენდერი“ ბაზარზე 2015 წელს უნდა გამოვიდეს...

No comments:

Post a Comment