Wednesday, November 9, 2011

”ნისან პივო 3” ტოკიოს შოუზე გაგვეცნობა (ვიდეო)

”ნისან პივო 3” ტოკიოს შოუზე გაგვეცნობა
New Nissan PIVO 3 Concept is a Leaf for Three
9 ნოემბერი
როგორც წესი, ტოიკიოს მოტორ შოუზე უამრავი ფუტურისტული კონცეპტუალური ნამუშევრის ხილვა შეიძლება, რომელთა უმეტესობა, რა თქმა უნდა, კონვეიერამდე ვერ აღწევს. თუმცა არის ისეთი კონცეპციები, რომლებიც იაპონიის გზებზე მალევე გამოჩნდებიან ხოლმე.

ტოკიოში აქტიურობით ყოველთვის გამოირჩევიან ადგილობრივი მწარმოებლები და მათ შორის, რა თქმა უნდა, ”ნისანიცაა”, რომელმაც სხვადასხვა მიზეზების გამო, ორი წლის წინ, საშინაო შოუ გამოტოვა. სამაგიეროდ, ამჯერად გამოფენისთვის სამი ავტომობილი მოამზადა, რომელთაგან ერთი-ერთი ყველაზე გამორჩეული, პატარა, სამადგილიანი ელექტრომობილი ”პივო 3-ია”.
ეს ”ნისანის” მიერ ამ სახელით შექმნილი მესამე ელექტრომობილია და ინდექსად სამი ამიტომაც უწერია. თუმცა, სამიანს სხვა მიზეზიც აქვს - სალონში სწორედ ამდენი სავარძელია. თანაც, მძღოლის სავარძელს ცენტრალური ადგილი უკავია. ელექტრონული ჯუჯა ორკარიანია და მისი ორივე კარი მანქანის გასწვრივ იღება. რა თქმა უნდა, წინამორბედებთან შედარებით, გარეგნულად დაიხვეწა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მას საწარმოოდაც ამზადებენ. ყოველ შემთხვევაში, ”ნისანის” პროდუქციის სტრატეგიის დივიზიონის გენერალური მენეჯერი ფრანსუა ბანსონი არ მალავს, რომ ”პივოს” წარმოების საკითხი სერიოზულად განიხილება.
ავტომობილის სიგრძე 3 მეტრზე ნაკლებია და მას მამოძრავებელ ძალას ოთხი ელექტროძრავი ანიჭებს, რომლებიც ბორბლებშია ჩამონტაჟებული. ამასთან, ჯუჯას ოთხივე ბორბალი მართვადია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტორი, ავტომობილის შესანიშნავ მანევრულობას განაპირობებს.
”ნისანის” ინჟინრებმა მესამე ”პივო” სისტემა ”აუტომატედ ვალეტ პარკინგითაც” აღჭურვეს. ეს სისტემა იმიტაა საინტერესო, რომ პარკირების დროს, ავტომობილს აბსოლუტურად ავტონომიურად მართავს. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მქონე სადგომზე, ის თავად აფიქსირებს თავისუფალ ადგილს და ავტომობილს ამ ადგილზე დააყენებს. ეგ კიდვ არაფერი, ამავე სისტემას შეუძლია, რომ აკუმულატორი დამოუკიდებლად დამუხტოს (რა თქმა უნდა, სადგომზე შესაბამისი მოწყობილობა უნდა იყოს), პატრონს კი მისი გამოძახება პარკინგის გასასვლელთან შეუძია და ამას სმარტფონით გააკეთებს...
ამის შემდეგ, ალბათ აღნიშვნადაც არ ღირს, რომ სალონის წინა ნაწილის ორივე კიდეში, ორი პატარა მონიტორია ჩასმული, რომლებზეც უკანა ხედვის ვიდეოკამერების მიერ მიღებული გამოსახულების ხილვა შეიძლება.
შანსი იმისა, რომ ”პივო” ”ნისანის” კონვეიერზე დადგეს, დიდია. თუ მას მწვანე შუქს აუნთებენ, წარმოება 2016 წელს დაიწყება. ოღონდ, ალბათობა იმისა, რომ მისი სერიული ვერსია ასეთი საოცარი სისტემებით აღიჭურვება, მცირეა...


No comments:

Post a Comment