Wednesday, November 9, 2011

გორდონ მარის ელექტრომობილმა ეკო მარათონი მოიგო

Gordan Murray's T.27 a winner in RAC
9 ნოემბერი
სახელოვან ბრიტანელ ინჟინერ გორდონ მარის მიერ შემუშავებულმა მინი ელექტრომობილმა, სახელად ”მარი T.27”, ბრიტანეთის სამეფო ავტოკლუბის მიერ ორგანიზებულ გარბენ მომავლის ავტომობილის გამოწვევაში გაიმარჯვა. ამ მანქანამ აბსოლუტურ ჩათვლაშიც გაიმარჯვა და პროტოტიპების კლასშიც და ყველაზე ეკონომიური პატარა ავტომობილის წოდებაც მიიღო.
ეს ეკომარათონი იმ ავტომობილებისთვისაა, რომლებიც ეკონომიურობით გამოირჩევა. შიდაწვისძრავიანი ავტომობილებისთვის დაწესებულია ყოველ კილომეტრზე გამოყოფილი ნახშირორჟანგის ზღვრული მაქსიმუმი, რაც 110 გრამს შეადგენს. ჰიბრიდბს, ელექტრომობილებს და წყალბადზე მომუშავე ავტომობილებისთვის კი ზღვარი არ არსებობს. გარბენი ქალაქ ბრაიტონიდან ლონდონამდე ტარდება და მისი დისტანცია 96 კილომეტრია. გზა საერთო სარგებლობისაა.
წლევანდლ გარბენში 65 ავტომობილი მონაწილეობდა. მათ შორის იყო ისეთი სერიული ავტომობილები, როგორებიცაა ”ნისან ლიფი” და ”ტესლა როდსტერი”. შეჯიბრის წესები მოითხოვს, რომ ელექტრომობილები და წყალბადის დანადგარიანი ავტომობილები, აღჭურვილი უნდა იყოს სისტემებით, რომლებიც ენერგიის ხარჯს აღრიცხავს და მართვის სტილის ტელემეტრიულ მახასიათებლებს იწერს. ჰიბრიდებზე კი იდგა მოწყობილობები, რომლებიც გამონაბოლქვში ნახშირორჟანგის მოცულობას აფიქსირებს.
გარბენის ბოლოს აღმოჩნდა, რომ ელექტრომობილმა ”მარი T.27-მა” დისტანციის გასავლელად, 0.81 ლიტრი საწვავის ექვივალენტური ენერგია მოიხმარა. მართალია, ჯუჯას რეალურად ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს, მაგრამ ისევ ექვივალენტური მონაცემებით, ის ყოველ კილომეტრზე, ატმოსფეროში 37 გრამ ნახშირორჟანგს ტოვებდა.
ეს ავტომობილი 25-კილოვატიანი ელექტროძრავითაა აღჭურვილი, რომელსაც ენერგიით ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი კვებავს. მასში დაგროვილი ენერგია კი საკმარისია იმისათვის, რომ ჯუჯამ 160-210 კილომეტრი გაიაროს (მანძილი მართვის სტილზეა დამოკიდებული). T.27-ის მაქსიმალური სიჩქარე 105 კმ/სთ-ია, ადგილიდან ასამდე ასაჩქარებლად კი მას 15 წამი სჭირდება.
ამ ავტომობილის სერიულ წარმოებასთან დაკავშირებით, გორდონ მარი რამდენიმე კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას და სავარაუდოდ, მისი წარმოება ორ წელიწადში დაიწყება.

No comments:

Post a Comment