Sunday, November 13, 2011

ჰამილტონმა გაიმარჯვა

ფეტელმა კი ამ სეზონში ფინიშს პირველად ვერ მიაღწია
Hamilton wins, rare retirement for Vettel
13 ნოემბერი

როგორც იქნა, ლუის ჰამილტონმაც გაიხარა – აბუ დაბის დიდი პრიზის მოგებით დაასრულა წარუმატებელ რბოლათა სერია და იქნებ, წერტილიც დაუსვას თავის უიღბლობას, რაც მომავალ სეზონში ძალიან გამოადგება. სებასტიან ფეტელმა კი, ამ სეზონში პირველად, რბოლის დასრულება ვერ შეძლო. ჰამილტონმა ფინიშთან 8.4 წამით მიასწრო ფერნანდო ალონსოს და ამ სეზონში მესამე გამარჯვება იზეიმა. მესამეზე კი მისი თანაგუნდელი ჯენსონ ბატონი გავიდა.


ფეტელმა რბოლა პოულ პოზიციიდან დაიწყო და სტარტიც ადვილად მოიგო. თითქოს, ამჯერადაც მისი ტრიუმფის მომსწრენი უნდა გავმხდარიყავით, მაგრამ რბოლის დასაწყისშივე, მის „რედ ბულზე“ საბურავი დაზიანდა. ჩემპიონმა, ვინც თავისი პირველი ტიტული ერთი წლის წინ, სწორედ აბუ დაბიში (სეზონის ბოლო ეტაპზე) მოიპოვა, ბოქსებში დაბრუნება სცადა, მაგრამ საბურავი ბორბალს მოსძვრა და საკიდარიც დააზიანა. დაზიანება იმდენად სერიოზული აღმოჩნდა, რომ გერმანელმა პილოტმა გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო. მისთვის რბოლა პირველივე წრეზე დასრულდა.
„დღეს აშკარად შეგვეძლო რბოლის მოგება. ამისთვის შესანიშნავი პოზიციაც გვეკავა და კარგადაც ვიყავით მომზადებული. ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. უბრალოდ, არ გაგვიმართლა“, – განაცხადა „რედ ბულ რეისინგის“ შეფმა ქრისტიან ჰორნერმა.
ამვარად, ფეტელმა აბუ დაბიში ჰეთ–თრიკის შესრულება ვერ შეძლო და ვერც მიხაელ შუმახერის რეკორდს გაიმეორებს – ერთ სეზონში 13 რბოლას ვერ მოიგებს. სეზონის დასრულებამდ ერთი (ბრაზილიური)ეტაპით ადრე, მას 11 გამარჯვება აქვს. გარდა ამისა, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს აბუ დაბიმდე, ზედიზედ 19 რბოილა ქულებში ჰქონდა დამთავრებული, ბოლო შვიდ ეტაპზე კი კვარცხლბეკზე დაბლა არ ჩამოსულა. დაკიდევ, ამ სეზონში ეს ერთადერთი რბოლა იყო, რომლის კვარცხლბეკზეც „რედ ბულ რეისინგის“ მრბოლი ვერ ვნახეთ – მარკ უებერი მეოთხე ადგილს დასჯერდა.


სამაგიეროდ, ჰამილტონმა უშეცდომოდ იასპარეზა. „რბოლა რომ მორჩა და უკან დასაბრუნებელ წრეზე ვიყავი, ვფიქრობდი, რომ ეს ალბათ ყველაფერი გავიღე ამ გამარჯვებისთვის, არც შეცდომა დამიშვია. არადა, წინა რბოლების შემდეგ, საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვიც კი მეპარებოდა. წარმოუდგენელ ზეწოლას განვიცდიდი. ახლა კი ბედნიერი ვარ, რომ უსიამოვნებები უკან დამრჩა“, – განცხადა ჰამილტონმა, ვინც საკუთარი გამარჯვება დედას, კარმენს საიუბილეოდ მიუძღვნა.
სხვათა შორის, ცოტა ხანს რბოლას ალონსოც ლიდრობდა. ოღონდ ეს მას შემდგ, რაც ჰამილტონი ბოლო პიტ სტოპზე შევიდა. მერე კი, როდსაც რეზინი ესპანლმაც შეცვალა, მათ შორის სხვაობა ოთხ წამზე მეტი იყო. მართალია, თავის ძველ მეტოქესთან დამარცხდა, მაგრამ თავისი შედეგით უკმაყოფილო არც ალონსო დარჩენილა.
რბოლა, რომელიც დღის შუქზე დაიწყო და ხელოვნური განათების ქვეშ დასრულდა, არც ისე საინტერესო გამოდგა. თუმცა, გასწრება მეტი იყო, ვიდრე ინდოეთში. სხვათა შორის, ალონსოსა და ჰამილტონს შორის დიდი შერიგება შედგა – აბუ დაბიში ჩასვლამდე, ბრიტანელმა თავისი ძველი მეტოქის მიმართ, საქებარი სიტყვები არ დაიშურა, კვარცხლბეკზე დგომისას კი ალონსომ მას გულითადი მილოცვით დაუბრუნა ხურდა.
ბატონს რბოლის დასაწყისშივე დაუზიანდა სისტემა კერსი, რის გამოც, მან თავი ვერაფრით გამოიჩინა. და მაინც, მან კვარცხლბეკზე ასვლა შეძლო, რაც უებერის დამსახურებაცაა. ავსტრალიელს ბოლო წრეზე, რეზინის სავალდებულო შეცვლამ მოუწია. მას მყარი საბურავები აუცილებლად უნდა გამოეყენებინა.
და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – ჰამილტონი ბატონს ვეღარ დაეწევა და ღიაბორბლიანი ავტომობილებით რბოლების კარიერაში პირველად, თავის თანაგუნდელთან დამარცხდება. თუმცა, მას შანსი აქვს, ბატონზე მეტი რბოლა მოიგოს. ამჟამად ორივეს 3–3 გამარჯვება აქვს. ბატონი კვლავ ინარჩუნებს მეორე ადგილს – 10 ქულას უგებს მესამეზე მყოფ ალონსოს, ვისაც თავის მხრივ, უებერი 12 ქულით ჩამორჩება.


აბუ დაბის დიდი პრიზი
იას მარინა. დსტანცია 305.355 კმ (5.554 კმ, 55 წრე)
1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)         1:37:11.886
2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ფერარი)                 +00:08.457
3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი)               00:25.881
4. მარკ უებერი (ავსტრალია, რედ ბული)                    00:35.784
5. ფელიპე მასა (ბრაზილია, ფერარი)                            00:50.578
6. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი)                   00:52.317
7. მიხაელ შუმახერი (გერმანია, მერსედესი)               01:15.964
8. ადრიან სუტილი (გერმანია, ფორს ინდია)              01:17.122
9. პოლ დი რესტა (ბრიტანეთი, ფორს ინდია)            01:41.087
10. კამუი კობაიაში (იაპონია, ზაუბერი)                       1 წრე
11. სერხიო პერესი (მექსიკა, ზაუბერი)                         1 წრე
12. რუბენს ბარიკელო (ბრაზილია, უილიამსი)          1 წრე
13. ვიტალი პეტროვი (რუსეთი, რენო)                         1 წრე
14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, უილიამსი)    1 წრე
15. ხაიმე ალგერსუარი (ესპანეთი, ტორო როსო)        1 წრე
16. ბრუნო სენა (ბრაზილია, რენო)                                1 წრე
17. ჰეიკი კოვალაინენი (ფინეთი, ლოტუსი)                1 წრე
18. იარნო ტრული (იტალია, ლოტუსი)                                    2 წრე
19. ტიმო გლოკი (გერმანია, ვირჯინი)                          2 წრე
20. ვიტანტონიო ლიუცი (იტალია, ისპანია)                2 წრე
გ. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, ისპანია)              7 წრე
გ. სებასტიან ბუემი (შვეიცარია, ტორო როსო)                        36 წრე
გ. ჟერომ დ’ამბროზიო (ბელგია, ვირჯინი)                  37 წრე
გ. სებასტიან ფეტელი (გერმანია, რედ ბული)            54 წრე
 
შენიშვნა: გ – გამოეთიშა
უსწრაფესი წრე: მარკ უებერი – 1:42.612, 51–ე წრე

პილოტების კლასიფიკაცია
1. სებასტიან ფეტელი – 374 ქულა; 2. ჯენსონ ბატონი – 255; 3. ფერნანდო ალონსო – 245; 4. მარკ უებერი – 233; 5. ლუის ჰამილტონი – 227; 6. ფელიპე მასა – 108; 7. ნიკო როსბერგი – 83; 8. მიხაელ შუმახერი – 76; 9. ვიტალი პეტროვი – 36; 10. ნიკ ჰაიდფელდი (გერმანია, რენო) – 34; 11. ადრიან სუტილი – 34; 12. კამუი კობაიაში – 28; 13. ხაიმე ალგერსუარი – 26; 14. პოლ დი რესტა – 23; 15. სებასტიან ბუემი – 15; 16. სერხიო პერესი – 14; 17. რუბენს ბარიკელო – 4; 18. ბრუნო სენა – 2; 19. პასტორ მალდონადო – 1

კონსტრუქტორთა პირველობა
1. რედ ბულ–რენო – 607 ქულა; 2. მაკლარენ–მერსედესი – 482; 3. ფერარი – 353; 4. მერსედესი – 159; 5. რენო – 72; 6. ფორს ინდია–მერსედესი – 57; 7. ზაუბერ–ფერარი – 42; 8. ტორო როსო–ფერარი – 41; 9. უილიამს–კოსუორტი – 5

No comments:

Post a Comment