Monday, November 28, 2011

„რედ ბული“ ფეტელის ფინიშმა გააოცა

Red Bull amazed Vettel reached the end of the Brazilian Grand Prix
28 ნოემბერი
„რედ ბულისთვის“ ბრაზილიის დიდი პრიზის შედეგი მოულოდნელი აღმოჩნდა – ავსტრიულ გუნდს ის კი არ უკვირს, რომ რბოლა მარკ უებერმა მოიგო, არამედ ის, რომ სებასტიან ფეტელმა ფინიშს მიაღწია. საქმე ისაა, რომ მის მანქანზე გადაცემათა კოლოფი დაზიანდა და ინჟინრები ფიქრობდნენ, რომ მსოფლიო ორგზის ჩემპიონი რბოლას ვერ დაასრულებდა.

რბოლის დასაწყისშივე, ტელემეტრიის ინჟინრებმა აღმოაჩინეს, რომ ფეტელის მანქანის კოლოფში ზეთის დონემ დაიკლო. ამიტომ, მას ურჩიეს, რომ საფეხურები რაც შეიძლება, იშვიათად ეცვალა. რა თქმა უნდა, ამით მანქანის საშუალო სიჩქარე დაეცა. მოგვიანბით, ფეტელმა აირტონ სენას 1991 წლის ბრაზილიის დიდ პრიზზე გამოსვლა გაიხსენა, რომლის დროსაც, ლეგენდარულ ბრაზილიელს მსგავსი
პრობლემები ჰქონდა.
„რედ ბულის“ შეფი ქრისტიან ჰორნერი ამბობს, რომ შუა რბოლაში ვერავინ იტყოდა, შეძლებდა, თუ არა ფეტელის ფინიშამდე მისვლას: „ორივემ ძალიან კარგი სტარტი აიღო, მაგრამ მეხუთე წრეზე, ტელემეტრიამ აჩვენა, რომ სებასტიანის მანქანაზე კოლოფი ზეთს კარგავდა. თავიდან ვიფიქრეთ, რომ დისტანციის შუაში გაჩერდებოდა. ჩვენ მაინც დაკვირვება გავაგრძელეთ და ტელემეტრიამ გვიჩვენა, რომ ზეთის კლება შეჩერდა. ყველაფერი სებასტიანს ვაცნობეთ და ამის შემდეგ, ის ცდილობდა, რომ მართვის სტილი შეეცვალა. იმ მომენტში ის დამაჯერებლად ლიდერობდა. მერე კი მარკი დაეწია და სებასტიანმა გვითხრა, რომ პირველ მოსახვევში გაატარებდა. ასეც მოიქცა. ჩვენ სიტუაციის გამოსწორებას ვცდილობდთ, მაგრამ ვერაფერი შევცვალეთ“. ჰორნერის თქმით, რბოლის დასრულების შემდეგ, კოლოფში ზეთი პრაქტიკულად აღარ იყო. არადა, ამის მიუხედავად, ფეტელმა მეორე ადგილის შენარჩუნება მოახერხა.
შექმნილმა სიტუაციამ წარმოშვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ ეს პრობლემა გუნდმა მხოლოდ იმის გამო გამოიგონა, რომ ფეტელის მიერ უებერის უბრძლველად წინ გაშვება (ფოტოზე) გაემართლებინა (ავსტრალიელისთვის ეს ამ სეზონში მოპოვებული ერთადერთი გამარჯვებაა). ჰორნერმა ამაზე გაიცინა და რეპორტიორებს გაახსენა, რომ გუნდური მითითებები ფ1–ში აკრძალული აღარაა და სპექტაკლის დადგმა საჭირო არ იყო.

No comments:

Post a Comment