Monday, November 28, 2011

„ტოიოტა“ და „ბეემვე“ მწვანე ტექნოლოგიებზე ერთად იმუშავებენ

Toyota, BMW to partner on green technology
28 ნოემბერი
„ტოიოტა“ და „ბეემვე“ ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ, რისი მიზანიც, ორ კომპანიას შორის, ეკოლოგიურად სუფთა ავტომობილების წარმოებაში თანამშრომლობის დაწყებაა. ამ ინფორმაციას იაპონური სააგენტო ნიკეი ავრცელებს. გარიგების დადების შემთხვევაში, იაპონური კომპანიისთვის, ბავარიელთა წარმოების დიზელის ძრავები იქნება ხელმისაწვდომი.

„ტოიოტას“ ყველაზე მეტად „ბეემვეს“ 2.0–ლიტრიანი დიზელის აგრეგატი აინტერესებს, რომელსაც ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ საშუალო ზომის ავტომობილებზე გამოიყენებს. გასულ წელს, იაპონურ კომპანიას ევროპაში გაყიდვები 10 პროცენტით შეუმცირდა და ამ გარიგების მთავარი მიზანი, სწორედ გაყიდვების გაუმჯობესებაა.
თუ გარიგება შედგა, „ტოიოტასთვის“ „ბეემვე“ მეორე უცხოელი პარტნიორი გახდება. რამდენიმე თვით ადრე, იაპონურმა კომპანიამ მსგავსი ხელშეკრულება „ფორდთან“ გააფორმა. ეს ორი კომპანია შეთანხმდა, რომ პიკაპებისა და უგზოობის მოდელებისთვის, ერთობლივად შეიმუშავებენ ჰიბრიდულ ტექნოლოგიებს.
ნიკეის ინფორმაციით, იენის გამყარების გამო, „ტოიოტას“ ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვები ფერხდება, რისი მიზეზიც, ფასების ზრდაა. „ბეემვესგან“ დიზელის აგრეგატების მიღება კი ამ კრიზისს შეარბილებს.
გერმანულ კომპანიასთან გარიგების წყალობით, „ტოიოტა“ მნიშვნელოვნად შეკვეცს საწარმოო ხარჯებს. პარალელურად, იაპონელები მზად არიან, ახალ პარტნიორს, თავიანთი ჰიბრიდული ტექნოლოგიები გააცნონ. ამით „ბეემვეს“ დაინტერესება დიდია – ბავარიელები მალე ეკოლოგიური ავტომობილების სერიულ წარმოებას დაიწყებენ და ამ საქმეში, „ტოიოტას“ გამოცდილება ძალიან გამოადგებათ. სხვათა შორის, მსგავსი გარიგება მათ „პეჟო–სიტროენთანაც“ აქვთ, რომლის შესაბამისადაც, ისინი ჰიბრიდულ ტექნოლოგიებზე ერთობლივად მუშაობენ.

No comments:

Post a Comment