Monday, November 28, 2011

პატრიკ ჰედი ფორმულა ერთს ტოვებს

Williams stalwart Patrick Head to end his F1 involvement at the end of 2011
28 ნოემბერი
„უილიამსის“ თანამფლობელი, ფორმულა ერთის ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა პატრიკ ჰედი, ვინც თავისი გუნდის საინჟინრო შტაბს ხელმძღვანელობს, ამ სეზონის ბოლოს, გუნდს დატოვებს და კომპანია „უილიამსის“ ჰიბრიდული აგრეგატების განყოფილებას ჩაუდგება სათავეში.

ჰედი „უილიამსის“ ერთ–ერთი წამყვანი ფიგურა, ამ საჯინიბოს დაარსების დღიდანაა (1977 წლიდან). თუმცა ახლა გუნდში კრიზისია, რის გამოც იქ რესტრუქტურიზაცია იგეგმება. ამ პროცესში, ჰედმა ჩათვალა, რომ თავისი შესაძლებლობები ამოწურა და დროა, სხვა საქმეს მოკიდოს ხელი.
„გუნდს ვტოვებ, მაგრამ კომპანიაში ვრჩები. ამიერიდან, „უილიამსის“ ფ1–ის გუნდის წევრი აღარ ვარ. სამაგიეროდ, კომპანიის ჰიბრიდული აგრეგატების განყოფილებას გავუძღვები. ნურავინ იფიქრებს, რომ უმაღლესი ტექნოლოგიები მეორეხარისხოვან საქმეზე გავცვალე. კომპანიისთვის ეს სერიოზული ბიზნესია. ჩვენ ავტობუსებისა და სარკინიგზო ლოკომოტივებისთვის ჰიბრიდულ აგრეგატებს დავამზადებთ“, – ყვება ჰედი.
მას ერთადერთ რამეზე წყდება გული – ფ1–ს მისი გუნდისთვის ყველაზე წარუმატებელი სეზონის შემდეგ ტოვებს. ამ სეზონში მისმა პილოტებმა მხოლოდ 5 ქულის აღება შეძლეს, რაც 36–ით ნაკლებია წინა ადგილზე მყოფი საჯინიბოს ქულების მარაგზე.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ფ1–ს ისეთი საშინელი სეზონის შემდეგ დავტოვებდი, როგორიც ახლახანს გადავაგორეთ. მაგრამ როცა გავიაზრე, რით შემიძლია დავეხმარო მაიკ კაფლენს, მარკ გილანს და ჯეისონ სომერვილს, გადავწყვიტე, რომ თუ დავრჩები, იგივე საქმის კეთება მომიწევდა, რაც ამათ უნდა გააკეთონ. ეს კი არც ჩემთვისაა საინტერესო და არც კომპანიას გამოადგება. და მეც წასვლა ვამჯობინე“, – ამბობს ჰედი, ვისაც სჯერა, რომ ჩატარებული რესტრუქტურიზაცია გუნდს კრიზისის დაძლევაში დაეხმარება. თუმცა, იმაშიც დარწმუნებულია, რომ სწრაფი აღმასვლა მოსალოდნელი არაა.

No comments:

Post a Comment