New BMW 6-Series Range Grows with the Addition of the Four-Door Gran Coupe
14 დეკემბერი
20 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ბეემვემ“ პეკინის ავტო შოუზე, მე–6 სერიის „გრან კუპეს“ კონცეპტუალური ვერსია წარადგინა და უკვე, ინტერნეტით გაავრცელა ინფორმაცია ამავე ავტომობილის საწარმოო ვერსიის შესახებ. ეს არის მე–6 სერიის კუპეს ოთხკარიანი ვერსია, რომლის დახმარებითაც, ბავარიელები კონკურენციას „მერსედეს–ბენცის“ CLS–ს, „აუდი A7 სპორტბეკს“ და „პორშე პანამერას“ გაუწევენ.
ახალი ავტომობილი, ორკარიანი მე–6 სერიის კუპესგან გარეგნულად ოდნავ განსხვავდება. მთავარი სიახლე ისაა, რომ „გრან კუპეს“ ოთხი კარი აქვს. სალონიც პრაქტიკულად იგივე დარჩა. საერთო ჯამში კი ავტომობილს ისევ დინამიური შესახედაობა აქვს, რასაც რეალობაში, მისი შესაძლებლობებიც ადასტურებს.
„მე–6 სერიის გრან კუპეს“ სიგრძე 5007 მილიმეტრია, რაც 102 მილიმეტრით მეტია „ბეემვე 550i–ს სიგრძეზე. სიგანე 1894 მილიმეტრია (550i–ზე 34 მილიმეტრით მეტი), სიმაღლე კი – 1392 მილიმეტრი (550i–ზე 72 მილიმეტრით ნაკლები და ორკარიან კუპეზე 27 მილიმეტრით მეტი). გარდა ამისა, ბორბლებს შორის ბაზა 2968 მილიმეტრია, ანუ ორკარიან კუპეზე 111 მილიმეტრით მეტი. ბაზის სიგრძის მომატება, პირველ რიგში, ორი კარის დამატებამ გამოიწვია და ეს სალონში სივრცის გაზრდაზეც აისახა. სამაგიეროდ, 550i–სთან შედარებით, 60 ლიტრით, 460 ლიტრამდე შემცირდა საბარგულის მოცულობა.
მყიდველს „მე–6 სერიის გრან კუპეს“ მხოლოდ სამი ძრავით შესთავაზებენ. რომელთაგან ორი ბენზინზე მუშაობს, ერთი კი – დიზელზე. მათგან ერთის ექვსცილინდრიანი (ერთ რიგში განლაგებული ცილინდრებით) 3.0–ლიტრიანი ტურბო, რომელიც 320 ცხენის ძალას იძლევა, მეორე კი – 4.4–ლიტრიანი ტურბო V8, რომელიც 450 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. პირველით ასის აკრეფა 5.4 წამში ესწრება, მეორით კი – 4.6 წამში.
რაც შეეხება დიზელს, ისიც 3.0–ლიტრიანი ექვსცილინდრიანია და მას წყვილი ტურბოდამჭირხნი ემსახურება, რომელთა დახმარებითაც, 313 ცხენის ძალას და 630 ნიუტონმეტრს (1500–2500 ბრ/წთ–ზე) გამოიმუშავებს. ამ ძრავითაც, ავტომობილის ასის აკრეფას 4.6 წამში ახერხებს. ამასთან, 100 კილომეტრის გასავლელად, მას 5.5–5.7 ლიტრი საწვავი ჰყოფნის, ყოველი კილომეტრის გავლისას კი ატმოსფეროში მხოლოდ 148 ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
სამივე ძრავთან მხოლოდ ერთი, 8–საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. ამასთან, სამივე შემთხვევაში, ავტომობილის მაქსიმალური სიჩქარე 250 კმ/სთ–ითაა შეზღუდული. „მე–6 სერიის გრან კუპეს“ ყველა ვერსია სისტემა სტოპ–სტარტით და კინეტიკური ენერგიის რეკუპერაციის სისტემითაა აღჭურვილი, რომელიც მუხრუჭების ენერგიას ითვისებს. V8 ძრავით აღჭურვილი მოდიფიკაციის ყიდვისას, მყიდველს სრულამძრავიანი ტრანსმისიის შეკვეთის შესაძლებლობაც ექნება.
ავტომობილის საბაზო აღჭურვილობაშ შედის სისტემა „დრაივინგ დინამიკს კონტროლი“, რომლის დახმარებითაც, შესაძლებელია საჭის მექანიზმის, სტაბილიზაციის სისტემის და აქსელერატორის, ასევე გადაცემათა კოლოფის რეგულირება. ავტომობილი ოთხ რეჟიმში მუშაობს. ესენია „კომფორტი“, „სპორტი“, „სპორტ+“ და „ეკო პრო“. მეოთხე შემთხვევაში, ის საწვავს ყველაზე ეკონომიურად მოიხმარს. ასევე შესაძლებელია ადაპტირებადი შუქდიოდური ფარების, პროექცირებადი დისპლეის, უკანა ხედვის კამერის, ღამით ხედვის კამერების, „მკვდარი ზონების“ მაკონტროლებელი მაკონტროლებელი სისტემის და უწყვეტი ხაზის უნებურად გადაკვეთის დროს გამაფრთხილებელი სისტემის შეკვეთა.
„მე–6 სერიის გრან კუპეს“ მსოფლიო პრემიერა მარტში, ჟენევის მოტორ შოუზე გაიმართება.
No comments:
Post a Comment