California man hopes to break 2,000-mph speed barrier
3 იანვარი
იყო დრო, როცა ავტომობილს ბევრი კრიტიკოსი ჰყავდა. ყველაზე ხშირად, ისინი უჩვეულოდ მაღალ (იმ დროისთვის) სიჩქარეს უფრთხოდნენ. ესაოდა, 56 კმ/სთ სიჩქარეც საკმარისია იმისათვის, რომ ჰაერის ნაკადმა ფილტვებში არსებული ჰაერი გაიწოვოს, რაც ასფიქსიას და სიკვდილს იწვევსო...
მაგრამ ასეთებს არავინ უსმენდა. ეგ კი არა, ავტოინდუსტრიასთან ერთად, ავტორბოლებიც სწრაფად განვითარდა, პარალელურად კი ბევრი იყო ისეთიც, ვინც სიჩქარის მსოფლიო რეკორდის დამყარებას თვლიდა თავისი ცხოვრების მიზნად. წლების განმავლობაში, სიჩქარის რეკორდმა წარმოუდგენელ ზღვარს მიაღწია და დღეს ის ბგერის სიჩქარეზე მეტია – 1227.986 კმ/სთ.
მაგრამ ზღვარი არც ესაა, რადგან მალე ბრიტანელები 1000–მილიან ზღვარს შეეჭიდებიან, ერთი კალიფორნიელი კი იქადნის, რომ 2000 მლ/სთ სიჩქარის განვითარებას შეძლებს. ამ კაცს ვალდო სტეიკსი ჰქვია, ის შტატ კალიფორნიის პატარა ქალაქ ეპლ ვალეიში ცხოვრობს. თანაც, თავის პროექტზე შინ მუშაობს და ყველაფერს პრაქტიკულად მარტო აკეთებს.
ვალდოს არც სპონსორი ჰყავს და არც პარტნიორი, რომელიც მას ტექნოლოგიების შემუშავებაში დაეხმარება. სპონსორი საკუთარი ხელფასია, ცოდნა კი საშუალოზე საშუალო აქვს – კოლეჯი შუა გზაზე მიუტოვებია. მაგრამ როცა ადამიანი მონდომებულია, მისთვის ბარიერებიც არ არსებობს. ვალდო ჩქაროსნული მანქანებით ბავშვობიდანაა დაინტერესებული და ის დამოუკიდბლად სწავლობდა მათს კონსტრუქციებს. და თავისი სარეკორდო ავტომობილისთვის, რომელსაც „სონიკ უინდ ლენდ სპიდ რისერჩ ვიიქლ“ (ზებგერითი ქარი, ხმელეთის სიჩქარის საკვლევი მანქანა) უწოდა, უკვე მოიპოვა ორი სარაკეტო ძრავი XLR99, რომელთა მსგავსებითაც ექსპერიმენტული რაკეტისძრავიანი თვითმფრინავი X–15 იყო აღჭურვილი.
როდის აპირებს თავისი სანუკვარი მიზნის მიღწევას, ამაზე ჯერჯერობით სტეიკსი არაფერს ამბობს – რაც უნდა იყოს, სერიოზული ფინანსური დახმარების გარეშე, ეს ცოტა ძნელი წარმოსადგენიც კია. სხვა თუ არაფერი, ბრიტანულ პროექტ „ბლადჰაუნდ SSC–ზე“, რომელსაც სიჩქარის ახლანდელი მფლობელის, რიჩარდ ნოუბლის გუნდი ამუშავებს, 15 მილიონი დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი...
No comments:
Post a Comment