Thursday, January 19, 2012

„ტოიოტას“ უნივერსალ „პრიუსზე“ სოლიდური მოთხოვნა აქვს

New Toyota Prius V Minivan Sales Off to a Good Start in the States
19 იანვარი

ჯერ მხოლოდ სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც „ტოიოტამ“ ამერიკულ ბაზარზე ჰიბრიდული „პრიუსის“ უნივერსალისძარიანი ვერსიის (პრიუს v) გაყიდვა დაიწყო და ის უკვე „შევროლეს“ პლაგ–ინ ჰიბრიდულ ელექტრომობილ „ვოლტზე“ მეტი გაჰყიდა, რომელიც უკვე ერთი წელია, იყიდება.

„ტოიოტას“ პრესმდივანი ქერლი შაფნერი ამბობს, რომ ოქომბრის ბოლო კვირიდან მოყოლებული, იაპონურმა კომპანიამ 8 399 ცალი ჰიბრიდული უნივერსალი გაჰყიდა. შედარებისთცვის, „ჯენერალ მოტორსმა“ შარშან მხოლოდ 7 671 ცალი „შევროლე ვოლტის“ გაყიდვა შეძლო.
ცნობისათვის, „პრიუს v“ 26,400 დოლარი ღირს, ჩვეულებრივ „პრიუსზე“ ოდნავ მეტი. „შევროლე ვოლტის“ ღირებულება კი 39 145 დოლარია. ოღონდ, ამ თანხას აკლდება 7 500 დოლარი, თანხა, რომელიც აშშ–ის მთავრობას, ეკოლოგიური ავტომობილების მყიდველებისთვის შეღავათად აქვს დაწესებული.
„ტოიოტას“ წელს მარტო შეერთებული შტატების ბაზარზე, „პრიუსის“ სახელის მქონე 220 000 ცალი ჰიბრიდული ავტომობილის გაყიდვა აქვს დაგეგმილი, რაც შარშანდელ მაჩვენებელზე 60 პროცენტით მეტია. გაყიდვების ასეთ ზრდას ხელი „პრიუსების“ ოჯახის მომრავლებამ უნდა შეუწყოს. ჰეჩბეკ და უნივერსალ „პრიუსების“ გარდა, გამაში ასევე შედის სუბკომპაქტური „პრიუს c“, რომლის გაყიდვებიც მალე დაიწყება და პლაგ–ინ ჰიბრიდული „პრიუსი“.
როგორც ცნობილია, შარშან „ჯენერალ მოტორსი“ 10 000 ცალი პლაგ–ინ ჰიბრიდული „შევროლე ვოლტის“ გაყიდვას გეგმავდა, თუმცა ამ გეგმის შესრულება ვერ შესძლო, რადგან დილერების შეუფერხებლად მომარაგებას ვერაფრით ახერხებდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ამერიკულმა კომპანიამ, თავის დილერებს საჩვენებელი „ვოლტების“ გაყიდვის უფლებაც კი მისცა, რამაც გაყიდვების ტემპი გაზარდა, თუმცა ამით საქმე მაინც ვერ გამოსწორდა. ბოლოს კი „შევროლე ვოლტს“ სახელი იმ სამმა ხანძარმა გაუტეხა, რომლებიც ნაავარიებ „ვოლტებს“, ავარიიდან სხვადასხვა დროის შემდეგ უჩნდებოდა.
შარშან, ამერიკის ბაზარზე ჰიბრიდულ ავტომობილებს 2.2 პროცენტი ეკავა. არადა, წინა წელს, წილი 2.4 პროცენტი იყო. კლების მიზეზი „პრიუსის“ მიწოდების შეფერხება გახდა, რაც თავის მხრივ, იაპონიაში მომხდარმა სტიქიამ განაპირობა. ცნობისათვის, „პრიუსზე“ ამერიკის ბაზარზე გაყიდული ჰიბრიდული ავტომობილების ნახევარი მოდის. პრიუსის გარდა, „ტოიოტა“ ამერიკაში სხვა ჰიბრიდულ ავტომობილებსაც ჰყიდის. ესენია ჰიბრიდული „ქემრი“ და „ლექსუს CT200h“.
დასახული გეგმა ვერც „ნისანმა“ შეასრულა. იაპონური კომპანია ამერიკაში 10–12 ათასი ელექტრომობილ „ნისან ლიფის“ გაყიდვას გეგმავდა, თუმცა მხოლოდ 9 241 ცალის რეალიზება შეძლო. ამის მიზეზიც იაპონიაში მომხდარი კატასტროფები გახდა.
„პრიუს v“ ჰეჩბეკისძარიან „პრიუსზე“ მძიმე მანქანაა. 100 კილომეტრის გასავლელად მას 5.6 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. ჩვეულებრივ „პრიუსს“ იმავე მანძლის გასავლელად 4.7 ლიტრი ბენზინი ჰყოფნის. რაც შეეხება „ვოლტს“, მარტო ელექტროენერგიის ხარჯზე გადაადგილებისას, მას საწვავი არ სჭირდება, თუმცა ასე მხოლოდ 50 კილომეტრის გავლა შეუძლია. როცა ენერგიის წყაროდ აკუმულატორებს და შიდაწვის ძრავს იყენებს, მისი ხარჯი 100 კილომეტრზე 2.5 ლიტრია, მარტო შიდაწვის ძრავის მიერ გამომუშავებული ენერგიით გადაადგილებისას კი ხარჯი 6.3 ლიტრს აღწევს.

No comments:

Post a Comment