Nasser Al-Attiyah sure he can still win 2012 Dakar Rally despite gap to front
8 იანვარი
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე დაკარის ლიდერ სტეფან პეტერანსელს თითქმის 43 წუთით ჩამორჩება, შარშანდელი დაკარის გამარჯვებული, „ჰამერით“ მოასპარეზე ყატარელი ნასერ ალ–ატია იხტიბარს არ იტეხს და ამბობს, რომ გამარჯვების შანსი ჯერაც აქვს და მის გამოსაყენებლად იბრძოლებს.
პირველ ეტაპებზე, ალ–ატიას მანქანამ ბევრი პრობლემა შეუქმნა და ამდენს რომ აგებს, სწორედ ამ პრობლემების ბრალია. თუმცა, მეშვიდე ეტაპის მოგებით, მან დაამტკიცა, რომ ერთ–ერთი უსწრაფესია და სჯერა, რომ ამ სისწრაფის წყალობით, მარათონული რბოლის ზედიზედ მეორედ მოგებას მოახერხებს.
„ახლა ჩვენი მიზანი ისაა, რომ ყოველ ეტაპზე, მინიმუმ შვიდი წუთი ამოვქაჩოთ. დღეს სწორედ ეს შევძელით და ვეცდებით, ყოველ მომდევნო ეტაპზეც იგივე გავიმეოროთ, ანუ კიდევ უკეთესი შედეგი ვაჩვენოთ. თუ დაკარის მოგება გვინდა, სხვა გზა არც გვაქვს“, – ამბობს ყატარელი მრბოლი.
გუნდის შეფს, ამერიკელ მრბოლ რობი გორდონს, ვისაც საერთო ჩათვლაში მესამე ადგილი უკავია, იმედი აქვს, რომ ალ–ატია შეძლებს ჩამორჩენის აღმოფხვრას და გამარჯვებას. არადა, თავად პეტერანსელს მხოლოდ 13 წუთით ჩამორჩება: „დარწმუნებული ვარ, ნასერი ამ რბოლის მოგებას შეძლებს. გასაგებია, რომ სხვები ჯერაც წინ არიან, მაგრამ რბოლის დარჩენილი ეტაპები ჩვენს მანქანებს უკეთ მიესადაგება, რაც იმედს გვისახავს“, – ამბობს გორდონი.
No comments:
Post a Comment