Hummers of Nasser Al-Attiyah and Robby Gordon fly on Dakar stage seven
8 იანვარი
მე–6 ეტაპის გაუქმების გამო, დაკარის მონაწილეებს რიგგარეშე დასვენება გამოუვიდათ, რის შემდეგაც მათ ჩილეს ანდებში განაგრძეს გზა. მე–7 ეტაპზე ყველაზე სწრაფები „ჰამერით“ მოასპარეზე ყატარელი ნასერ ალ–ატია და ამერიკელი რობი გორდონი იყვნენ, ფრანგმა სტეფან პეტერანსელმა კი მარათონის ლიდერობა შეინარჩუნა.
მე–7 ეტაპი ქალაქ კოპიაპოს გარშემო ჩატარდა. დაკარის მოქმედმა ჩემპიონმა ალ–ატიამ უახლოეს მდევარს, თავისი გუნდის შეფ გორდონს შვიდწუთნახევრით აჯობა. ამერიკელს რბოლის დასაწყისში საბურავი დაუზიანდა, რის გამოც დრო დაკარგა, თუმცა ფინიშთან მაინც მეორე შედგით მივიდა.
ამ გამარჯვებით, ალ–ატიამ ორი ადგილით წინ წაიწია და ახლა მას მე–6 ადგილი უკავია. ლიდერს კი თითქმის 43 წუთით ჩამორჩება.საერთო კლასიფიკაციაში ერთი ადგილით წინ წაიწია გორდონმაც, რომელმაც ესპანელი ნანი რომა ჩამოიტოვა. იმ დროს, როდესაც დაზიანებულ საბურავს ცვლიდა, ამერიკელს პეტერანსელმა ჩაუქროლა, თუმცა მოგვიანებით, „ჰამერზე“ ამხედრებულმა გორდონმა მაინც შესძლო მისი გასწრება.
ფრანგმა მოგვიანებით განაცხადა, რომ „ჰამერის“ გამოდევნება სცადა, თუმცა უსწორმასწორო გზაზე ორჯერ ლამის ამოყირავდა, რის შემდეგაც ამერიკელის დევნაზე ხელი აიღო. მისი თქმით, ეს ეტაპი ზორბა „ჰამერებისთვის“ უფრო მოსახერხებელი იყო, ვიდრე მისი „მინისთვის“, რომელსაც დიდი წინაღობების პირდაპირ გავლა არ შეეძლო და ამიტომ, მათი შემოვლა უწევდა.
კვირას დაკარის მონაწილეებს გეგმიური პაუზა აქვთ, რის შემდეგაც ისინი კვლავ ძნელ გზას დაადგებიან.
კლასიფიკაცია 7 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 15:32:53
2. კრჟიშტოფ ჰოლოვჩიკი (პოლონეთი, მინი) + 11:22
3. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 13:09
4. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 18:05
5. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 34:07
6. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი) + 42:54
7. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 54:26
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ უოლი) + 1:12:50
9. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 1:41:38
10. ერიკ ფან ლოონი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 1:48:39
No comments:
Post a Comment