Robert Kubica injures leg in fall
12 იანვარი
რობერტ კუბიცას ფორმულა ერთში დაბრუნება ალბათ კიდევ გადაიდება – პოლონელი პილოტი თავის სახლთან ახლოს დაცემულა და მარჯვენა ფეხზე მოტეხილობა გახსნია. ეს ფეხი და მარჯვენა ხელი მას შარშან, რალის რბოლისას მომხდარ ავარიაში მძიმედ დაუზიანდა, რის გამოც, რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა.
კუბიცას პიეტრასანტაში (ტუსკანის რეგიონი, იტალია), სადაც ცხოვრობს, ყინულზე ფეხი გაუცურდა და დაეცა. ინციდენტის შემდეგ ის ფეხში ტკივილებს უჩიოდა, რის გამოც, ჰოსპიტალს მიაშურა. დიაგნოზი ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არაა, თუმცა ბრიტანულმა გამოცემა „ავტოსპორტმა“ შეიტყო, რომ კუბიცას მარჯვენა ფეხზე წვივის დიდი ძვლის მოტეხილობა გაეხსნა.
ეს ამბავი ჯერ გახმაურებული არ იყო, რომ „ფერარიმ“ უარყო გავრცელებული ხმები, რომელთა თანახმადაც, კუბიცას პირველი ტესტებისთვის საკუთარ მანქანას (არა ახალს) დაუთმობდა. „ავტოსპორტი“ კი წერს, რომ მომხდარი ინციდენტის გამო, კუბიცას დაბრუნება მინიმუმ სამი კვირით გადაიდება.
„კუბიცასთვის სატესტოდ მანქანის მიცემა ჩვენს გეგმებში არ შედის. ის მართლაც შესანიშნავი მრბოლია, მაგრამ ძალიან მძიმე ტრავმები მიიღო და ჯერაც ნორმალურ ცხოვრებას არ დაბრუნებია. ამიტომ, ჯერ მოცდას ვამჯობინებთ. ამ ტიპის ტრავმების მოსარჩენად დიდი დროა საჭირო. ჩვენ ჯერ დავაკვირდებით მისი გამოჯანმრთელების პროცესს და გადაწყვეტილებას მერე მივიღებთ. ამჟამად კი რაიმეს გადაჭრით თქმა შეუძლებელია“, – განაცხადა იტალიური საჯინიბოს შეფმა სტეფანო დომენიკალიმ.
No comments:
Post a Comment