FIA clarifies defensive-driving regulations for 2012 Formula 1 season
4 იანვარი
საერთაშორისო საავტომობილო ფედერაციის (FIA) მოტორ სპორტის მსოფლიო საბჭომ, ფორმულა ერთის ახალი რეგლამენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ორი მნიშვნელოვანი სიახლეა შეტანილი. საბოლოოდ აიკრძალა ეგრეთ წოდებული ჩასაბერი დიფუზორების გამოყენება. ამასთან, განისაზღვრა წესი, რომელიც პოზიციის დამცველი პილოტის ქმედებებს ზღუდავს.
მომავალი სეზონიდან, ჩასაბერ დიფუზორს ვეღარავინ გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ მისი მოქმედება გამონაბოლქვი აირის წნევის გამოყენებას ითვალისწინებს. კერძოდ, აქსელერატორიდან ფეხის აღების შემდეგაც, ძრავი ბრუნთა მაღალ რიცხვზე მუშაობას აგრძელებდა, რისი წყალობითაც, გამონაბოლქვი აირის ჭავლი მაღალ წნევას ინარჩუნებდა. ამ ჭავლის სპეციალურ აეროდინამიკურ დეტელებზე მიმართვის შედეგად კი შესაძლებელი იყო დაბალი სიჩქარით მოძრაობისას, ბორბლების აეროდინამიკური დატვირთვის გაზრდა. ამგვარად, მანქანა მოსახვევის უფრო მაღალი სიჩქარით გავლის საშუალებას იძლეოდა.
რეგლამენტით განისაზღვრა გამოსაბოლქვი სისტემის გეომეტრიაც. ამიერიდან, გამოსაბოლქვი მილის (როგორც წესი, მილების) ბოლო 10–სანტიმეტრიანი სეგმენტი, მანქანის საბაზო სინბრტყიდან (მუცლიდან) 250–600 მილიმეტრიან დიაპაზონში უნდა მდებარეობდეს. ამასთან, ეს მილები მანქანის გრძივი ღერძიდან 200–500 მილიმეტრიან დიაპაზონშიც უნდა მოექცეს. გამოსაბოლქვი მილი კი უნდა მთავრდებოდეს უკანა ბორბლების ღერძიდან მინიმუმ 500 და მაქსიმუმ 1200 მილიმეტრის დაშორებით.
იმისათვის, რომ რეგლამენტით მანიპულირება გამოირიცხოს, ახალი წესით, ძრავი აქსელერატორის მდგომარეობის შეცვლას 0.05 წამში უნდა პასუხობდეს. ამასთან, ძრავის მართვის ელექტრონულ სისტემაში, სულ სამი რეჟიმის პროგრამის შეყვანა შეიძლება. ეს რეჟიმები სლიკ, საშუალო საწვიმარ და საწვიმარი საბურავების გამოყენების შემთხვევებში იცვლება.
რაც შეეხება თავდაცვის წესს, ის ადრეც მოქმედებდა (ეგრეთ წოდებული ერთი მანევრის წესი), თუმცა თუ გამსწრები ვერ მოახერხებდა პირველი ცდით გასასწრებთან გვერდში ამოდგომას, მაშინ ამ უკანასკნელს ტრასის მთელი სიგანის გამოყენების უფლება ჰქონდა. კერძოდ, მოსახვევის წინ, მას ოპტიმალურ ტრაექტორიაზე დაბრუნება, ანუ ტრასის გარე კიდეზე (ვთქვათ, მარცხენა მოსახვევში შესვლისას, ტრასის უკიდურეს მარჯვენა კიდეზე) გადასვლა შეეძლო.
ახალი რეგლამენტით, ეს აღარ შეიძლება. თუ თავდაცვითი მანევრირების შემდეგ, მრბოლი ნორმალურ ტრაექტორიას უბრუნდება, მან ტრასის კიდსა და თავის მანქანას შორის იმდენი ადგილი უნდა დატოვოს, რომ გამსწრებ მანქანას იქ გავლა შეეძლოს. ამგვარად, გამსწრებ მრბოლს საშუალება ექნება, მოსახვევში შესვლისას უკეთესი პოზიცია დაიკავოს, რაც მას მოსახვევიდან უფრო მაღალი სიჩქარით გამოსვლის საშუალებას მისცემს და შემდგომ სწორზე უპირატესობას მისცემს.
რეგლამენტში კიდევ ერთი ცვლილებაა, რომელიც ტრასაზე პეისკარის გამოსვლისას, ჩამორჩენილ მრბოლებს, ლიდერის წრეზე დაბრუნების უფლებას აძლევს (რაც ნიშნავს, რომ მას ლიდერის და პეისკარის გასწრება შეუძლია, ანუ, წრეზე ჩამორჩენას აღმოფხვრის). ოღონდ, მათ ამის უფლება მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ ბოქსში მაშინვე შევლენ, როგორც კი პელოტონს სათავეში უსაფრთხოების მანქანა ჩაუდგება. ვინც ბოქსში შესვლას დააგვიანებს, ლიდერის წრეზე დაბრუნების უფლებას დაკარგავს. მას შემდეგ კი, რაც პეისკარის უკან მიმავალ პელოტონს დაეწევა, მის კუდში დაიკავებს ადგილს. ამ წესს აქვს ერთი განმარტება – წრეზე ჩამორჩენილებს ლიდერის და პეისკარის გასწრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებათ, თუ ქრონომეტრაჟის მონიტორზე გამოჩნდება წარწერა: „წრეზე ჩამორჩენილებს გასწრება შეუძლიათ. თუ რბოლის ხელმძღვანელი ჩათვლის, რომ ტრასაზე საკმარისი უსაფრთხოება არ არის, მაშინ მონიტორზე დაწერს: „წრეზე ჩამორჩენილებს გასწრება არ შეუძლიათ“.
No comments:
Post a Comment