Stephane Peterhansel takes Dakar lead after Nasser Al-Attiyah suffers lengthy delay
4 იანვარი
სტეფან პეტერანსელმა დაკარის რბოლის მეოთხე ეტაპი მოიგო და კლასიფიკაციასაც ისევ სათავეში მოექცა. „მინის“ სარბოლი ავტომობილით მოასპარეზე ფრანგმა, ვისაც დაკარის რბოლა (ორი და ოთხი ბორბლით) ცხრაჯერ აქვს მოგებული, ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით ჩამოიტოვა და თუ სამი ეტაპის შემდეგ, ლიდერს თითქმის სამი წუთით ჩამორჩებოდა, ახლა უახლოეს მდევარს, სამხრეთაფრიკელ გინიელ დე ვილიერსს თითქმის 6 წუთს უგებს.
ერთადერთი მრბოლი, რომელიც პეტერანსელს 6 წუთზე ნაკლებით ჩამორჩა, არგენტინელი ორლანდო ტერანოვაა, რომელიც საერთო კლასიფიკაციაში ათეულს მიღმა იმყოფება. არადა, რბოლის დიდი ნაწილის განმავლობაში, ყველაზე სწრაფი დაკარის შარშანდელი ჩემპიონი ნასერ ალ–ატია იყო.
ყატარელმა ლიდერობა პირველივე საკონტროლო პუნქტის გავლის შემდეგ იგდო ხელთ, მაგრამ ფინიშამდე 40 კილომეტრი რომ რჩებოდა, მისი „ჰამერი“ გაჭირვეულდა, რამაც ალ–ატიას 15 წუთი დააკარგვინა. ამის მიუხედავად, მოქმედმა ჩემპიონმა ეტაპი მაინც მეშვიდე შედეგით დაასრულა, კლასიფიკაციაში კი მეშვიდე ადგილზე გადაინაცვლა და ლიდერს უკვე ნახევარი საათით ჩამორჩება.
ალ–ატიას მსგავსად, ბევრი დრო დაკარგა მისი გუნდის შეფმა, ამერიკელმა რობი გორდონმა. რომელიც კარგა ხანს მეორე ადგილს ინარჩუნებდა, ახლა კი ლიდერს 16 წუთზე მეტით ჩამორჩება. მეოთხე ეტაპის შემდეგ, მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდა პოლონელი კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი, ვინც სამი ეტაპის ჯამში ლიდერი იყო, თუმცა ახლა თანაგუნდელ პეტერანსელთან 8 წუთზე მეტს აგებს.
კლასიფიკაცია 4 ეტაპის შემდეგ
1. სტეფან პეტერანსელი (საფრანგეთი, მინი) 9:43:20
2. გინიელ დე ვილიერსი (სამხ. აფრიკა, ტოიოტა) + 5:41
3. ნანი რომა (ესპანეთი, მინი) + 6:44
4. კრჟიშტოფ ჰოლოვჟიჩი (პოლონეთი, მინი) + 8:10
5. რობი გორდონი (აშშ, ჰამერი) + 16:23
6. ლეონიდ ნოვიცკი (რუსეთი, მინი) + 26:25
7. ნასერ ალ–ატია (ყატარი, ჰამერი) + 30:44
8. კარლოს სოუსა (პორტუგალია, გრეიტ ოული) + 30:45
9. ლუსიო ალვარესი (არგენტინა, ტოიოტა) + 33:11
10. ერიკ ვევერსი (ჰოლანდია, მიცუბიში) + 36:42
No comments:
Post a Comment