„კატერჰემის“ ტექნიკური დირექტორი მაიკ გასკოინი ამბობს, რომ დროა, მისმა გუნდმა ერთი ნაბიჯით წინ წაიწიოს. მას წინასწარ უჭირს იმის თქმა, თუ როგორი იქნება ახალი მანქანა ტრასაზე, თუმცა პროგრესის იმედი მაინც აქვს:
„ვფიქრობ, პირველ ტესტებს და მათ დროს მიღებულ მონაცემებს უნდა დაველოდოთ, რათა გავიგოთ, რისი უნარი აქვს მას. დღეს კი ხელთ მხოლოდ რიცხვები სიმულატორზე ტესტებიდან მიღებული მონაცემები გვაქვს, რომლებიც იმედს გვისახავს. მაგრამ ეს ჯერ არაფერს ნიშნავს – ყველა გუნდი ცდილობს წინსვლას და პროგრესი მათაც ექნებათ. შარშან მეათე ადგილი დავიკავეთ, რაც ჩვენი მიზანი იყო. ახლა კი დროა, წინ წავიწიოთ.
"კატერჰემ CT01–ის" მთავარი სიახლე, მისი იხვნისკარტასებრი ცხვირია, რაც მანქანას ძლიერ ამახინჯებს, თუმცა გასკოინი ამბობს, რომ ახალი რეგლამენტის მოთხოვნების გამო, ასეთ კონსტრუქციას სხვა მანქანებზეც ვნახავთ. რეგლამენტის მიხედვით, ბოლიდის ცხვირის წვერი გზის საფარიდან მაქსიმუმ 55 სანტიმეტრის სიმაღლეზე შეიძლება იყოს. კოკპიტის წინა ტორსის მაქსიმალური სიმაღლის ზღვარი კი 62.5 სანტიმეტრია.
„რეგლამენტი მანქანის ცხვირის კონსტრუქციის სიმაღლეს ზღუდავს, რაც უსაფრთხოების მოთხოვნებითაა განპირობებული. ჩვენი გამოწვევა ის იყო, რომ შასი რაც შეიძლება აწეული ყოფილიყო, რათა მის ქვეშ, ჰაერის დიდი ნაკადის შესვლა შეიძლებოდეს. ასე მანქანის მდგრადობა და აეროდინამიკური მახასიათებლები უმჯობესდება. და რასაც ხედავთ, ეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ჩვენეული ხედვაა. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ახალი მანქანა გაჩვენეთ. მაგრამ ცოტაც დაელოდეთ და მსგავს კონსტრუქციას სხვა მანქანებზეც ნახავთ“, – დასძენს გასკოინი.
ტექნიკური დირექტორი ამბობს, რომ "კატერჰემ CT01–მა“ FIA–ში ჰომოლოგიზაცია შობამდე. ამასთან, ყველანაირი ქრეშ ტესტებიც გაიარა და ტესტებისთვის სრულ მზადყოფნაშია.
ჰეიკი კოვალაინენი CT01–ში |
დაბოლოს, "კატერჰემ CT01–ის“ შასი მთლიანად „კატერჰემის“ მიერაა შემუშავებული. სამაგიეროდ, ავტომობილი „რენოს“ ძრავით და სისტემა კერს–ით აღიჭურვა. პარალელურად, გუნდს გადაცემათა კოლოფით და ჰიდრავლიკური სისტემით „რედ ბულ რეისინგი“ ამარაგებს.
მოკლედ, საჩემპიონო ინგრედიენტები სახეზეა, როგორი იქნება საქმეში მწვანე და ყვითელ ფერებში გამოწყობილი „იხვნისკარტა“, ამას პირველივე ტესტები გვიჩვენებს...
No comments:
Post a Comment