DC Design Avanti is India’s First Sports Car, will Enter Production in 2013
7 იანვარი
ინდური საავტომობილო ინდუსტრია განვითარების შედარებით დაბალ დონეზეა. ის მსოფლიოში იმითაა ცნობილი, რომ ამ ქვეყანაში მსოფლიოში ორ უიაფეს ავტომობილს – „ტატა ნანოს“ და „ბაჟაჟ RE60–ს“ აწარმოებენ. მაგრამ ახლახანს საავტომობილო სამყარომ ინდური ავტოინდუსტიისგან ახალი სიურპრიზი მიიღო და ეს არაა მორიგი იაფი ავტომობილი, არამედ სპორტკუპე „ავანტი“, რომელიც კომპანია „DC დიზაინმა“ ნიუ დელის ავტო ექსპოზე წარადგინა.
„DC დიზაინის“ დამფუძნებელია „ჯენერალ მოტორსის“ ყოფილი დიზაინერი დილიპ ჩჰაბრია. ეს კომპანია აქამდე მხოლოდ ერთჯერად პროტოტიპებს ამზადებდა. მაგრამ ამჯერად ავტომობილების წარმოებაც გადაწყვიტა – „ავანტი“ წარმოებისთვის მომზადებული ავტომობილია, რომლის გამოშვებასაც ინდური კომპანია თავის უახლეს საწარმოში გეგმავს.
„ყოველი ქვეყანა, რომელიც ავტომობილებს აწარმოებს, სპორტულ მოდელებს საკუთარი შესაძლებლობებით აწარმოებს. და ვფიქრობ, ინდოეთი ამ ექსკლუზიური კლუბის წევრი აუცილებლად უნდა გახდეს. „ავანტის“ დიზაინიც და აღჭურვილობაც, ისევე როგორც მისი წარმოების ტექნოლოგია, მხოლოდ ინდოელი ინჟინრების მიერაა შემუშავებული. მალე მის საგზაო ტესტირებასაც შევუდგებით“, – ამბობს ჩჰაბრა.
მისივე თქმით, 2013 და 2014 წლებში, მისი კომპანია მხოლოდ 300 ცალი „ავანტის“ წარმოებას აპირებს. თუმცა, თუ ამ ავტომობილზე კარგი მოთხოვნა იქნა, წარმოება ოთხნიშნა რიცხვამდე გაიზრდება. ჩჰაბრა ამბობს, რომ სუპერ ავტომობილზე მუაობისას, მისი კომპანიის მიზანს „ავტომობილის თავიდან გამოგონება არ წარმოადგენდა. ამიტომ, მცირესერიული წარმოების მქონე ბევრი სხვა ცნობილი კომპანიის მსგავსად, „DC დიზაინმა“ თავის ავტომობილში სხვადასხვა კომპანიების წარმოების აგრეგატები და მაკომპლექტებლები გამოიყენა. უპირველესად, ეს ძრავს, კოლოფსა და საკიდარს ეხება.
„ავანტი“ მსუბუქ, თუმცა მტკიცე სივრცულ ჩარჩოს ეყრდნობა, რომელიც მეტწილად ფოლადის მილებისგანაა შეკრული. წინაც და უკანაც, საკიდარში სხვადასხვა ზომის განივად განლაგებული ბერკეტებია გამოყენებული. მანქანა 19–დუიმიან ბორბლებზე დგას, რომლებიც 255/35 (წინ) და 295/30 (უკან) ბორბლებითაა შემოსილი. მუხრუჭები „AP რეისინგისაა“ და ისინი 330–მილიმეტრიან დისკოებს ეყრდნობა.
ინდურმა კომპანიამ თავისი სპორტული ავტომობილი „ფორდის“ წარმოების 2.0–ლიტრიანი ტურბო ძრავით (სერია ეკობუსტი) აღჭურვა, რომელიც ბაზაშია განლაგებული. ძრავის სიმძლავრე 220 ცხენის ძალა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი 366 ნიუტონმეტრია. ძრავი ევრო5 ტექნიკურ რეგლამენტს შეესაბამება და მისი კომპიუტერული უზრუნველყოფა იმის საშუალებასაც იძლევა, რომ ევრო6 სტანდარტიც დააკმაყოფილოს.ამიტომ, ის ევროპაში ექსპორტისთვისაც გამოდგება.
ძრავთან „ფორდსვე“ წარმოების 6–საფეხურიანი მექანიკური კოლოფია შეწყვილებული, რომელიც წამყვანი ძალით უკანა ბორბლებს ამარაგებს. ამასთან, შესაძლებელი იქნება ორდისკოიანი ქუროთი და ავტომატური კოლოფით აღჭურვილი „ავანტის“ შეკვეთაც. ამ აგრეგატებით აღჭურვილი ავტომობილი საკმაოდ მძიმე გამოვიდა – 1562 კილოგრამს იწონის. მისი ფასი კი დაახლოებით 30 ლაკჰი, დაახლოებით 56 ათასი დოლარი ეღირება.
ჩჰაბრა ამბობს, რომ მომავალში „ავანტი“ შეიძლება „ჰონდას“ წარმოების V6 ტურბო ძრავითაც აღჭურვოს, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალა იქნება. ამ აგრეგატით, ავტომობილს გაცილებით უკეთესი დინამიკური მაჩვენებლები ექნება, თუმცა უფრო ძვირიც ეღირება.
No comments:
Post a Comment