F1 exhaust changes no big blow for McLaren
4 თებერვალი
„მაკლარენის“ ტექნიკური შტაბი დარწმუნებულია, რომ ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვით გამოწვეულ აეროდინამიკურ დანაკარგებს აღიდგენენ და მათი მანქანა კვლავ კონკურენტუნარიანი იქნება. ახალი წესებით, გუნდებს გამოსაბოლქვის ფორმები და განლაგება რეგლამენტირებული აქვთ. კერძოდ, გამოსაბოლქვი მილი უნდა იყოს ოვალური და ის მანქანის ძირისადმი გარკვეული კუთხით, ზევით უნდა „იყურებოდეს“.
ასევე აიკრძალა ძრავის მართვის ელექტრონული სისტემის პროგრამა, რომელიც მუხლა ლილვის მაღალ ბრუნთა რიცხვებს ინარჩუნებს და ძრავიდან ნამუშევარი აირის მაღალი წნევით გამოტყორცნას უზრუნველყოფს. სწორედ ასეთი პროგრამის წყალობით იყო შესაძლებელი ჩასაბერი დიფუზორის მაქსიმალური ეფექტის მიღება მაშინაც კი, როდესაც მანქანა მოსახვევში შედიოდა და მას ძრავის მაქსიმალურად დატვირთვა არ სჭირდებოდა.
„ახალი შეზღუდვები დაგვიწესეს. განგვისაზღვრეს, სად და რა კუთხით შეიძლება განვალაგოთ გამოსაბოლქვი მილი. მთავარია, ის შედარებით მაღლა, დიფუზორისგან რაც შეიძლება შორს მოთავსდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, გამონაბოლქვი გაზები მაინც იმუშავებს. მათ ვერ აკრძალავენ. ის მაღალი წნევით გამოდის ძრავიდან და რეაქტიულ გამწევ ძალას წარმოქმნის, რითაც ავტომობილი უფრო სწრაფი ხდება. ასე რომ, რჩება მცირე საშუალება იმისა, რომ გამონაბოლქვს მაინც გამოვიყენებთ. ეს საშუალება ძალიან შემცირდა, თუმცა ჩვენ ბევრი ვიფიქრეთ იმაზე, რომ ეს რესურსი მაქსიმალურად გამოგვეყენებინა“, – ამბობს „მაკლარენის“ ტექნიკური დირექტორი პადი ლოუ.
„მაკლარენის“ მანქანა გამოირჩევა იმით, რომ უკანა ნაწილში წანაზარდები აქვს, რომლებშიც გამოსაბოლქვი მილებია მოთავსებული. გუნდის საინჟინრო შტაბის დირექტორი ტიმ გოსი ამბობს, რომ ახალ მანქანაზე მუშაობისას, ინჟნირების ამოცანა იყო, მანქანის უკანა ნაწილში, „ჩაუბერავი“ ეფექტი მიეღოთ. პრეზენტაციაზე მას ჰკითხეს, დაახლოებით ჩაჭიდების რა პროცენტული ნაწილი დაკარგა ახალმა მანქანამ წინამორბედთან შედარებით, რაზეც უპასუხა:
„ჩვენ მიზნად დავისახეთ, იმ დანაკარგების დიდი ნაწილი აგვენაზღაურებინა, რაც ჩასაბერი დიფუზორის აკრძალვამ გამოიწვია. რა თქმა უნდა, მანქანის საბაზისო მახასიათებლები გაუარესდებოდა. გასული სეზონის ბოლოს ხომ ჩასაბერი დიფუზორისგან მაქსიმალური ეფექტი მივიღეთ, რისი წყალობითაც, ჩვენი მანქანა უსწრაფესი იყო. მაგრამ ახალ სეზონში, ამ შრომის ნაყოფს ვეღარ მივიღებთ. არ მინდა, რიცხვებზე ვილაპარაკო, მაგრამ ამ მანქანაზე მუშაობისას, ძალიან ამბიციური მიზნები დავისახეთ და ვფიქრობ, ამჯერადაც ძალიან კონკურენტუნარიანი მანქანა შევქმენით“.
No comments:
Post a Comment